თბილისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოზარდი დაიღუპა, გამოძიება დაიწყო

შსს

თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოზარდი დაიღუპა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე, სადაც წყალი იყო დაგუბებული.

შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც.

„სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.

სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.