1728156496
"დედამისმა გამოქვაბულში, მარტომ იმშობიარა. მერე მწყემსიც გამოჩენილა. ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია..." - გოდერძი ჩოხელს მეგობრები იხსენებენ
2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელი 70 წლის გახდებოდა. 53 წლის მეტი ვერ იცოცხლა. არადა, რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი და დასატოვებელი… მაგრამ მეტი ვერ გაძლო, ხორცის სამოსში ამოიხუთა.
ადამიანთა სევდის შემგროვებელს, მუდმივად სულის გათავისუფლება სურდა… სურდა და თავისუფალი გაფრინდა კიდეც. დაგვიტოვა სევდით და საფიქრალით გაჯერებული, ნააზრევით მაძღარი შემოქმედება. გულიდან წამოსული სუფთა სიტყვებად დაწერილი და გადაღებული დატოვა და მარადისობას შეერწყა… თუმცა მაინც აქ არის და იქნება მანამ, სანამ მისი შემოქმედება იარსებებს.
მისი შემოქმედება ხშირად რომ ვიკითხოთ და ფილმებად ვნახოთ, ბოროტების ჩადენის სურვილი დაგვეკარგება და გავკეთილშობილდებით; რა მარტივია, მაგრამ...
გოდერძის ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე ისე უყვარდა, ფოლკლორისტ წყვილს სამივე შვილი მოუნათლა, ამისთვის თურმე სპეციალურად იღებდა კურთხევას.
ფასდაუდებელ შემოქმედს "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის სწორედ ეს ძვირფასი ადამიანები იხსენებენ.
ამირან არაბული: გოდერძის დაბადებაც ისევე უჩვეულო იყო, როგორც მისი ცხოვრება; თუნდაც იმით გამორჩეული, რომ ღია ცის ქვეშ დაიბადა; დედამისი - ლელა დეიდა, ცხვარ-ძროხას საძოვარზე მიერეკებოდა; "ხოსრო კლდე" ჰქვია იმ ადგილს, სადაც მუცელი ასტკივებია; გამოქვაბულს შეაფარა თავი; მარტომ იმშობიარა; მერე ნათესავი მწყემსიც გამოჩენილა; ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია; ასე დაიბადა გოდერძი ჩოხელი.
თავიდან ფეხამდე წრფელი ადამიანი იყო, ბავშვის გულითა და ისეთი კრიალა თვალებით, როგორც ახალდაბადებულ ბავშვს აქვს, მასში არაფერი არაბუნებრივი და მოჩვენებითი არ იყო.
ჩემი თაობისთვის მაშინდელი სტუდქალაქი ცალკე სამყაროა, მთელი საქართველო იყო სტუდქალაქში თავმოყრილი: სხვადასხვა კუთხის ქართველებით, ერთმანეთის იმედად იყვნენ ეს კორპუსები. უცხოს არავინ არავის დააჩაგვრინებდა სტუდქალაქში, იქ გავიცანი გოდერძი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, არც გამომეტყველებით, არც სიტყვით, არც თავისი უცნაურობებით. არც მოჩხუბარი იყო, დევგმირის მხარ-მკლავი არ ჰქონდა, მაგრამ თუ მსგავსი სიტუაცია იქმნებოდა, უკან არასდროს იხევდა. გული ჰქონდა დიდი და უშიშარი.
მე მოწმე ვარ, როგორ იქმნებოდა მისი რომანები, ნოველები, მოთხრობები. იმ კორპუსში, სადაც ის ცხოვრობდა თავი მოეყარათ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსულ თანატოლებს - ყაბარდობარყალებს, ჩეჩნებს, ინგუშებს. გოდერძი მეორე სართულზე ცხოვრობდა, ხმაური არ უყვარდა ერთი ფანჯარა ჰქონდა მის ოთახს, სქელი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, ხელი რომ არავის და არაფერს შეეშალა და იჯდა და ან კითხულობდა, ან წერდა. რამდენი დღე დაგვიღამებია და ღამე გაგვითენებია ერთად გოდერძის ოთახში; რაიონიდან ჩამოსულ ახლობლებს შეიფარებდა, ღამეს ათევინებდა, გულუხვი და გამეტებული იყო, ღამის გათევას ვის დაამადლიდა; ბევრი მოთხრობა და ნოველა პირველად მე წამიკითხა; შაბათ-კვირას ჩოხში მიდიოდა, დედასთან და გზაზე მიმოსვლაში ხარჯავდა ფულს.
ერთი პერიოდი ფილოსოფიური ლიტერატურით იყო გატაცებული; მისი მაგიდა სავსე იყო ფილოსოფიური ხასიათის წიგნებით; იქიდან მის სულსა და გულში რჩებოდა მიღებული ცოდნა და მერე სხვადასხვა სახით იყენებდა ნაწარმოებებში.
ძნელია ასე ისაუბრო გოდერძიზე, მის პიროვნულ პორტრეტს და დამახასიათებელ შტრიხებს რაღაც აკლდება, იკარგება.
იყო სევდიანი, ჰქონდა პერიოდები ძალიან დამძიმდებოდა, დასევდიანდებოდა და მერე გამოდიდა ამ მძიმე მდგომარეობიდან.
გვიხაროდა მთაში წასვლა - ჩემს ჯუთაში მივდიოდით, მის ჩოხში მივდიოდით; მოგვწონდა უფროსებთან ურთიერთობა, მშობლებთან, ნათესაობასთან.
ვერ გაუძლო წუთისოფელს, ბოლო ხანებში მასთან მივდიოდი და ვთავაზობდი, წავიდეთ გუდამაყრის ხეობაში-მეთქი. ძალიან გამხდარი იყო, შემომხედა, გაიღიმა და ვერაო, მითხრა.
გარეთ გასვლას და ადამიანებთან შეხვედრას ძალიან ერიდებოდა; მერე კლინიკაში მოათავსეს, თანდათანობით დამძიმდა და უფრო გაუჭირდა, დეპრესიიდან ვერ გამოვიდა.
ეთერ თათარაიძე: – გოდერძი ჩემმა ქმარმა, ამირან არაბულმა გამაცნო. თუმცა იმ დროს, ამირანსაც ჯერ კიდევ "ნახევრად" ვიცნობდი.
გოდერძი და ამირანი სხვადასხვა კორპუსებში ცხოვრობდნენ, მაგრამ დღე და ღამე ერთად იყვნენ.
პირველი ხალხური პოეზიის საღამო რომ ჩატარდა, მეორე დღიდან ჩემთან, სახლში ხალხის უწყვეტი დენა დაიწყო. მომსვლელთა შორის იყვნენ ამირან არაბული, ტარიელ ხარხელაური…
ბინა სოლოლაკში მქონდა დაქირავებული. ამირანი მეუბნებოდა, მეც იქით მაქვს საქმეო, ყოველთვის “ამთხვევდა” და სოლოლაკისკენ საუბრებით მივდიოდით. ძალიან სანდო ადამიანი იყო და სულ არ მიშლიდა ხელს, რომ მომეტყუებინა, ახლა სხვაგან უნდა წავიდე-მეთქი. არაფერში არ მჭირდებოდა ეს ტყუილი.
გზადაგზა მიამბობდა, ისეთი მწერალი უნდა გაგაცნო, გაგიჟდებიო. თან რეჟისორია და თან წერს. ძალიან მალე მთელი საქართველოსთვის ცნობილი და ძვირფასი შემოქმედი გახდებაო.
ისე აღმიწერდა გოდერძი ჩოხელს, ფიზიკურადაც მართლა შთამბეჭდავი და ბუმბერაზი მეგონა. ერთ დღესაც გამოვედი უნივერსიტეტიდან, ამირანიც დამხვდა გარეთ, იმ დღესაც სოლოლაკში ჰქონდა "საქმე". მივდივართ და ჩაის სახლსა და პეტრიაშვილის ასახვევს შორის, მოდის გოგო-ბიჭი, ხალხისგან გამორჩევით.
აი, გოდერძი მოდის და უნდა გაგაცნოო, ამირანმა მითხრა. გავხედე და დაბალი ბიჭი მოდიოდა. მე გოდერძი ჩოხელს ველოდი… და ხალხში დავუწყე თვალებით ძებნა, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიახლოვდა ეს წყვილი და უცებ ბიჭმა დაიყვირა, ეთეროოო. გიჟმაჟი იყო, სრულიად საყვარელი…
ჩემს წინ საშუალო სიმაღლის ბიჭი იდგა, მეგობარ გოგონასთან ერთად. შავი დერმატინის ქურთუკი ეცვა. ეს დრო იყო, ოქტომბერი. მარცხენა ხელით დამჯუჯგნა, მიმჯუგნა, მაგრამ მარჯვენა ხელი ჯიბიდან არ ამოაქვს. ოდნავ ნასვამი ჩანდა. (მერე, როცა გავიცანი, უკვე ვიცოდი, როგორი იყო სევდების შემგროვებელი ნასვამიც, შეზარხოშებულიც, ფხიზელიც.) იყო ოდნავ გათამამებული განწყობით. საით მიდიხართო, გვეკითხება და აღარ ასუნთქებს ამირანს. აქეთ მე დიდი ნაცნობივით რაღაცებს მეუბნება.
უცებ მარცხენა ხელი დაირტყა თავზე, უი, როგორ დამავიწყდა, ვინ უნდა გაგაცნოო. მარჯვენა ხელის ამოძრავება დაიწყო: ისეთი მაგარი ტიპია გაგიჟდებიო. ხელი ამოიღო და ხელში უჭირავს ცოცხალი ბაყაყი. ეს ჩემი და ამირანის საზიარო ბაყაყია, დღეს ჩემი მორიგეობაა, მე ვასეირნებ. უბრალოდ, შესცივდა და ჯიბეში ჩავისვიო. ახლა ბაყაყს ეუბნება, ეს არის ეთერო, გაიცანი, იცი, რა მაგარი ლექსები აქვსო. ვაიმე… რამდენი სიგიჟე და ბედნიერი დღე გვაქვს ერთად გატარებული.
მას შემდეგ სულ ჩვენთან ერთად იყო და უალტერნატივოდ, მისივე განცხადებით, ამირანის მეჯვარე უნდა ყოფილიყო. ამ "თანამდებობაზე", სხვა აღარავინ არ განიხილებოდა. მერე მე და ამირანი დავქორწინდით. ჩვენი სამივე შვილი გოდერძიმ მონათლა. საამისოდ სპეციალურ კურთხევას იღებდა.
თუშეთი არ მინახავსო, მითხრა. ამირანსაც უნდოდა იქ მოხვედრა, დავგეგმეთ და სამივე წავედით. ცნობილი ფოტო, მე ალუმინის "ლახანკაში" მაქვს ხელები ჩაყოფილი და რაღაცას ვრეცხავ, გოდერძი უკან ზის, ფეხი ფეხზე გადადებული, იმ დროს არის გადაღებული.
ეთერო, რა არის? რა დაბალი კარები გაქვთ, ამ თუშებს, რა რკალივითო? შევალ თავს ავახლი, გამოვალ – თავს ავახლიო. მე ვუთხარი, შენი სიმაღლის კაცისთვისაც ჭკუის სასწავლებლად არის ეს კარები მოგონილი-მეთქი. სტუმრად რომ მიდიხარ სხვის სახლში, თავი უნდა დახარო და თავდახრილი უნდა შეხვიდე-მეთქი. მერე სულ ამას იგონებდა.
ჩვენთან სულ ხალხი იყო. დედამ თქვა, ბიძის სახლში გაგიშლით საწოლებსო. ლამფით წავედით. დედამ მანამდე დალაგება ვერ მოასწრო და მოგვიბოდიშა, აივანზე ობობების ქსელების ჩამოწმენდა ვერ მოვასწარი, ლამფა მომინათეთ და ახლა ცოცხით ჩამოვწმენდო. გოდერძიმ იყვირა, ხელი არ ახლო, დავიხაროთ, გავძრეთ ქსელების ქვეშ, ლამფა მივანათოთ და ვუყუროთ, როგორ ქსოვენ ქსელებსო. მეც მომეწონა იდეა. ერთი ჭკუისანი ვიყავით.
მე წავედიო, დედამ, თუ გინდათ მთელი ღამე ქსელების ქსოვას უყურეთო. ხოხვით გავძვერით აივანზე, ისე რომ ქსელები არ ჩამოგვეწყვიტა. ვისხედით და ვუყურებდით საოცარ პროცესს. თუშეთში ყოფნის დროს, ხელი არ გვიხლია ქსელებისთვის, გავძვრებოდით, გამოვძვრებოდით. ქსელები ფრიალებდა ქარში.
ერთხელ მოვიდა და მოიტანა ჟურნალი, სადაც მისი მოთხრობა "ცასწავალა" იყო დაბეჭდილი. აუცილებლად წაიკითხეთ ეს ძალიან მაგარი მოთხრობა. ღამე მოვიდა და ჩემს სამივე შვილს მოუტანა "ცასწავალა". და სამივეს გაუკეთა წარწერა. “მინდია, შენი ნათლია მთვრალია.” “ანანო, შენი ნათლიაც მთვრალია”. “მარიამ, შენი ნათლია ხომ მთვრალია და მთვრალია.” ფლომასტერით დააწერა და თანდათან ხუნდება და გული მისკდება. არ მინდა, რომ გახუნდეს.
ფანტასტიკურ, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა. თავის შექმნილში. ჩემი და ამირანის თვალწინ გამოიგონა, როგორ შეუყვარდა ერთი გოგო. მონოსპექტაკლების დიდოსტატი იყო. ეს ყველაფერი ხომ გამოიგონე, როგორ ახერხებ ამას-მეთქი? ეს შენ გამაგებინე, როგორ წერ და როდინდელს წერ შენს ლექსებში, რა იცი, რომ ეგრე წერო? ერთმანეთის გვიკვირდა. ახლა უფრო ვხვდები, რამდენი რამის გაკეთება შეეძლო კიდევ.
როგორ ვერთობოდით…
სულ სევდიანი იყო, მაიმუნობის დროსაც კი. ბევრს ვგიჟობდით, არც კი დაიჯერება, ისეთ რამეებს. ამირანი ხომ ჩუმია და პირველი წამომწყები ეგ იყო.
მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. დედა მისთვის ხატი და ფრესკა იყო. ლელა დეიდა რომ კვდებოდა, გოდერძიმ დაგვირეკა, დედა კვდება და ჩქარა წამოდითო. მე, ჩემი და, ლელა და ამირანი ჩავედით ფასანაურში. მძიმედ იყო, ვერ საუბრობდა ლელა დეიდა უკვე. შეგვხედა, გვიცნო და მზერა ჩვენზე შეაჩერა, გოდერძი მარტო არ იყო, იფიქრა, ალბათ. საითაც გოდერძი წავიდოდა, თვალებით დაჰყვებოდა. ეს სურათი თვალწინ მიდგას. რომ გარდაიცვალა, გოდერძი სრულიად განადგურდა. მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა ამქვეყნად. მერე უკვე ცოლი, ნინო და ვაჟები იყვნენ მისთვის ყველაფერი…
დედის შემდეგ სხვანაირად ჩაღრმავებული გახდა. არავინ იცის, ადამიანის სულის ხვეულები საით მიემართება.
სანამ ავად არ გახდა, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გამოვლილ-გადავლილი. მისი ოჯახის შემდეგ, მგონია, რომ ჩვენ აღარ გვყავს გოდერძი, ჩვენ დაგვაკლდა… ალბათ, ბევრს აკლია ასე…
ვგიჟდები მის მოხევე და ხევსურ მეგობრებზე. ხელისგულზე ატარებდნენ. მაგრამ დეპრესიულ სივრცეში რომ ხვდები, მერე ეტყობა, ძნელია მას გაუმკლავდე.
აქ ყოფნით დაიღალა.
ამქვეყნიური მატერიალური არ ადარდებდა. სიხარბე რა იყო, არ იცოდა. ფილმმა "ცოდვის შვილებმა" გრან-პრი რომ ამოიღო, 90-იანების ჩაბნელებულ დიდ დიღომში, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული. სოლიდური თანხა. ერთმანეთზე გადაბმული ოცი ჯიხურის მოვაჭრე ქალებს.
წინა ღამეს, როცა შეიტყო რომ პრიზი მიიღო, ღამით მოვიდა, სამ საათზე, მინდიას ეძახდა, აკვანში მყოფ ჩემს შვილს. შენ გეკუთვნის ის გრან-პრიო. მინდიას არ უტირია, დაჭყეტილი უყურებდა მთელი ღამე.
შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, მას დაგლეჯილი სამოსით ევლო. წარმოუდგენელი ადამიანი იყო. არც არავის ჰგავდა.
მისთვის სათქმელი დამიგროვდა. სამყაროს სხვანაირად ვხედავ. მენანება, რომ თვითონ ვეღარ ხედავს სამყაროს.
გოდერძის ვეტყოდი, რომ ადამიანებმა სიყვარულის უნარი უარესად დაკარგეს. გული არ დაგწყდეს, ჩვენ მხოლოდ დაღლა და ტანჯვა გამოვიარეთ-მეთქი. შენს შემდეგ უსიყვარულო საქართველოში ვიცხოვრეთ, ჩვენ თაობას როგორ გვიყვარდა ერთმანეთი-მეთქი, ვეტყოდი. ქართველებს კი ახლა ერთმანეთი ეჯავრება-მეთქი. ამას უეჭველად ვეტყვი, როცა ვნახავ. იქ იმდენი მაქვს სათქმელი, აქ რაღა დამრჩა თორემ.