"წმინდანს შესთხოვა, თუ განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა და სიტყვა აასრულა" - სად არის ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარი

deda matrona

წმინდა ნეტარმა მატრონა მოსკოველმა ამ წუთისოფელში 67 წელი გაატარა იმისთვის, რომ მის შემხედვარეს ღმერთი გვეწამა.

მატრონას უკანასკნელი სიტყვები იყო: "ყველანი, ყველანი მოდით ჩემთან, როგორც ცოცხალთან და მომიყევით თქვენი წუხილის შესახებ, მე დაგინახავთ, მოგისმენთ და დაგეხმარებით..."

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1885 წელს რუსეთში, ტულის ოლქში ნიკონოვების ქრისტიანულ ღარიბ ოჯახში, მეოთხე შვილს ელოდნენ. დედას, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შვილი უპატრონო ბავშვთა სახლში მიებარებინა, რათა შიმშილი აერიდებინა მისთვის. თუმცა მან ნახა სიზმარი. მატრონაზე ორსულ ქალს ადამიანის სახიანი, თეთრი, თვალებდახუჭული ფრინველი დაესიზმრა, რომელიც მას მარჯვენა ხელზე დააჯდა. ქალმა ეს ნიშნად მიიღო და შვილის ბავშვთა სახლში ჩაბარება გადაიფიქრა. და დაიბადა გოგონა, უსინათლო, რომელსაც თვალები საუკუნოდ ჰქონდა დახუჭული, ისევე, როგორც სიზმრად ნანახ ფრინველს. 

თუმცა სულ მალე ღვთის რჩეულმა განსაკუთრებული უნარები გამოავლინა, სულიერი ხედვის წყალობით სასწაულების მოხდენა და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო... რის გამოც მალე გაიცნეს. დროს თანატოლებთან თამაშში კი არა, ტაძარში, ხატებთან და ლოცვაში ატარებდა. ბავშვები უსინათლო გოგონას აბუჩად იგდებდნენ, ჭინჭრით სუსხავდნენ, ან ორმოში აგდებდნენ და შემდეგ ერთობოდნენ იმის ყურებით, როგორ ამოდიოდა უსინათლო მატრონა იქიდან. გოგონა ბავშვისთვის შეუფერებელ თემებზე იწყებდა საუბარს. მან მხოლოდ არა მისი სოფლის, არამედ მეზობელ  სოფელში არსებული ვითარების და ქვეყნის მეფის ოჯახის ამბებიც იცოდა. მისი ყველა წინასწარმეტყველება ახდა. მასთან ხალხი დადიოდა, ის ყველას უწინასწარმეტყველებდა მომავალს. უსინათლო გოგონა ოჯახის მარჩენალი გახდა. 

17 წლისამ გადაადგილების უნარიც დაკარგა. გარშემომყოფების დახმარების გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეეძლო. თუმცა იმისთვის, რომ ძმებისთვის პრობლემები აერიდებინა, რომლებიც კომუნისტურ პარტიაში უნდა მიეღოთ, მატრონამ მშობლიური სახლი დატოვა და მოსკოვში გადავიდა. დაიწყო უსახლკარობის პერიოდი. ხან ვინ იფარებდა, ხან - ვინ. ხან ნათესავი, ხან, ნაცნობი, ცხოვრობდა სარდაფებშიც. რადგან ჩაწერილი არ იყო, რომ არ დაეჭირათ, სადგომს იცვლიდა. დღისით ხალხს იღებდა, ღამით ლოცულობდა. სპეციალურად დასაძინებლად არ წვებოდა, მხარზე წამოწოლილი თვლემდა. 

ნეტარი მატრონა იდევნებოდა. თუმცა მომლოცველების რიცხვი, მის ზღურბლთან, იზრდებოდა და იზრდებოდა, მით უფრო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ფრონტიდან მამების, შვილების, ძმების დაბრუნებას ელოდნენ... 

დეკანოზი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც სტატიაში გაგაცნობთ, გადაცემა "თავისუფალ თემაში" ასეთ ისტორიას ჰყვება. მეორე მსოფლიო ომის დროს, მოსკოვი უნდა დაცემულიყო. სტალინი მატრონუშკასთან მისულა. როგორ მოვიქცეო. მატრონუშკას უთქვამს, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შემოატარეთ. შემოტარების შემდეგ დაიწყება დიდი ყინვები, ავტომატი ვერ გაისვრის, ხალხი გაიყინება და გერმანელები უკან გაიქცევიანო. ასეც მოხდა.

ხალხის მახსოვრობაში დედა მატრონა ჩარჩა ბავშვის ხელებითა და ფეხებით, კეთილი, ნათელი სახითა და მზრუნველი ხმით, საწოლსა თუ სკივრზე შემომჯდარი. მიუხედავად მისი ფიზიკური მდგომარეობისა, ისე აჩვენებდა თავს, რომ მისთვის თითქოს უცხო იყო დაღლა. 

ის ჩვენთვის ახლობელია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი თანამედროვეა. მისი გასაჭირები ჩვენთვის ცნობილია. თუმცა მას არ დასცდენია, რომ რამეს განიცდიდა. იმხელა ძალისა და სიყვარულის პატრონი იყო, თავად ამ მდგომარეობაში მყოფი, სხვას აძლევდა რჩევასა და ნუგეშს. არავისთან დაცდენია, რომ დაიღალა. ამას ვერავისგან გაიგებდით, ვინც კი მატრონუშკაზე ისტორიები შემოინახა და მასზე ამბებს ჰყვებოდა. 

სასწაულებზე, რომელსაც ნეტარი მატრონა ადამიანებს უვლენდა, სხვადასხვა ინტერნეტ-გვერდებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. 

ჩვენ კი გეტყვით, სად არის საქართველოში წმინდა დედის სახელობის ტაძარი.

2016 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისთან ახლოს, სოფელ ფარცხანაყანევში წმინდა ნეტარი დედა მატრონას სახელობის ტაძარი აიგო, სადაც წმინდანის მირონმდინარე ხატია დაბრძანებული.

კონსტანტინე ნიქაბაძეზე, რომელმაც წმინდანს შეწევნა სთხოვა, წმინდა მატრონას სახელობის მონასტრის დეკანოზი გიორგი ფხაკაძე ჰყვება.

დეკანოზი გიორგი ფხაკაძე: ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. შემდეგ კონსტანტინე წავიდა მოსკოვში... დასნეულდა. მივიდა ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარში. მან შესთხოვა წმინდანს, თუ დაეხმარებოდა და განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა, მან სიტყვა აასრულა და სოფელ ფარცხანაყანევში ააგო მისი სახელობის ტაძარი. ეს მატრონუშკას ლოცვა-კურთხევაა. მან ინება, რატომღაც აქ, სოფელში მობრძანებულიყო. ჩვენთან, ფარცხანაყანევში.

2016 წლიდან დედა მატრონუშკას წერენ წერილებს, თხოვნებს და მოაქვთ ჩვენთან. ჩვენ ვაგროვებთ, მერე მიაქვთ მოსკოვში, დედა მატრონუშკას მონასტერში. წერილებს იქ კითხულობენ, მოიხსენიებენ მათ დამწერებს, ზოგი საიდუმლოებაში იწირება. როგორც გადაწყვეტენ.

ამ ტაძრის ამგებს, კონსტანტინეს ძმა ჰყავს ხატმწერი, რომელმაც გადაწყვიტა, დედა მატრონას ხატი დაეწერა. რამდენიმე თვეში ხატს წმინდა ზეთი წამოუვიდა, რასაც ჩვენ მირონს ვეძახით. ზიარების შემდეგ ამ ზეთს ვცხებთ ხოლმე მაზიარებლებს. 

უნდა გწამდეს, რომ განიკურნო. 

ნეტარი მატრონას ხატზე წამოსული ზეთით, ბევრი განკურნებულა... ის ქვრივ-ობოლთა, უსახლკაროთა მფარველია. ეწევა ყველას, ვინც შესთხოვს...

თავისი სიკვდილის შესახებ მატრონამ სამი დღით ადრე იცოდა და დატოვა ანდერძი: „მრავალი წლის მერე ადამიანები გაიგებენ ჩემს სახელს და გუნდ–გუნდად ივლიან გასაჭირში დახმარებისათვის, რათა ვილოცო მათთვის უფლის წინაშე. მე ყველას მოვუსმენ და ყველას დავეხმარები.“ მართლაც, მოსკოვის დანილოვის სასაფლაოზე მისი მარადიული განსასვენებელი განსაკუთრებული სიწმინდეა, სადაც ყოველი კუთხიდან მოდიან მომლოცველები და ნეტარი არავის აკლებს თავის მეოხმყოფობას!

 

ასევე დაგაინტერესებთ: „შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით

Exclusive: "საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა

"ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან" – რა საჩუქარი "დაახვედრა" საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა