აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე ელექტროენერგია გაიტანოს და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს - ალიევი

ალიევი და ღარიბაშვილი

აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც.

„ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრონერგიის მიმართულებით ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება, ექსპორტზე 157 გეგავატი გავიტანოთ. ეს არის საერთაშორისო დათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი.

მიგვაჩნია, რომ იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტრონერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც და საერთო ჯამში, გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი“, - განაცხად ილჰამ ალიევმა.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია გაიმართა.