როგორ იცვლება ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები?

კარანტინი და იზოლაცია

„ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი წესები ძალაში ორშაბათიდან შევა. ასევე, გაბუნიამ განმარტა, რა ცვლილებები შედის იზოლაციისა და კარანტინის ვადებში აცრილი პირებისთვის:

„ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული დღეები. ვადები ასე განისაზღვრა – ასიმპტომური მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღეს, ასევე სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში რეკომენდებულია მკაცრად ნიღბის ტარება. საშუალო და მძიმე შემთხვევებისთვის მინიმუმ 10 დღეა განსაზღვრული და სახეზე უნდა იყოს მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება ბოლო 24 საათში და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია მკაცრად ნიღბის გამოყენება.

რაც შეეხება კონტაქტებს, ამ შემთხვევაშიც მცირდება ვადები. თუ ეს არის კონტაქტი, რომელიც არის ვაქცინირებული, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში მათ კარანტინის ვადა ეხსნებათ და ასევე პირებს კოვიდ ინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ აღარ იყვნენ კარანტინში. რაც შეეხება არავაქცინირებულ პირებს აქ კვლავ რჩება რეკომენდაცია კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში კარანტინში ყოფნა და 9-12 დღის განმავლობაში ნიღბის გამოყენება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.