ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, ნანა ფაჩუაშვილის საიუბილეო საღამო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. მსახიობმა ითამაშა ნაწყვეტები სპექტაკლებიდან, აჩვენეს დოკუმენტური ფილმი "მე და ჩემი 88 ანარეკლი", რომელიც მსახიობის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა (2 იანვარს გახდა 80 წლის) და ის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო.
რამდენიმე კვირის წინ, "საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ", კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ნანა ფაჩუაშვილს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია გადასცა. მას მიღებული აქვს სახალხო და საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი... შარშან გადაეცა ჯილდო საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ეს პრიზი პირველად პატრიარქს გადასცეს, შემდეგ ნონა გაფრინდაშვილს და ნანი ბრეგვაძეს.
"პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ საღამოთი კმაყოფილია. ყვავილებისა და საჩუქრების ზღვას არ ელოდა და დასძენს, რომ ცხოვრებას შვილიშვილები და შვილთაშვილები აგრძელებინებენ...
ნანა ფაჩუაშვილი: - ჩემზე დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა ნიკა წულუკიძეს ეკუთვნის. თუმცა შემდეგ ეს იდეა საზოგადოებრივმა არხმა განახორციელა. გუშინ, ამ ლამაზ საღამოზე, ვითამაშე ნაწყვეტი სპექტაკლიდან, სადაც ჩემს გმირს, დარეჯან ცბიერს აქვს სათქმელი, რომელიც დღესაც აქტუალურია... ნაჩვენები იყო ჩემი ფოტოები და ნაწყვეტები როლებიდან.
ჩემს შვილიშვილს ვუთხარი, თითო ყვავილი უყიდე ბავშვებს, ანუ ჩემს შვილთაშვილებს, რომ სცენაზე ამომიტანონ-მეთქი. არ ველოდი ამდენ ყვავილს, საჩუქრებს და სითბოს. იმდენი თაიგული მაჩუქეს, რომ ბევრი თეატრში დავტოვე, სახლში რაც წამოვიღე, დასთან ერთად იმდენ ხანს ვახარისხებდი, ძლივს მოვრჩით. საჩუქრები ჯერ არ გამიხსნია. ვინ რა მაჩუქა, ეს დროდადრო გამოჩნდება.
ძალიან ბედნიერი ვიყავი, სცენაზე ჩემს გვერდით ჩემი შვილიშვილი, ლევან აფხაიძე რომ იდგა. ის ჩემი თამაზის შვილია, რომელიც აღარ მყავს... ბევრმა მიამსგავსა და ასე ვგავარ მამასო? - მეკითხებოდა. ამათ გამო ღირს ცხოვრება და მომცეს ის ძალა, რაც მაყურებელს უკვირს ჩემგან. ეს არის ჩემი სტიმული და მომავალი, რაც კი დამრჩა.
მადლობა კულტურის სამინისტროს, მერიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს და ჩემს თეატრს. ძალიან მოინდომეს - გოჩა კაპანაძემ, თეატრის პიარმა, ია შერაზადაშვილმა, დირექტორმა გია თევზაძემ, რომ ეს საღამო ასეთ ხარისხში ჩატარებულიყო. საოცრად იყო შეფუთული და წარმოდგენილი. დიდი მადლობა მათ.
იუმორი ჩავრთე და სცენაზე 80-ზე დიდი ნული მოვაშორებინე და რვიანი დავატოვებინე. იყო სიცილი, იუმორი. ნიკა წულუკიძეს მიჰყავდა საღამო და თქვა, ნული ამაღებინა და რვიანი დატოვაო.
ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი ტრაგედიებით იმდენად რთული იყო, რომ ჩემზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა მაყურებელი დაამძიმა. მაგრამ ამას ვერ გავექეცი. რაც ვარ, ეს ვარ. ჩემი ხურჯინი ეს არის.
რა გითხრათ... აღარც მემღერება, აღარც მეცეკვება, მხოლოდ საქციელებით შემიძლია ცოტა ვიხულიგნო. ეს ჩემშია და ამის გარეშე, ეტყობა, ვერ ვძლებ. ეს ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. ისინი უკვე ჩემს ხელწერას ცნობენ და სადმე რამე თუ დაიმალე, ჰგონიათ, რომ მე დავმალე, ის მე მოვაწყე... რა თქმა უნდა, საჭესთან როდესაც ვზივარ, იქაც ძალიან ვხულიგნობ და ჩემი შვილთაშვილები მეუბნებიან, ამას ნუ კადრულობო. საქციელებით ხულიგანი გამოვდივარ, თუმცა შინაგანად აღარც მემღერება, აღარც მეცეკვება.
ტრაგიკული ცხოვრება
რა აღარ გადახდა ცხოვრებაში. ბედობას დაბადებულ არტისტს ტრაგედიები თან სდევდა. დიახ, დაუვიწყარ მარგოს „ჯაყოს ხიზნებიდან“, თამამი კოსტიუმის მატარებელ ევას („ადამი და ევა“), ემოციურ „ბერნარდა ალბას“ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა.
ორჯერ უყვარდა. ორივეს ცოლად გაჰყვა. პირველ ქორწინებას ტრაგიკული დასასრული ჰქონდა. მერე ძველ სიყვარულს დაუბრუნდა. გვერდით აღარც ის შერჩა. ჰქონდა გატაცებები, შეცდომები, რომელსაც აღიარებდა... მრავალფეროვანმა და ტკივილიანმა ცხოვრებამ ბრძოლის უნარი შესძინა, ბრძოლის უნარმა კი, თავის გატანა შეაძლებინა.
„ბრძოლის უნარი ყველას არ აქვს, როგორც პირადში, ასევე კარიერაში. თვითდამკვიდრებისთვის და რეალიზებისთვის უნდა იბრძოლო, ოღონდ სუფთა ხერხებით.
ახალგაზრდობაში „ცისფერ როლებს“ მთავაზობდნენ, ვიყავი „მსხვერპლი“, ჩემზე „ძალადობდნენ“. 35 წლის შემდეგ მარტოსული ქალების როლებს ვთამაშობდი. ასეთი ქალების თამაში მიზიდავდა. ეტყობა, გული მიგრძნობდა, რომ მარტო ვრჩებოდი.
ჩემი კარიერის მესამე ეტაპზე კი ძლიერ და შურისმაძიებელ ქალს ვანსახიერებდი. მიხეილ თუმანიშვილმა მითხრა: ცხოვრებაში რასაც გამოცდი, ის ყოველთვის წაგადგება სცენაზეო. ეს, ნამდვილად ასეა“ - ამბობს "პრაიმტაიმთან" მსახიობი.
ამბობს, რომ საკმაოდ თამამი იყო. ბადრი კობახიძემ და მიხეილ თუმანიშვილმა შეამჩნიეს, რომ ნანა ბუნებით ევა იყო და რუსთაველის თეატრში მისი სადებიუტო როლი, სწორედ ევა იყო.
პირველი ქმარი, მსახიობი ტრისტან ყველაიძე პირველად ფორტეპიანოსთან მჯდომი შენიშნა. ტრისტანს მუსიკალური ათწლედი ჰქონდა დამთავრებული და სადაც კი ინსტრუმენტს დაინახავდა, უკრავდა თურმე.
"ძალიან სიმპათიური და ჭკვიანი იყო. ვინც კი მას იცნობდა, იცის, რომ ტრისტანი თავისი ჭკუით ფასობდა. მომეწონასავით. მერე ბუფეტში შევხვდით ერთმანეთს.
არ ვიცნობდი და შორიდან ხელით შეხვეულ ყელზე მანიშნა, მტკივაო, თან ცხელ რძეს სვამდა. მეორე დღეს მოკითხვის მიზეზი მქონდა, ყელი როგორ გაქვს-მეთქი. მოკლედ, ერთმანეთი ვიპოვეთ. ორი წელი დავდიოდით. თეატრალურში ისედაც რომანტიკული გარემოა.
დავდიოდით კინოთეატრში, ალექსანდროვის ბაღში, რუსთაველზე, კაფეში ვსხდებოდით. ეს ყველაფერი აქტიური და მჩქეფარე იყო. ერთ ზაფხულს დავემშვიდობე და მშობლებთან ერთად ბორჯომში, სასტუმროში ვისვენებდი. მოწყენილი ვიყავი, დღეებს ვითვლიდი, როდის დასრულდებოდა ზაფხული და როდის ვნახავდი ტრისტანს.
ერთხელაც, ტრისტანზე რომ ვფიქრობდი, ძალიან ლამაზი, მაღალი, არაორდინარული ბიჭი – თამაზ აფხაიძე დავინახე. ქალებს ხომ გვაქვს იმის უნარი, ვიღაც დავინახოთ, შევაფასოთ, თვალს წყალი დავალევინოთ?! გავიფიქრე – რა საინტერესო და ლამაზი ახალგაზრდაა-მეთქი. მეორე დღეს, ბაღში „გაფუჭებული ტელეფონის“ თამაში დავიწყე.
ეს ყმაწვილი ჩემს გვერდით აღმოჩნდა და ყურში ჩამჩურჩულა. მერე ისე მოხდა, რომ მას, თამაშის წესის მიხედვით, ჩემთვის უნდა ეკოცნა. რომ მაკოცა, რაღაც ავწრიალდი. ტრისტანზეც ნაკლებად დავიწყე ფიქრი. მოღალატე არ ვიყავი, მაგრამ მისმა არაჩვეულებრივმა გარეგნობამ მომხიბლა.
პატარა ვიყავი, 18 წლის. მან კი ძალიან იაქტიურა. თბილისში რომ ჩამოვედი, ღამით ტელეფონით საუბრები გვქონდა, ღამეებს ვათენებდით და გარიჟრაჟზე ჩამეძინებოდა-ხოლმე. ტრისტანს რომ შევხვდი, ის უკვე მიხვდა, რომ შეცვლილი ვიყავი, თავს ვარიდებდი. გაუცხოება შემატყო და თავი შორს დაიჭირა."
ნანამ ხელი თამაზ აფხაიძესთან მოაწერა. შემდეგ ბაქოში ფილმის, „სადა ხარ, ახმეტ“ გადასაღებ მოედანზე ჩავიდნენ, სადაც ნანას მთავარ – ჯეირანის როლში იღებდნენ. თამაზი თავის მეგობრებთან და ძმასთან ერთად გაჰყვა ცოლს.
"წამოიღო ბაბინებიანი მაგნიტოფონი. მე რომ გადაღებებზე ვიყავი, ის ამ მაგნიტოფონის მეშვეობით ირანულს სწავლობდა. ჩემს მშობლებს არ უნდოდათ ამხელა გზაზე ეს უმძიმესი მაგნიტოფონი რომ წამოეღო.
ასე ვარჯიშობდა, ერთ ხელში მიკროფონი ეჭირა, როდესაც მაღალმა დენმა წრედი შეკრა. თამაზი, ჩვენს თვალწინ, ადგილზე გათავდა. არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ მე ვიწექი, საღამურით წამოვვარდი და ქუჩაში სასწრაფოსთვის გავვარდი. ვერაფერი ვუშველეთ.
ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია, დარტყმა იყო. ერთად ოთხ თვე-ნახევარი ვიცხოვრეთ მხოლოდ. 31 დეკემბერს დაიბადა ბიჭი და მისი სახელი დავარქვი. დაბადება უდიდესი მოვლენა იყო, საყვარელი ადამიანისგან, პირმშო გაჩნდა, მაგრამ დიდი მწუხარებაც გახლდათ. მას მამა არ ჰყავდა."
ტრაგედიის გადატანაში როლები დაეხმარა. ტრისტანი ნანას ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდა. თეატრში ერთად იყვნენ, მაგრამ მის თვალებში ქალი ყოველთვის ნაღველს ამჩნევდა.
"ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა და მითხრა – რა მოხდება შენი ბიჭი რომ მაჩვენოო. ჯერ პატარაა და რა სანახავია-მეთქი. თუ წინააღმდეგი არ იქნები, მოვალ და ვნახავო. ცოტა დავიზაფრე. საღამოს სტუმრად მართლაც მოვიდა. პატარა თამაზს დახედა, მოეწონა. მისმა ამ ჟესტმა ჩამაფიქრა.
თამაზი სამი წლის რომ გახდა, მინდა დაგელაპარაკოო, მითხრა ტრისტანმა. ვიფიქრე, სპორტული ინტერესით ძველი ჟინის მოკვლა უნდა-მეთქი. და ტრისტანთან შეხვედრას ვიცდენდი. მაგრამ ამ ცდუნებას ბოლოს მაინც ვერ ვაჯობე და, ფლირტი დავიწყე.
იმ ტრაგედიის მერე ეს ნაადრევი იყო. მაგრამ ახალგაზრდა რომ ხარ და იცი, ცხოვრება გრძელდება, დასაყრდენი გინდა. ამან ოჯახზე ფიქრი დამაწყებინა. გნებავთ გამკიცხეთ, მაგრამ მე ტრისტანმა ის დიდი სიყვარული და ტრაგედია დამავიწყა. ჩვენ დავქორწინდით და შეგვეძინა ხათუნა. თამაზი ტრისტანმა გაზარდა."
30 წლის იყო ტრისტანს სპექტაკლის შემდეგ გულის შეტევა რომ დაემართა. ნანას მის პალატასთან სკამებზე ეძინა, საღამოს თემურ ჩხეიძის „ბერნარდა ალბას“ თამაშობდა.
"კარგად რომ არ იყო, მე ფხიზელი ძილი ვიცი და ღამით მასზე ხელი მეკიდა. ასე ხელჩაკიდებული წავიდა ჩემგან… გვერდით ვიყავი, დიდი შეტევა რომ დაემართა და შველას მთხოვდა, ნანაო, დამიძახა, მაგრამ მე ვერ ვუშველე… 55 წლის ხდებოდა."
ეს ყველაფერი არ არის, მსახიობს მთავარი ტრაგედია წინ ელოდა. და მაშინ, როდესაც ახალ როლზე მუშაობდა, უფროსი ვაჟი გარდაეცვალა!
2020 წლის 24 თებერვალს ტრაგიკულად გარდაცვლილი მამის სახელმოზიარე თამაზ აფხაიძე გარდაიცვალა.
და ბოლოს
აკი გითხარით, აღარც მემღერება, აღარც მეცეკვება-მეთქი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. 27 თებერვალს მარნეულში მივემგზავრები, სადაც აზერბაიჯანელების თხოვნით, სტუმრის რანგში უნდა დავესწრო ფილმის ჩვენებას, რომელშიც 60 წლის წინ ჯეირანი ვითამაშე. ნიკა წულუკიძე მოდის წამყვანად...