ორწლიანი პაუზის შემდეგ, საინგილოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ

ეპისკოპოსი

ორწლიანი პაუზის შემდეგ, საინგილოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარსა და კახ- ინგილოს წმინდა გიორგის ტაძარში, პირველად ჩავიდა ეპარქიის დროებითი მმართველი მიტროპოლიტი თეოდორეც (ჭუაძე).

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეპარქიის მმართველი, ადგილობრივ მრევლთან ერთად, ორივე ტაძარში, სადღესასწაულო პარაკლისს აღავლენს.

მეუფე თეოდორე, კახის წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში, აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებსაც შეხვდება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის წარმომადგენლები და საპატრიარქოს სკოლა-ინტერნატის თანამშრომლებიც არიან.

„ორი წელი, პანდემიის გამო, ქურმუხისა და კახის წმინდა გიორგის ტაძრების მოსალოცად, აღარავინ ჩასულა. წინა წლებში მეც დავდიოდი და ძალიან ამაღელვებელი შეხვედრები იყო. დარწმუნებული ვარ, ისტორიულ ჰერეთში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს დიდი სიყვარულით ელოდებოდნენ" - განაცხადა მარტყოფლიშვილმა.

საინგილოში გამგზავრებამდე, ჰერეთში მოღვაწე დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდნენ.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი