დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნეტარი ქსენიას (ქსენია გრიგოლის ასული პეტროვა) წარმოშობის შესახებ ცნობები არ შემონახულა. არ ვიცით, ვინ იყვნენ მისი მშობლები, სად მიიღო განათლება და აღზრდა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ქსენია უბრალო წარმოშობისა არ იყო, რამდენადაც გათხოვილი იყო ანდრეი თეოდორეს ძე პეტროვზე, რომელიც პოლკოვნიკის ხარისხში გახლდათ და მეფის კარის მუსიკოსი იყო.
ხალხის ხსოვნამ არაფერი იცის ქსენია გრიგორის ასულზე, როგორც ჩვეულებრივ ქალზე, ჩვეულებრივი ადამიანური ინტერესებით. მაგრამ, იყო რა პოლკოვნიკის ცოლი, იგი არც არაფრით გამოირჩეოდა მისი თანამედროვე სხვა ქალებისგან, არ ჰქონდა არანაირი გამორჩეული დამსახურებანი არც მართლმადიდებელი ეკლესიის, არც სამშობლოს წინაშე. სწორედ ამიტომ, მისი ცხოვრების პირველ წლებზე არანაირი ცნობები არ გაგვაჩნია. სამაგიეროდ ხალხის ხსოვნამ კარგად შემოინახა სახე ქსენია გრიგორის ასულისა, როგორც ქალისა, ქრისტესათვის სულელისა, როგორც ღვთის მოღვაწისა და როგორც ნეტარისა. ხალხის ხსოვნამ შემოინახა აგრეთვე მიზეზი ქსენიას მიერ სოფლის სრული უარყოფისა და ყველა ამსოფლიური სიხარულისაც. ამის მიზეზი იყო სრულიად მოულოდნელი სიკვდილი მის მიერ ღრმად შეყვარებულ, სასიცოცხლო ძალების გაფურჩქვნის პერიოდში მყოფი ქმრისა - ანდრეი თეოდორეს ძე პეტროვისა.
ამ მოულოდნელმა დარტყმამ ისე ძლიერ შეძრა ქსენია გრიგორის ასული, ისე ძლიერ იმოქმედა ახალგაზრდა 26 წლის, უშვილო ქვრივზე, რომ მან თითქმის ერთბაშად დაივიწყა ყოველივე მიწიერი, ადამიანური, ყველა სიხარული და გართობა, და ამის გამო ბევრს შეშლილად, გონებაარეულად ეჩვენებოდა.
ასე დაუწყეს ყურება მას მისმა ნათესავებმა და ნაცნობებმაც კი და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქსენიამ მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლი კი თავის კარგ ნაცნობს პარასკევა ანტონოვას აჩუქა.
ქსენიას ნათესავებმა სარჩელითაც კი მიმართეს გარდაცვლილი ანდრეი თეოდორეს ძის უფროსობას, არ დაერთოთ ნება ქსენიასათვის გონებანაკლულებაში დაერიგებინა თავისი ქონება. გარდაცვლილი პეტროვის უფროსობამ ქსენია თავისთან გამოიძახა, მაგრამ მასთან საუბრისას დარწმუნდა, რომ ქსენია სავსებით ჯანმრთელია და ამიტომ უფლება აქვს განკარგოს თავისი ქონება ისე, როგორც მოესურვება.
ასე უყურებდნენ ხორციელი ადამიანები მხევალს ღვთისას, ქსენიას და არ ესმოდათ, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მის სულში დიდი გადატრიალება ხდებოდა, ხდებოდა სრული გარდაქმნა ხორციელი ქალისა სულიერ ქალად.
და მართლაც, საყვარელი ქმრის მოულოდნელმა სიკვდილმა, რომელშიც თავი მოიყარა მისი სიცოცხლის მთელმა მიზანმა და ცხოვრებისადმი მთელმა ინტერესმა, ნათლად უჩვენეს ქსენიას თუ რაოდენ არამყარია და ამაო მიწიერი ბედნიერება.
იგი მაშინვე მიხვდა, რომ დედამიწაზე მყარი ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია, რომ ყველაფერი მიწიერი მხოლოდ ხელის შემშლელი და დამაბრკოლებელია ნამდვილი ბედნიერების მიღწევის გზაზე ზეცაში, ღმერთში. აი, რატომ გადაწყვიტა ღვთის მხევალმა ქსენიამ ქმრის სიკვდილისთანავე გათავისუფლებულიყო ყოველგვარი მიწიერი მიჯაჭვულობისაგან: ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლი ქალბატონ ანტონოვას აჩუქა, ხოლო თავად არაფერი დაიტოვა, რათა არაფერს შეეშალა მისთვის ხელი ჭეშმარიტი სულიერი ბედნიერების მიღწევაში.
ამის მისაღწევად მან სალოსობის მძიმე გზა აირჩია. ქმრის კოსტუმში გამოწყობილმა დაიწყო ყველას დარწმუნება იმაში, რომ ანდრეი თეოდორეს ძე სრულიადაც არ მომკვდარა, არამედ მოკვდა მისი მეუღლე ქსენია გრიგორის ასული და არასოდეს ამის შემდეგ არ გამოპასუხებია მას, ვინც ქსენია გრიგორის ასულს ეძახდა და ყოველთვის ხალისით პასუხობდა, როდესაც ანდრეი თეოდორეს ძეს ეძახდნენ.
რაიმე განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი ქსენიას არ ჰქონდა. უმეტესად იგი მთელი დღე დაეხეტებიდა პეტერბურგში და უპირატესად წმიდა მოციქულ მათეს სახელობის ეკლესიის მრეველის რაიონში, სადაც მაშინ პატარა ხის სახლებში ღარიბი ხალხი ცხოვრობდა. უცნაური სამოსი ღარიბი, ძლივს შემოსილი ქალისა, რომელსაც არ ჰქონდა ადგილი სადაც თავს მიიდრეკდა, მისი გადაკრული ლაპარაკი, მისი სიმდაბლე, ურისხველობა ხშირად ბოროტ ხალხს და განსაკუთრებით კი ქუჩის ბიჭებს, აძლევდა საბაბს ეჭვით ეცქირათ, თამამად გაეკილათ და დაეცინათ ნეტარი დედისთვის.
მაგრამ ნეტარ დედას ყოველთვის თვალწინ ედგა ტანჯული ქრისტეს სახე, რომელმაც უდრტვინველად გადაიტანა ლანძღვა-გინება, ფურთხება, ჯვარცმა და სიკვდილი. აი, რატომ იყო, რომ ნეტარი დედაც უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ დაცინვას.
მხოლოდ ერთხელ, როდესაც ქსენია უკვე ღვთის სათნომყოფელად ითვლებოდა, პეტერბურგელებმა იგი საშინელ მრისხანებაში ნახეს. ქუჩის ბიჭებმა სალოსის დანახვაზე ჩვეულებისამებრ დაცინვა და გაბრაზება დაუწყეს. ნეტარი დედაც, ჩვეულებრივ, უდრტვინველად იტანდა ამას, მაგრამ ბოროტი ბავშვები დაცინვით არ შემოიფარგლნენ. ნახეს რა, უდრტვინველობა და უმწეობა ნეტარისა, მათ დაცინვასთან ერთად დაუწყეს ტალახისა და ქვების სროლა... მაშინ კი, როგორც ჩანს, ნეტარ დედასაც არ ეყო მოთმინება. ქარიშხალივით გამოენთო ბოროტ ბიჭებს, თან თავისი ჯოხით ემუქრებოდა, რომელსაც მუდამ თან დაატარებდა. პეტერბურგელებმა ასეთ საშინელ მრისხანებაში რომ დანახეს, შეძრწუნდნენ უპატრონო, ბოროტი ბავშვების საქციელით და მაშინვე მიიღეს ზომები, რათა აღარავის ეწყენინებინა ნეტარისთვის.
თანდათანობით ნეტარი დედის უცნაურობებს შეეჩვივნენ, თანდათანობით მიხვდნენ, რომ ის უბრალო მთხოვნელი - გლახაკი არ არის, არამედ რაღაც განსაკუთრებული. ამიტომ ეცოდებოდათ და ცდილობდნენ რამით დახმარებოდნენ.
ეს სიბრალული განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც კამზოლი და კოფთა ნეტარ დედას მთლიანად შემოაცვდა და ზამთარ-ზაფხულ საცოდავი ძონძებით დადიოდა. შიშველ ფეხებზე კი, ყინვისაგან დასიებულსა და წითელზე, დახეულ ფეხსაცმელს ატარებდა. ძლივს შემოსილი, სველი და გათოშილი სალოსის შემყურე, ბევრი აძლევდა მას თბილ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მოწყალებას, მაგრამ ქსენია არაფრით არ თანხმდებოდა თბილი ტანსაცმლის ჩაცმაზე და მთელი ცხოვრება საცოდავი ძონძებით დადიოდა - წითელი კოფთითა და მწვანე ბოლოკაბით, თუ პირიქით - მწვანე კოფთითა და წითელი ბოლოკაბით. მოწყალებასაც ასევე არ იღებდა. მხოლოდ ხანდახან კეთილი ადამიანებისგან იღებდა „მეფეს ცხენზე“ (კაპიკებს მხედრის გამოსახულებით) და მაშინვე აძლევდა ამ „მეფეს ცხენზე“ ისეთივე ღარიბებს, როგორიც თვითონ იყო.
მთელი დღეები დაეხეტებოდა რა პეტერბურგის ჭუჭყიან ქუჩებში, იშვიათად შეუვლიდა ხოლმე თავის ნაცნობებს, სადილობდა მათთან, ესაუბრებოდა, ხოლო შემდეგ კვლავ სახეტიალოდ მიდიოდა.
სად ატარებდა ღამეებს დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო. ამით დაინტერესდნენ არა მხოლოდ პეტერბურგის მცხოვრებნი, არამედ ადგილობრივი პოლიციაც, რომელსაც ის, რომ ნეტარი დედის ღამისთევის ადგილი ცნობილი არ იყო, საეჭვოდ ეჩვენებოდა. გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, გაეგოთ, სად ატარებდა ღამეებს ეს უცნაური ქალი და რას აკეთებდა ამ დროს. პეტერბურგის მცხოვრებლებმა და ადგილობრივმა პოლიციამ, შეძლო დაეკმაყოფილებინა თავისი ცნობისმოყვარეობა და დამშვიდებულიყო.
აღმოჩნდა, რომ ქსენია, მიუხედავად წელიწადის დროისა, მიუხედავად ამინდისა, ღამით მინდორში მიდის, მუხლს იყრის და ლოცვაზე დგება და თვით მზის ამოსვლამდე არ წყვეტს მუხლმოდრეკილი ლოცვას, პერიოდულად კი დიდ მეტანიებს აკეთებს ოთხივ კუთხით.
სხვა დროს მუშებმა, რომლებიც სმოლენსკის სასაფლაოზე აგურის ეკლესიას აშენებდნენ, შეამჩნიეს, რომ ლამით, როდესაც ისინი არ იყვნენ, მშენებლობაზე ეკლესიის ზედა უბნებზე ვიღაცას აგურის მთელი მთები აჰქონდა. დიდხანს აკვირვებდათ ეს მუშებს, დიდხანს ვერ გაეგოთ, თუ საიდან ჩნდებოდა მშენებარე ეკლესიაზე ზემოთ აგურები. ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტეს გაეგოთ თუ ვინ იყო ეს უფასო, დაუღალავი მუშაკი, რომელიც ყოველ ღამე აგურებს უზიდავდა? აღმოჩნდა, რომ ეს დაუღალავი მუშაკი მხევალი ღვთისა - ქსენია იყო. შესაძლოა ბევრი სხვა, ქვეყნისათავის უცნობი ღვაწლი ჰქონდა ნაკისრი ნეტარ ქსენიას. სამწუხაროდ მის გვერდით არ იყო ვინმე, ვინც ამ ღვაწლთა მოწმე იქნებოდა.
მან მარტომ განვლო თავისი ცხოვრებისეული გზა. ამასთან ეს გზა გრძელი იყო: მთელი 45 წელი ცხოვრობდა იგი ქმრის სიკვდილის შემდეგ, მთელი 45 წლის მანძილზე დაუღალავად ებრძოდა კაცობრიობის მტერს - ეშმაკს და ამსოფლიურ ამპარტავნებას!
სად ასვენებდა თავის თითქმის შეუმოსავ, ძონძებით დაფარულ სხეულს ნეტარი ქსენია თავისი მწირობის მანძილზე, მხოლოდ ღვთისთვისაა ცნობილი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავოცდეთ, თუ როგორ შეეძლო მას, მოხუცსა და სუსტს აეტანა რუსეთის თავსხმა წვიმები, რომლებიც ძვლებადე ატანს, რუსეთის საშინელი ყინვები, როდესაც ჩიტები ჰაერში იყინებიან და ადვილად ცივდებიან კარგად ჩაცმული, ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები! ალბათ, საჭირო იყო ზეადამიანური ძალების ფლობა, ანდა ისეთი შინაგანი, სულიერი სიმხურვალის ქონა, ან ისეთი ღრმა, შეურყეველი რწმენა, რომლის წყალობითაც შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება.
მაგრამ, თუ გავიხსენებთ ღვთის დიდ სათნომყოფელთა გასაოცარ, ადამიანურ ძალებზე აღმატებულ და ადამიანური გონებისთვის მიუწვდომელ სასწაულებს, ნეტარი დედის ღვაწლსაც ნუ ჩავთვლით არ არსებულ, ადამიანის სხეულისთვის შეუძლებელ ღვაწლად.
ნეტარ ქსენიას მართლაც ჰქონდა იმგვარი რწმენა, რომლითაც ყველაფერი შესაძლებელია. დიდი სიმდაბლით, სულიერი ღვაწლითა და ხორციელი სიგლახაკით, მოყვასისადმი სიყვარულით და ლოცვით მოიპოვა მან წინასწარხედვის მადლმოსილი ნიჭი. ამ თავისი ნიჭით იგი ბევრს დაეხმარა ცხოვრების მოწყობაში და სულის ხსნაში რომელზეც ცნობილი შემთხვევებიც მოწმობს, პეტერბურგის მცხოვრებთა მეხსიერებამ რომ შემოინახა.
ნეტარი ქსენია პეტერბურგელის ხსენების დღე 6 თებერვალია.
ნეტარი დედის შესახებ სტატია აღებულია orthodoxy.ge-დან
ასევე დაგაინტერესებთ: "წმინდანს შესთხოვა, თუ განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა და სიტყვა აასრულა" - სად არის ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარი