დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
"სადაც დედა პარასკევაა, მამა გაბრიელიც იქ არისო, ამბობენ", - გვითხრა და გაიცინა მონაზონმა, რომელსაც თითქმის მთელი საქართველო იცნობს.
ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის გვერდით სამი წელი გაატარა. უმზადებდა წვნიანს, უსიტყვოდ ესმოდა მისი. მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ კი, მისი უხრწნელი სისხლით ყველას ლოცავს და წმინდა მამასთან შუამდგომლობს.
ძნელად თუ მოიპოვება ვინმე, ვინც მამა გაბრიელის საფლავზე, მის ამოყვანებამდე, ნამყოფი არ არის. მის საფლავზე მუდმივად მყოფი მომღიმარი დედა პარასკევა კი ყველას მეხსიერებაშია...
უკვე ექვსი წელია ბორჯომში, ვარდგინეთის დედათა მონასტერში მოღვაწეობს. როდესაც თბილისში ჩამოდის, მამა გაბრიელის მიერ აგებულ ტაძარს და კელიას სტუმრობს, ადგილს, სადაც ჩვენი დროის უდიდესი წმინდანი თბილისში ყოფნისას ცხოვრობდა. ამ ძვირფასს ადგილს ბერის უფროსი და, ემა უვლიდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი შვილი, ანუ მამა გაბრიელის დისშვილი, ელდარ ურგებაძე უვლის და დაჰკანკალებს. აქ ყველაფერი ხელუხლებლად დაგხვდებათ...
დედა პარასკევა გვიდასტურებს, რომ ის კავშირია ჩვენსა და მამა გაბრიელს შორის. "პრაიმტაიმთან" იხსენებს ძვირფას მოძღვარს და მის დანაბარებს გადმოგვცემს.
დედა პარასკევა: როდესაც მამა გაბრიელის დახმარება მჭირდება, ის სულ ჩემთან არის. ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, როდესაც მჭირდება და მოვუხმობ, შეგრძნების დონეზე, ყოველთვის ვგრძნობ მის ყოფნას.
მის განსაკუთრებულ სიახლოვეს კი აქ, მის მიერ აგებულ ტაძარსა და კელიაში ვგრძნობ.
ხილვები არა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი იქვე დგას და მეხმარება. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს შინაგანი შეგრძნებაა.
როდესაც დახმარება სჭირდებათ და მამა გაბრიელთან ლოცვა სჭირდებათ, მე მომმართავენ და მამა გაბრიელი უცებ ისმენს ჩემს სიტყვას. ერთგვარი შუამავალი ვარ ადამიანებსა და მამა გაბრიელს შორის. მამა გაბრიელი ჩვენი მეოხია. რაღაცნაირად მე დედამიწაზე დამტოვა, რომ ადვილად გავაგებინო მას, რა გვჭირდება. ეს, მამა გაბრიელის მეოხებით, ღმერთის წყალობაა.
ვისაც განკურნავს, ვის ლოცვასაც შეისმენს, როგორც ჩანს, მათთან ძალიან ახლოს არის მამა გაბრიელი და მათი გულის ტკივილი შეისმინა.
როდესაც დათი ქოქრაშვილი განსაცდელში იყო და მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა, მანანა ხორბალაძემ (დათის ბებია მისი მეჯვარეა) დამირეკა, ითხოვა, რომ მამა გაბრიელისთვის შემწეობა მეთხოვა. მე შევთხოვე და იმ წუთს მამა გაბრიელს ჩემი თხოვნა ესმოდა. მე ვიგრძენი, რომ მან ჩემი ლოცვა გაიგონა და შეეწია დათის...
მამა გაბრიელს ბუნებრივად იმპროვიზებული და არტისტული და ლამაზი ხმა ჰქონდა. ვუმზადებდი საჭმელს, რასაც მთხოვდა. ძირითადად, წვნიანების მომზადებას მთხოვდა, ბრინჯით მომზადებულს. უყვარდა ლობიო. მცირედით იკვებებოდა, ამბობდა: ჩემი საქართველოს სიყვარული საჭმელში როგორ გავცვალოო.
აღდგომას ყოველთვის მონასტერში ვხვდები, მერე აქ მოვდივარ. მამა გაბრიელს ძალიან უყვარდა აღდგომა. აღდგომა ყველაფერია.
მენატრება ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელთან ვიყავი მცხეთაში.
მამა გაბრიელმა დაგვიბარა, საქართველოს სიყვარული გადაარჩენსო. გიყვარდეთ ერთმანეთიო. ქრისტეს მტრები როგორ უნდა შეიყვარო, მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან გამოდის სიყვარულიო...