1728156496
რა წერილი დაწერა დეპრესიაში მყოფმა გოდერძი ჩოხელმა უკანასკნელად - აი, რას გვიამბობს უახლოესი მეგობარი
გოდერძი ჩოხელი 69 წლის გახდებოდა. უჩუმრად წასული დიდი გენიის ფასი ჯერ ისევ არ ვიცით...
არადა, მისი შემოქმედება ხშირად რომ ვიკითხოთ და ფილმებად ვნახოთ, ბოროტების ჩადენის სურვილი დაგვეკარგება და გავკეთილშობილდებით; რა მარტივია, მაგრამ არ ვასრულებთ.
გოდერძის ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე ისე უყვარდა, ფოლკლორისტ წყვილს სამივე შვილი მოუნათლა, ამისთვის თურმე სპეციალურად იღებდა კურთხევას.
აი, რას იხსენებს "პრაიმტაიმთან" ამირან არაბული:
,,ერთხელ მოვიდა და მოიტანა ჟურნალი, სადაც მისი მოთხრობა "ცასწავალა" იყო დაბეჭდილი. სამივე შვილს მოუტანა და სამივეს გაუკეთა წარწერა. “მინდია, შენი ნათლია მთვრალია.” “ანანო, შენი ნათლიაც მთვრალია”. “მარიამ, შენი ნათლია ხომ მთვრალია და მთვრალია.”
გოდერძის დაბადებაც ისევე, როგორც მისი ცხოვრება უჩვეულო იყო, თუნდაც იმით გამორჩეული, რომ ღია ცის ქვეშ დაიბადა; დედამისი - ლელა დეიდა, ცხვარ-ძროხას საძოვარზე მიერეკებოდა; "ხოსრო კლდე" ჰქვია იმ ადგილს, სადაც მუცელი ასტკივებია; გამოქვაბულს შეაფარა თავი; მარტომ იმშობიარა; მერე ნათესავი მწყემსიც გამოჩენილა; ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია; ასე დაიბადა გოდერძი ჩოხელი.
თავიდან ფეხამდე წრფელი ადამიანი იყო, ბავშვის გულითა და ისეთი კრიალა თვალებით, როგორც ახალდაბადებულ ბავშვს აქვს, მასში არაფერი არაბუნებრივი და მოჩვენებითი არ იყო.
ჩემი თაობისთვის მაშინდელი სტუდქალაქი ცალკე სამყაროა, მთელი საქართველო იყო სტუდქალაქში თავმოყრილი: სხვადასხვა კუთხის ქართველებით, ერთმანეთის იმედად იყვნენ ეს კორპუსები. უცხოს არავინ არავის დააჩაგვრინებდა სტუდქალაქში, იქ გავიცანი გოდერძი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, არც გამომეტყველებით, არც სიტყვით, არც თავისი უცნაურობებით. არც მოჩხუბარი იყო, დევგმირის მხარ-მკლავი არ ჰქონდა, მაგრამ თუ მსგავსი სიტუაცია იქმნებოდა, უკან არასდროს იხევდა. გული ჰქონდა დიდი და უშიშარი.
მე მოწმე ვარ, როგორ იქმნებოდა მისი რომანები, ნოველები, მოთხრობები. იმ კორპუსში, სადაც ის ცხოვრობდა თავი მოეყარათ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსულ თანატოლებს - ყაბარდობარყალებს, ჩეჩნებს, ინგუშებს. გოდერძი მეორე სართულზე ცხოვრობდა, ხმაური არ უყვარდა ერთი ფანჯარა ჰქონდა მის ოთახს, სქელი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, ხელი რომ არავის და არაფერს შეეშალა და იჯდა და ან კითხულობდა, ან წერდა. რამდენი დღე დაგვიღამებია და ღამე გაგვითენებია ერთად გოდერძის ოთახში; რაიონიდან ჩამოსულ ახლობლებს შეიფარებდა, ღამეს ათევინებდა, გულუხვი და გამეტებული იყო, ღამის გათევას ვის დაამადლიდა; ბევრი მოთხრობა და ნოველა პირველად მე წამიკითხა; შაბათ-კვირას ჩოხში მიდიოდა, დედასთან და გზაზე მიმოსვლაში ხარჯავდა ფულს.
ერთი პერიოდი ფილოსოფიური ლიტერატურით იყო გატაცებული; მისი მაგიდა სავსე იყო ფილოსოფიური ხასიათის წიგნებით; იქიდან მის სულსა და გულში რჩებოდა მიღებული ცოდნა და მერე სხვადასხვა სახით იყენებდა ნაწარმოებებში.
ძნელია ასე ისაუბრო გოდერძიზე, მის პიროვნულ პორტრეტს და დამახასიათებელ შტრიხებს რაღაც აკლდება, იკარგება.
იყო სევდიანი, ჰქონდა პერიოდები ძალიან დამძიმდებოდა, დასევდიანდებოდა და მერე გამოდიდა ამ მძიმე მდგომარეობიდან.
გვიხაროდა მთაში წასვლა - ჩემს ჯუთაში მივდიოდით, მის ჩოხში მივდიოდით; მოგვწონდა უფროსებთან ურთიერთობა, მშობლებთან, ნათესაობასთან.
ვერ გაუძლო წუთისოფელს, ბოლო ხანებში მასთან მივდიოდი და ვთავაზობდი, წავიდეთ გუდამაყრის ხეობაში-მეთქი. ძალიან გამხდარი და დასაბუთებული იყო, შემომხედა, გაიღიმა და ვერაო, მითხრა.
გარეთ გასვლას და ადამიანებთან შეხვედრას ძალიან ერიდებოდა; მერე კლინიკაში მოათავსეს, თანდათანობით დამძიმდა და უფრო გაუჭირდა, დეპრესიიდან ვერ გამოვიდა.
აქვს ამგვარი ბოლო ჩანაწერი: მინდა თვალები გახელილი მქონდეს და დავდიოდე; არ მინდა ჩემი არყოფნა წარმოვიდგინოო; მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური და სულიერი ტკივილებით იტანჯებოდა, მაინც არ უნდოდა ამ ქვეყნიდან წასვლა. ხაზგასმით ამბობდა, მინდა კიდევ ვიყო და ვუყურო ამ სამყაროსო.
არავინ იცის, როგორი იქნებოდა სევდების შემგროვებელი დღეს, 69 წლის ასაკში.
ასევე დაგაინტერესებთ:
"ანაფორა რომ ჩამაცვეს, ცახცახმა ამიტანა..." - რა სიახლეა მუსიკოს გოჩა ჭაბუკაიძისკენ