შესაძლოა, ბავშვობის ტრავმა სპერმაზე აისახოს - ეპიგენეტიკური კვლევის შედეგები

სპერმა

გამოცემაში Molecular Psychiatry გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, შესაძლოა, კაცებში ბავშვობის დროინდელმა ტრავმებმა კვალი მათ სპერმაზე დატოვოს. კვლევის განმავლობაში მეცნიერებმა სწორედ სპერმის ეპიგენეტიკა შეისწავლეს პირებში, რომლებსაც ადრეულ ასაკში ძლიერი სტრესი ჰქონდათ გადატანილი.

ეპიგენეტიკა გულისხმობს იმ ცვლილებებს, რომლებიც გენების აქტივობაზე აისახება, თუმცა თავად დნმ-ის "კოდს" ხელუხლებელს ტოვებს. ეს ცვლილებები შეიძლება, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და გარემოს გავლენით ჩამოყალიბდეს და თაობიდან თაობასაც გადაეცეს.

სპეციალისტებმა 58 კაცის სპერმის ეპიგენეტიკური მახასიათებლები გააანალიზეს, მათ შორის დნმ-ის მეთილირება და პატარა არაკოდირებადი რნმ (რიბონუკლეინის მჟავა). აქედან პირველი არის ქიმიური პროცესის შედეგად წარმოქმნილი "ნიშნები", რომლებიც დნმ-ის გავლით გენების აქტივობაზე ზემოქმედებს. არაკოდირებად რნმ-საც იგივე გავლენა აქვს, მაგრამ არა დნმ-ის გავლით. ის რნმ-ის სიგნალებზე სხეულის რეაგირებაში ერევა.

მეცნიერებმა მონაწილეები ბავშვობის სტრესის მიხედვით კატეგორიებად დაყვეს, შეფასებისთვის კი ტრავმისა და სტრესის სკალა (TADS) გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ მაღალი მაჩვენებლის მქონე კაცებს სპერმის ეპიგენეტიკური პროფილი განსხვავებული ჰქონდათ მათთან შედარებით, რომლებმაც ნაკლები სტრესი გადაიტანეს.

კერძოდ, მონაწილეთა ამ ჯგუფში პატარა არაკოდირებადი რნმ მოლეკულა hsa-mir-34c-5p-ის განსხვავებული ექსპრესია აღინიშნა. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ის ტვინის განვითარების ადრეულ ეტაპზე ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ასევე სხვაობა გამოვლინდა ორი გენის — CRTC1 და GBX2 — მიმართ დნმ-ის მეთილაციის მხრივაც. ორივე მათგანი ასევე ტვინის განვითარებაში მონაწილეობს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, გადაეცემა თუ არა ეს კონკრეტული ეპიგენეტიკური ცვლილებები შვილებს. მსგავსი ფენომენი ცხოველებში დაფიქსირებულია, მაგრამ ადამიანებში ის აქამდე არ დადასტურებულა. გარდა ამისა, უცნობია, გავლენა დადებითი იქნება, უარყოფითი თუ ნეიტრალური.

მომზადებულია Live Science-დან, რომელიც პორტალმა nexton.ge-მ თარგმნა