„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა გამაოგნებელი ისტორია მოგვიყვა. წიგნია, ფილმია, ცხოვრების დრამატურგიაა…
ეს არის მსახიობის 80 წლის დედის ამბავი, რომელიც შვილის გარდაცვალებას მოესწრო, დაიტირა, 40 დღე კანდელს დარაჯობდა და ლოცულობდა, ცრემლით ესაუბრებოდა პირმშოს, 41-ე დღეს კი უფალს მიაბარა სული.
ლაურა რეხვიაშვილი “პრაიმტაიმის” მკითხველს დედის ისტორიას უყვება…
ლაურა რეხვიაშვილი: – ჩემი უფროსი და, ლილი ხეიბარი იყო. დაწყებით კლასში დედაჩემი ასწავლიდა. დედა, პოლინა დვალიშვილი, პედაგოგი იყო. ლილი მეოთხე კლასში რომ გადავიდა, კოჭლობა დაიწყო. როგორც გაირკვა, დაბადებით დაჰყვა პათოლოგიური სისხლძარღვი. ბავშვმა აქტიური ზრდა რომ დაიწყო და ორგანიზმში ბევრი ცვლილება წავიდა, ჯერ თითის წვერს ადგამდა, ქუსლს ვეღარ. მერე ფეხი მოხარა და საერთოდ ჰაერში აიტანა. ვეღარ დებდა სიარულის დროს. გახდა ხეიბარი და დასჭირდა ყავარჯნები.
დედამ ხატის წინ თავის იესოსთან, თავის ღვთისმშობელთან, თავის ანგელოზთან და ადგილის დედასთან აღთქმა დადო, მაღალ ქუსლს აღარასოდეს ჩავიცვამ და პომადას არ წავისვამო. ამ აღთქმის შესრულებამ გადაატანინა ეს ტკივილი.
ლილის ორი ოპერაცია გაუკეთდა და ორივე უშედეგოდ. ამ ფაქტმა გაამყარა ის მოსაზრება, რომ ჩემი და თანდაყოლილი ხეიბარი იყო.
გაიზარდა და ის იყო ჩვენი, დანარჩენი სამი დის ყველაფერი. ყავარჯნებზე შემდგარი ქალი ხეხილს წამლავდა, გვირეცხავდა, კერავდა, აუთოვებდა. იყო საქმიანი და დაკავებული. სამ დას გაუზარდა შვილები.
მათე რომ გავაჩინე, 38 წლის ვიყავი და თვალებში ცრემლჩამდგარმა და გულდაწყვეტილმა მითხრა, მე ის ენერგია აღარ მაქვს, მათეც გავზარდოო.
59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ დედაჩემი 80 წლის იყო. დედას ამ ასაკში არ უნდა ენახა ეს სიმწარე…
ჩემი თეატრის მსახიობები “მარშუტკით” წამოვიდნენ და გორმბორზე გაუფუჭდათ ტრანსპორტი. დააგვიანდათ ჩამოსვლა.
ჩემი და ეზოში ჩამოვასვენეთ და დედამ, გამოსამშვიდობებლად, ხმით დაიტირა შვილი. სამყარო შეიძრა!!!
დედამ ისეთი დატირება იცოდა, რომ მას უბარებდნენ, პოლინა, შენი დატირებით უნდა გაგვისტუმრო საიქიოშიო. განსაკუთრებული უნარია, როცა ადამიანი ლაპარაკობს ისე, რომ პოეზიაც არის, ფილოსოფიაც, ტრაგედია ხომ თავისთავად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდას დასტირიან. ეს ქალი დიდ პატივს სცემდა მიცვალებულს და სიკვდილს გულში იტარებდა.
სახელს ვერ დაარქმევ ამ სურათს, კაციან-ქალიანად რომ ყველა ქვითინებს. ამ დროს ჩერდება დრო, გავიწყდება ყველაფერი და გაოცებული უსმენ მოტირალ დედას.
მსახიობმა ზაზა მიქაშავიძემ მითხრა, კიდევ კარგი დასაფლავებას მოვუსწარითო. აქ ისეთი რამ ვნახეთ, რომ არ მოგვესწრო, მე არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს დედის დატირებაო…
აი, მაშინ დედამ ჩემს დას დაატირა: ორმოცამდე აქ უნდა მამყოფო, შენს სულს ჩემსავით ვერავინ მიხედავს, მე უნდა მოვუარო. 40 დღის დღის შემდეგ, შენ თუ არ წამიყვან, შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო. თითქოს "დატუქსა" შვილი.
ის ორმოცი დღე კანდელს დარაჯობდა, რომ არ ჩამქრალიყო. ცივ ნიავს არ აკარებდა. ლოცულობდა, მაგრამ ფსალმუნებს კი არ კითხულობდა, თავისი გულით და აზრით ლოცულობდა. მერე ეზოში გავიდოდა, რაღაცას მოიმიზეზებდა, რომ მაგალითად, ვაზი უნდა ენახა და იქ, თავისთვის მოთქვამდა, შვილს ელაპარაკებოდა, დიალოგი ჰქონდა, ოღონდ ტირილით.
უკეთებდა საკურთხს ფაცურით, ნერვიულობით. მის სახელზე აცხობდა, მოხრაკავდა. მერე მაგიდაზე დადგამდა, სანთელს მოავლებდა სამჯერ. ილოცებდა…
ეს ქალი ნამდვილად მიწის მარილი იყო…
ასე მოიხადა ვალი, მოუარა შვილის სულს. ლილის 40 გადავუხადეთ და 41-ე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ…
ის, რაც შენზე არ არის დამოკიდებული, ასე უნდა მიიღო. მაგრამ როცა დედებს შვილები უკვდებათ, მე ამაზე მაქვს კითხვა, რა მოხდება რომ დედებმა ეს სიმწარე არ იგემონ და თუ შვილი უნდა მოკვდეს, ცოტა ხნით ადრე დედა გარდაიცვალოს?! თან დედა, რომელიც ისედაც მალე წავიდოდა, რა მოხდდებოდა რომ სიცოცხლის ბოლო მომენტში ასე არ გამწარებულიყო?..
შვილმკდარი დედა რომ თავს არ იკლავს, ესეც ღმერთისგან არის შეჩერებული, რომ საიქიოში ნახონ შვილები… შვილმკვდარი დედა რომ ცოცხალია, მე ეს არ მჯერა. ვფიქრობ იმაზე, რა დევს იმ არსებობაში, რატომ აქვს ამ დედების არსებობას აზრი? რატომ არის აუცილებელი იარსებონ? აი, ეს შემაძრწუნებელი კითხვები მაქვს.
სიკვდილი საერთოდ არ მაშინებს. მაგრამ არ მინდა შვილი გავაწვალო ჩემი სიკვდილით. გული ეტკინება, შეწუხდება, იტირებს. და რა გამოდის? გავაჩინე, გავზარდე, სიყვარული მივეცი და ბოლოს ამოვაშხამე. ამოშხამებას ვერ ვეგუები…
დედას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, სიზმრად დედას სამყოფელი ვნახე. მესიზმრება, მივდივარ თელავში, სასაფლაოზე, დედას და დის საფლავზე. ირგვლივ მწვანე მოლია, ჟუტუნა ყვავილებიანი. ეს ჩვენებური მოლი არ არის. ყვავილი მოვწყვიტე, დავყნოსე, მაგრამ ეს აქაური ყვავილი არ არის.
გამჭვირვალე სამყოფელთან იდგა ნუშის ხე. არც ის ჰგავდა “ჩვენს” ნუშის ხეს. ხის უკან დეიდა მარო გამოჩნდა. დედაჩემი სად არის-მეთქი. ხელი გაიშვირა, იქითო. გავიხედე და მოდიოდა დედა, ყველაზე ლამაზი კაბით, რომელიც ჰქონდა. შუაზე გაყოფილი და უკან ჩახვეული თმით… ლამაზი თავის ფორმა და კარგი ტან-ფეხი ჰქონდა. ყველაზე კარგი რომ არის ადამიანი, იმ ასაკში იყო და მოდიოდა ყვავილებით. ენით აუწერელი ფერებითა და კომპოზიციით.
ყვავილებიანად შემომეხვია, მაკოცა ისე, როგორც სიცოცხლეში იცოდა. რომ მაკოცებდა, ხელით ნიკაპი ეჭირა და მეორე ლოყა მტკიოდა. რომ გაკოცებდა, აუცილებლდა დააყოლებდა – გენაცვალოს დედა. სიყვარულის სურვილის ასეთი მოკვლა იცოდა. ასე მაკოცა, მითხრა, გენაცვალოს დედაო. ლილიკო სად არის-მეთქი, ვკითხე. მომკიდა ხელი და ალავერდისხელა ტაძართან მიმიყვანა. გამჭვირვალე იყო… ჩემი და ამ სალოცავის კარებში იდგა, როგორც ანგელოზი.
თუ ასე ადვილი იყო თქვენი ნახვა, ამდენ ხანს როგორ მოითმინე და არ დამენახე-მეთქი? წადი, სანთელი დაანთეო, მითხრა. ამ დროს ვიღაცამ ბეჭებში დამარტყა და გამომაღვიძა. წამოვჯექი. გონება რომ დალაგდა და ქმარ-შვილი დავინახე, აბა, მე სად ვიყავი-მეთქი? გავიფიქრე. თან გამახსენდა დედის ნათქვამი, სანთელი დაანთეო. დილის ხუთის ნახევარი იყო. გავედი სამზარეულოში და დავანათე სანთელი. პატარა სანთელმა დიდი ცეცხლის ენა გაიკეთა. ეს ცეცხლი გაიშალა, ამოვიდა დედაჩემის სახე, გამიცინა და ჩაქრა…
საღამურზე შემოვიცვი და გავიქეცი ანჩის ხატში. შემოდგომის მიწურული იყო. შევიშლებოდი ეს რომ ცხლად ღვთისმსახურისთვის არ მომეყოლა. ანჩისხატის ტაძრის წინ ოთახები იყო. დავაკაკუნე რომელიღაც კარზე. გამოიხედა მოძღვარმა, მისი სახელიც არ ვიცი. იფიქრა, ამ გამთენიისას რაღაც უბედურება შეემთხვაო და იყურებოდა, ვინმე ხომ არ მომსდევდა. უნდა მომისმინოთ-მეთქი, დავამშვიდე. ჩემი გარდაცვლილების სამყოფელი ვნახე-მეთქი და მოვუყევი სიზმარი. თავზე ხელი გადამისვა, ჩემი ხელები დაიჭირა და მითხრა, რაც ნახე, ისინი იქ არიანო.
ასე რომ, იმათ ჩვენი სიყვარული, ჩვენგან მოხსენიება, ლოცვა სჭირდებათ. ამაში ცხადად დავრწმუნდი…
ასევე დაგაინტერესებთ:
"გელით კვირას, რვა საათზე" - რა ახალ გამოწვევას შეეჭიდა მუსიკოსი გოჩა ჭაბუკაიძე