VIDEO: აშშ-ში ისტორიული არჩევნები დასრულდა - ტრამპი ამომრჩევლებს მიმართავს
1730878476
თუკი ვინმე, ჩვენს შორის, მიწად ჩამოსული იმიერი სამყაროს სული იყო, ეს გოდერძი ჩოხელია. კაცი სამყაროს მანათობელი და სინდისი... ამიტომ უჭირდა ხორცის სამოსის ტარება. ხშირად უნდა ვიკითხოთ მისი მოთხრობები, ლექსები და უფრო გავაადამიანურდებით...
გახსოვთ, ალბათ, საოცარ სიტყვებს ამბობს დედაზე "ადამიანთა სევდაში"... დედა მისთვის მთავარი ხატება ყოფილა...
"პრაიმტაიმის" მკითხველს ფოლკლორისტმა - ეთერ თათარაიძემ ასეთი რამ უამბო:
"დედა მისთვის ხატი და ფრესკა იყო. ლელა დეიდა რომ კვდებოდა, გოდერძიმ დაგვირეკა, დედა კვდება და ჩქარა წამოდითო. მე, ჩემი და, ლელა და ამირანი ჩავედით ფასანაურში. მძიმედ იყო, ვერ საუბრობდა ლელა დეიდა უკვე. შეგვხედა, გვიცნო და მზერა ჩვენზე შეაჩერა, გოდერძი მარტო არ იყო, იფიქრა, ალბათ. საითაც გოდერძი წავიდოდა, თვალებით დაჰყვებოდა. ეს სურათი თვალწინ მიდგას. რომ გარდაიცვალა, გოდერძი სრულიად განადგურდა. მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა ამქვეყნად. მერე უკვე ცოლი, ნინო და ვაჟები იყვნენ მისთვის ყველაფერი…
დედის შემდეგ სხვანაირად ჩაღრმავებული გახდა. არავინ იცის, ადამიანის სულის ხვეულები საით მიემართება."
***
გოდერძი ჩოხელი:
"გუდამაყარში მაღალი მთებია და როცა მთვარე ამოდის, ძნელი გასარჩევია, დღეა თუ ღამე.
სათიბი მაღლა გვქონდა მთაში. დედაჩემს ეგონა, გათენდა, არადა, უშველებელი მთვარე ანათებდა. ღამით ჩრდილებმა უსაშველოდ იციან დაგრძელება. მივდივართ. დედაჩემი წინ მიმიძღვის. უცებ ვხედავ, გორაზე შედგა და მთვარის შუქმა ისე დაჰკრა ბეჭებზე, რომ დედის ლანდი დაგრძელდა, დაგრძელდა, დაგრძელდა, ხევში ჩავიდა, ხევიდან ამოვიდა, გორა გადაიარა, მერე სადღაც გადაიკარგა, მალე მეორე მთაზე აღმოჩნდა, იმ მთას გადასცდა, კიდევ იქით აუყვა, აუყვა და დაიკარგა. შევხედე და დავინახე შრომისგან ნაჯაფი, დაჩიავებული დედაჩემი, და ამ დროს მისი ამხელა ლანდი მთელი გუდამაყრის მთებს გადაწვდა.
მაშინ ვამთავრებდი რომანს "ადამიანთა სევდა" და გამიხარდა, რომ დასასრული ვიპოვე. აი, რა აზრი დამებადა:
"სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა, იმიტომ რომ ერთხელაც დედა აღარ იქნება და მაშინ მოვა დასასრული. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან.
რაც ხანი მიდის, ძალ-ღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და ერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს.''
დედაჩემი ბუნებით პოეტი იყო, ლექსებს კი არ წერდა, მაგრამ რაღაცნაირი იყო. ალბათ იტანჯებოდა, იმიტომ რომ სულ ბალახს და ყვავილს ელაპარაკებოდა და რომ ელაპარაკებოდა, ფეხის დადგმაც ხომ უჭირდა მერე. ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ. ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ბავშვობაში. ალბათ, დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად."
ასევე დაგაინტერესებთ: