1732386875
მე ვერ ვხედავ, მაგრამ მეც შემიძლია ვიყო სასარგებლო... ჩემი სამყარო მშვენიერია - ლევან ყიყიშვილი ემოციური ისტორიით
ლევან ყიყიშვილი საინგილოში, სოფელ ალიბეგლოში დაიბადა და დაბადებიდან ტოტალურად უსინათლოა, მან არ იცის რა ფერისაა სამყარო, რადგან არასდროს უნახავს – მას მხოლოდ ეხება, მისი ხმა ესმის და სურნელსა და გემოს შეიგრძნობს. თუმცა იყენებს ტექნიკის ყველა მთავარ მიღწევას და ვირტუალურ სივრცეში თვალების გარეშეც ახერხებს ცხოვრებას. უყვარს კითხვა, საკუთარ თავს თავად უვლის, ახლა ის 36 წლისაა და მარტო ცხოვრობს თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ვინაიდან იქ, სადაც დაიბადა, უსინათლოსთვის შეუძლებელია განათლების მიღება თუ სოციუმში ადაპტაცია. ლევანი თავად გაგვიწევს მეგზურობას სამყაროში, რომელიც მისი თვალებისთვის უფერული და იმავდროულად, უზომოდ მრავალფეროვანია.
გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალი "თბილისელების"ინტერვიუდან:
– საინგილოდან ხართ და ამიტომ ამით დავიწყებ: როგორია ქართველების ცხოვრება ზედ საქართველოს საზღვართან? აზერბაიჯანის ხელისუფლება თითქოს ქართულ გვარ-სახელებს კრძალავსო.
– ეს საკითხი პრობლემური ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში მცხოვრები გამუსლიმებული ქართველებისთვისაა, კახის რაიონში ქართული სახელები და გვარები შენარჩუნებულია. საინგილოში ქრისტიანი ქართველები 200 000-ამდე ვართ, რომლებსაც შენარჩუნებული გვაქვს ეროვნება და სარწმუნოება. კახის რაიონში სამი მოქმედი ეკლესიაა. საპატრიარქომ მოგვივლინა მღვდელი – მამა პეტრე ხუმარაშვილი. მან მიიღო აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ვინაიდან, იქაური კანონმდებლობით, მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს აქვს სასულიერო მოღვაწეობის უფლება, ამასთან, ახლახან კიდევ ერთი სასულიერო პირიც ეკურთხა, ის ადგილობრივია, კახის რაიონიდან. ზოგადად, გამუსულმანებულ და ქრისტიან ქართველებს, ისევე, როგორც აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. კახის რაიონში ქართული სკოლებიცაა, თუმცა ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში ქართველები, ძირითადად, რუსულ სექტორზე სწავლობენ, იმიტომ რომ ქართული სკოლები აღარ არის. კახის რაიონის ქართულ სოფლებს ადრე საქართველოს ხელისუფლება ამარაგებდა ქართული სახელმძღვანელოებით, ბოლო დროს დახმარება შემცირდა და საქმე იქითკენ მიდის, რომ ქართული სკოლები კახის რაიონშიც დაიხურება.
– როგორია თქვენთვის სამყარო, რომელსაც ვერ ხედვთ?
– ფერები როგორია, არ ვიცი, არასდროს მინახავს, მაგრამ ჩემი სამყარო ლაღი და მშვენიერია. გათენებასაც ვგრძნობ და დაღამებასაც. ამინდსაც. მზესაც – მისი სხივებით. ახლოს რომ მოაქვთ რამე, ვგრძნობ, რომ რაღაც მომიტანეს, გადაადგილებისას ჯოხით ვიკვლევ გზას, შეხებამდე, წინასწარ ვგრძნობ, რომ ჩემ წინ წინაღობაა. სივრცეს – ქუჩაში ვარ თუ შენობაში შევდივარ – ნაბიჯებით გამოწვეული ხმით აღვიქვამ. მესამე სართულზე ვცხოვრობ ქირით და ერთი კვირა დამჭირდა, რომ მესწავლა, სად რა მქონდა. აქაც სივრცის შეგრძნება მეხმარება. დღეს უამრავი ადამიანის უფლებებს იცავენ, ჩემნაირი ადამიანის უფლებებიც დასაცავია. ვთხოვ თბილისის მერიას, ისნის რაიონის გამგეობას, იქნებ რამეში გამოვადგე, მე ვერ ვხედავ, მაგრამ მეც შემიძლია ვიყო სასარგებლო. მეუბნებიან, საქართველოს მოქალაქე არ ხარ და ვერ დაგეხმარებითო, მაგრამ მე ხომ ქართველი ვარ, თქვენი თანამემამულე საინგილოდან?!
ლევან ყიყიშვილისთვის დახმარების მსურველთათვის:
საქართველოს ბანკი
პირადი ნომერი 01391056437