1728846029
მეცნიერებმა ძაღლის ქცევა პატრონის მახასიათებლებს დაუკავშირეს - კვლევა
სან-პაოლოს უნივერსიტეტის (USP) მკვლევრებმა მეტისებსა და სხვადასხვა ჯიშის 665 ძაღლზე კვლევა ჩაატარეს და საინტერესო მიგნებებს გვიზიარებენ: ძაღლები, რომელთაც ყოველდღიურად ასეირნებენ, ნაკლებად აგრესიულები არიან; ისინი, რომელთა პატრონებიც ქალები არიან, უცნობებს ნაკლებად უყეფენ; მეტი მასის მქონე ძაღლები შედარებით მსუბუქებზე ნაკლებად ურჩები არიან; მოკლე დრუნჩის მქონე სახეობები შეიძლება უფრო ცუდად იქცეოდნენ, ვიდრე საშუალო ანდა გრძელი ცხვირის მქონენი. მკვლევართა ნაშრომს გამოცემა Applied Animal Behaviour Science ავრცელებს.
მიგნებები მკვლევართა ჰიპოთეზას ადასტურებს: ქცევა მხოლოდ დასწავლილი ანდა გენეტიკისაგან განპირობებული კი არ არის, არამედ გარემოსთან მუდმივი ურთიერთქმედების შედეგადაც ყალიბდება.
კვლევის ფარგლებში 665 ძაღლის პატრონმა სამი სხვადასხვა კითხვარი შეავსო. ისინი თავიანთ პიროვნულ თვისებებს, ძაღლების მახასიათებლებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ეხებოდა. შემოწმდა აგრესიული ქცევის არსებობაც: უცხოების მიმართ ყეფა ან მათზე თავდასხმა. კითხვარები, კერძოდ, USP-ის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა ნატალია ალბუკერკმა და სან-პაოლოს ფედერალური უნივერსიტეტის პროფესორმა კარინე სავალიმ შექმნეს.
ისტორიულად, ძაღლებში აგრესიულობას ხშირად მხოლოდ მათ ჯიშს მიაწერდნენ. მიუხედავად ამისა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად შეხედულებები შეიცვალა, ძაღლების ქცევა კი არაერთ სხვა ფაქტორს დაუკავშირდა სქესს, ასაკს, მეტაბოლიზმსა და ჰორმონებს.