1730738460
"კახის ბელა ხელში აყვანილი დაჰყავდა. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? კაცი, რომელსაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი" - ნანა ჯანელიძე კახი კავსაძეს იხსენებს
კახის რაინდული თვისებების ჩამოთვლისას, რეჟისორი ნანა ჯანელიძე, გენიალური არტისტის სიყვარულის უსაზღვრო ნიჭზე გვესაუბრება. დავფიქრდი, მართლაც რატომ უყვართ კახი ასე ძლიერად? თანაც ყველას განურჩევლად ასაკისა? იმიტომ რომ კახი სიყვარულს აფრქვევდა და მზეს გვიზიარებდა... ყველას ესაუბრებოდა და თანაც გულწრფელად...
ნანა ჯანელიძე: – კახი ყველას უყვარს. არ მინახავს, სადმე მისულიყოს და დიდი ფურორი არ მოეხდინოს ადამიანურად, არტისტულად.
მაინც მგონია, რომ დაუფასებელი იყო. გაცილებით მეტ ფილმში უნდა ყოფილიყო გადაღებული, ვიდრე არის. მის ნიჭს და ტალანტს გაცილებით მრავალი ჟანრის მოცვა შეეძლო.
ფილმზე „იქ თეატრი არის?“ (კახის ბიოგრაფია) მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ კახი მხოლოდ დიდი არტისტი არ არის. ის არის დიდი ტრაგიკოსი და კომიკოსი ერთდროულად. მას აბსოლუტურად ყველაფერი ხელეწიფებოდა.
საოცარი უნარი ჰქონდა იმ წუთში, იმ კონკრეტულ დუბლში თავისი პოტენციალის ათასი პროცენტი გაეცა.
ქუჩაში რომ მივდიოდით, ყველა ეთაყვანებოდა. სურათებს იღებდნენ, აჩერებდნენ, ეფერებოდნენ…
ყველას უჩერდებოდა და დიდ სითბოს და სიყვარულს უჩვენებდა. უყვებოდა ისტორიებს და თან ისე, ათასკაციან დარბაზში რომ ყვება არტისტი და იხარჯება. ასე იხარჯებოდა ნებისმიერი ადამიანის წინ, თუნდაც იმ მათხოვრის წინ, რომელიც ამ დროს იქვე იდგა...
ასეთი გულუხვობით გასცემდა თავის ნიჭს, სითბოს და სიყვარულს. ამიტომ კახი სრულიად შეუდარებელი, წამლეკავი სიყვარულის და ღირსების მქონე ადამიანი გახლდათ. მას ყოველთვის უხაროდა სხვისი ნიჭი, გამარჯვება და სიკეთე. ამით ძალიან ბედნიერდებოდა. მე არ მინახავს მასში შურის ან ძაგების პატარა უხერხული ჩრდილი. ეს სიყვარულის ფრქვევა და სინათლე ყველაზე მოქმედებს, მზის სხივებს გავს…
არაჩვეულებრივი მამა და კიდევ უფრო დიადი დედა ჰყავდა. ამ დედამ მოახერხა ის, რომ ორ ვაჟს, რომლებსაც შვიდი წელი ჰქონდათ მამასთან ერთად ნაცხოვრები, ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრა მამა. მამა, რომელიც წავიდა ომში, დაჭრეს, მოხვდა ნაცისტურ ბანაკში, იქ ჩამოაყალიბა გუნდი. ომის დასრულების მერე წამოვიდა საქართველოსკენ, მაგრამ მატარებელში კაგებე დაადგა და გადაასახლეს.
კახის ორჯერ ჰყავს ნანახი მამა. მაგრამ დათაშკა მათ ოჯახში მუდამ არსებობდა, მუდამ ცხოვრობდა. დედა ეუბნებოდათ, აბა, იმეცადინეთ, რას იტყვის მამა?.. მამა, რომელიც ფიზიკურად არ იყო სახლში, მაგრამ შვილებისთვის კაცობის, თავდადების, ნიჭის, ვაჟკაცობის მაგალითი იყო მუდამ.
კახის ცხოვრების მანძილზე არაერთხელ შეხვედრია უცხოეთში ადამიანი, რომელმაც უთხრა, მე დათაშკამ გადამარჩინა ნაცისტურ ბანაკსო…
კახი ქართული რაინდული სულის განსახიერებაა მისი დამოკიდებულებით ბელასადმი. ის ისტორია, რაც მას გადახდა, შეიძლება მითებში წაიკითხო: 12 წელი ელოდა ბელას, თავისთვის უყვარდა, მერე შეირთო ცოლად, მასთან ერთად იცხოვრა… თუმცა ერთად ყოფნის სამი წლის თავზე ბელა ავად გახდა და ნელ-ნელა ილეოდა და ქრებოდა. კახის უფრო და უფრო უყვარდა ბელა. მთელი ცხოვრება უყვარდა. ბოლოს ხელში აყვანილი დაჰყავდა ხან ერთ მეგობართან, ხან მეორესთან და ქეიფობდნენ. ცოლზე ყურებამდე შეყვარებული იყო. ესეც კაცობის იდეალია, რომ შეგიძლია გიყვარდეს ერთი ქალი, მთელი ცხოვრება იყო მისი ერთგული და მასში მზეთუნახავს ხედავდე.
კახი მომნუსხველად საყვარელია ყველა ჯურის, ერის კაცისთვის და ქალისთვის. კაცებისთვის კიდევ რაღაც განსაკუთრებულია კახიში. ისინი იდეალს ხედავენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? კაცი, რომელსაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ეს ხომ საოცრებაა, კახი ასეთია.
კახის ენერგია და მისი სიკეთე ბევრ ქართველს გადასდებოდეს. ის იყოს მათი იდეალი, რომლისკენაც ივლიან და ეცოდინებათ, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით იყვნენ, გვათბობდნენ და გვაძლევდნენ იმის იმედს, რომ ყველაფერი მშვენიერია.