ქედაში ავარიას ბავშვი ემსხვერპლა - ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა
1728209100
გია ჯაჯანიძე კლასელებს შეხვდა, როგორც ამბობს, 44 წლიანი პაუზის შემდეგ. ორი-სამი კლასელის გარდა, არც ერთი უნახავს.
"პრაიმტაიმთან" ცრემლებით და ყელში ბურთით ჰყვება შეხვედრის დეტალებს.
გია ჯაჯანიძე: წარმოიდგინეთ, მე და ჩემი კლასელები 44 წელი არსად არ გადავკვეთილვართ. როცა იკრიბებოდნენ და მირეკავდნენ, ხან ჩაწერა მქონდა, ხან უცხოეთში ვიყავი, ყოველთვის ისეთი მიზეზი მქონდა, წასვლას ვერაფრით ვახერხებდი. მერე ეტყობა მობეზრდათ და აღარ მირეკავდნენ. გავიდა დრო, ვიფიქრე, ხომ არ ფიქრობენ, რომ მე არ მივდივარ და თავს ვიკავებ ჩემი პოპულარობის გამო-მეთქი. არ მინდოდა, რომ ეფიქრათ, თითქოს მე რამით წინ ვარ...
როცა ცნობილი ხარ, არ ნიშნავს, რომ საოცარი ვინმე ხარ. ასეთი სამსახური მაქვს, ვჩანვარ, თორემ ნებისმიერი ექიმი თუ მასწავლებელი, რომელიც არ ჩანს, უფრო დიდ საქმეს აკეთებს, ვიდრე მე.
მამიდაჩემი სონია ფურნეში მუშაობდა, პურს აცხობდა. ისეთი საპასუხისმგებლო სამსახური ჰქონდა, შრომა აი, ის იყო. პურს აცხობდა, ხალხს უნდა ეჭამა...
მოკლედ, ბოლო დროს გააქტიურდნენ კლასელები, გვენატრები, დროს შეგიწყობთ, ოღონდ მოდი ჩვენთან ერთადო.
საბერძნეთში გამგზავრება გადავდე და ვიფიქრე, ბოლო ბოლო უნდა შევხვდე ჩემს კლასელებს-მეთქი. თან გავიფიქრე, ასე რომ მოვინდომე, საბერძნეთში გამგზავრება გადავდე, ხომ არ ვკვდები-მეთქი და ცოტა ავნერვიულდი.
დაითქვა დღე, 17 ივნისი. ათი ივნისიდან დავიწყე ნერვიულობა, დედაა! 44 წელი არ მინახავს კლასელები, რომელთან ერთად ბავშვურ სიხარულს თუ ბავშვურ ტანჯვას ვინაწილებდი, ვიხსენებდი, ვინ როგორ სწავლობდა, ვისთან როგორი ურთიერთობა მქონდა. მე ცუდად ვსწავლობდი. ხუთოსნების სულ მიკვირდა. მე, გაფანტული, სულ სხვა რამეებზე ვიყავი კონცენტრირებული.
მახსოვს, პირველ კლასში მასწავლებელი რომ იკითხავდა, ბავშვებო, კალათაში ათი ვაშლია, ამოვიღე სამი, რამდენი დარჩა? და შვიდიო, რომ პასუხობდნენ, მე პირგაღებული, გაოცებული ვიყავი, როგორ გამოიცნეს კალათაში რამდენი ვაშლი დარჩა-მეთქი.
დავიწყე ფიქრი, რა ჩამეცვა... პირველად ჩემს ცხოვრებაში ვფიქრობდი, რა ჩამეცვა, რომ კლასელები არ გამეღიზიანებინა. ასე დიდი ხანია არ მინერვიულია, როგორც კლასელებთან შეხვედრა ვინერვიულე.
შევხვდით თბილისში. მივედი და რესტორნის ეზოში დამხვდნენ. დედააა! ფეხები ლამის ამერია ჩემები რომ დავინახე... ჩემი ჯიგარი, ჩემი გული, ჩემი ბავშვობა... დავიბენი და ვიცინი თუ... (ახლა ცრემლი მდის რომ გიყვები) რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი... ზოგი ხმით, ზოგი თვალებით, ზოგი ღიმილით ვიცანი, რამდენიმე საერთოდ ვერ ვიცანი... ეს იყო დიდი სიხარული და დაბნეულობა. მე ეკრანზე დავბერდი და ბუნებრივია, ყველამ იცოდა, მე როგორი ვარ დღეს. ჩავეხუტეთ ერთმანეთს. და გარედან ვუყურებდი ჩვენს ურთიერთობას. ყველა ერთად ვლაპარაკობდით. ყვე-ლა! ზარი რომ დაირეკება და გაკვეთილზე ხმაური რომ ინერციით გადადის, ასე ვიყავით. ხმაურში. ტრაგიკომედია იყო...
ყველა სწორად გაზრდილი, კორექტული, პატივისცემით სიყვარულით სავსე აღმოვაჩინე. უხაროდათ, რომ მივედი და მაქებდნენ, მაგრამ არა ზედმეტად. ქება ბევრისგან მომისმენია, მაგრამ კლასელებისგან ეს სხვაგვარად ჟღერდა. როგორ უხაროდათ ჩემი ნახვა, მე - მათი. ვერ აღვწერ ამ ემოციებს. ერთმანეთს ბედნიერები ვუყურებდით. და პირობა დავდეთ, რომ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს.
ყველანი 61 წლისანი ვიყავით. ასაკს არ ვახსენებდით ერთმანეთს, თუმცა ვიცით, რომ წლები გადის და ერთმანეთი აუცილებლად უნდა ვნახოთ.
ნამდვილად მძაფრი ემოცია იყო. სხვადასხვა სასწავლებელში ვისწავლე, ბევრი ვიმოგზაურე. სად არ ვყოფილვარ, რა არ გადამხდენია. ბევრი გამორჩეული მოსაგონარი მაქვს, რომელიც არასდროს წაიშლება. მაგრამ ეს შეხვედრა არ წაიშლება კი არა, ბრჭყვიალა მედალიონია, რომელიც ამიერიდან გულით უნდა ვატარო.
ყველანი ბედნიერები და გახარებულები ვიყავით...
მერე მე ვიცეკვე, ვიმღერე სიმღერა, რომელიც ცირა ბზიშვილმა დამიწერა -"გადარეულა მთელი მსოფლიო". დავიშალეთ, წამოვედით სიცილ-ხარხარით. ჩავჯექი მანქანაში და მთელი გზა, მთელი ხმით ვტიროდი. არ ვიცი, ეს იყო სიხარულის, სიყვარულის, წლების განშორების თუ რაღაცის დასასრულის ცრემლები... თუმცა მე ვტიროდი, ვიყავი ბედნიერი... არ ვიცი, რა მაბედნიერებდა, მაგრამ თითქოს ის ბავშვობის წლები ხელთ მეჭირა და გულში ვიხუტები...
ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: ლევან კბილაშვილის სახლში მომღერლის მუზეუმი კეთდება - "მოსკოვიდან ჩამოტანილ მის ნივთებს ვერ ვეკარები"
რას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."