მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1732303587
ლეგენდარულ ლუჩიანო პავაროტისთან ჩვენი ქვეყნის საამაყო ბანს, პაატა ბურჭულაძეს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. როგორც საოპერო მომღერალი "პრაიმტაიმს" უყვება, მისგან ბევრი რამ ისწავლა და მათ შორის, ყველაზე ჰუმანური რამ - ქველმოქმედება. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაშიც ის თავის იტალიელ კოლეგასა და მეგობარს ძლიერ ემადლიერება.
მათი მეგობრობა სტარტს ლონდონის კოვენტ გარდენ ოპერიდან იღებს, სადაც ბურჭულაძის სენსაციური დებიუტი შედგა. მან ოპერა "აიდაში", ვარსკვლავ ლუჩიანო პავაროტის რადამესის გვერდით, რამფისის პარტია შეასრულა. მას შემდეგ ქართველი ბანისა და იტალიელი ტენორის მეგობრობამ 23 წელს გასტანა. ლეგენდარული პავაროტი 2007 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ფეისბუქზე" იტალიელი ტენორის აგენტი, პაატა ბურჭულაძესთან ერთად, პარტერში გადაღებულ, ლუჩიანოს ფოტოს აქვეყნებს.
ქართველი მომღერალი კი პავაროტის, ჩვენი მკითხველისთვის, ღიმილით იხსენებს და სახალისო ისტორიებს ბარსელონიდან გვიყვება.
პაატა ბურჭულაძე: ლონდონში პირველი ჩემი გამოსვლა სპექტაკლ "აიდაში" 1984 წელს შედგა. ლუჩიანო მღეროდა რადამესის პარტიას. აი, იმ დროს დავმეგობრდით. მას შემდეგ მან მე მსოფლიო შემომატარა.
მე გახლდით პირველი საბჭოთა მომღერალი, რომელიც ამერიკაში 1986 წელს ჩავიდა. ლუჩიანოსთან ერთად ვასრულებდი ვერდის "რექვიემს". კონცერტის შემდეგ, პავაროტიმ, ნიუ იორკში, თავის სახლში წამიყვანა, რაღა სასტუმროში, ჩემთან იყავიო და თავის აპარტამენტში დამპატიჟა.
მაშინ მას ჰყავდა პირველი მეუღლე ადუა, რომელთანაც სამი ქალჳშვილი ჰყავს. კონცერტიდან დაბრუნებულები მშივრები ვიყავით. გოგოებმა სუფრა გაგვიშალეს, სპაგეტი და ბევრი სხვადასხვა რამ. თან ლუჩიანომ ღვინო გამოიტანა, შეგვიძლია დალიოთო. მე ქართულ სადღეგრძელოებს ვასწავლიდი, ის - თავისას...
პავაროტი იყო ერთი, ორასი კილო და მეც დაახლოებით, ას ოთხმოცი. ორივე მსუქნები ვიყავით. სუფრასთან ვერ ასწრებდნენ კერძების მოტანას, ისეთი სისწრაფით გეახლებოდით საჭმელებს ორივე.
როდესაც კარგად შევზარხოშდით, ლუჩიანომ მითხრა, ამერიკაში პირველად ხარ და შენს მშობლებს რატომ არ ეუბნები, ყველაფერმა რომ კარგად ჩაიარაო. აქედან თბილისში როგორ შევატყობინებ-მეთქი (1986 წელია), გავიოცე. რატომ? ავიღოთ ტელეფონი და დავრეკოთო. მოკლედ, დარეკა, ლუჩანო პავაროტი ვარ და საბჭოთა კავშირში მინდა დარეკვაო. ქალაქი თბილისს 15 წუთი ეძებდნენ. მოკლედ, მივეცით ტელეფონის ნომერი და ჩვენ მოლხენა გავაგრძელეთ.
რა იუმორის მქონე კაცი იყო, ახლა ნახეთ. კარგ ხასიათზე ვართ, დარეკა ტელეფონმა, აიღო ლუჩიანომ. დედა ინგლისურად საუბრობსო? - მკითხა. როგორ არა, დედა ინგლისურის მასწავლებელია-მეთქი. ძალიან კარგი, მაშინ მე დაველაპარაკებიო, მითხრა. ინგლისურად ეუბნება, მე ვარ ლუჩიანო პავაროტი. ცოტა ხანში: პაატა, რა ენაზე საუბრობს დედაო, ინგლისურად-მეთქი. ლუჩიანო ამბობს მხოლოდ: Yes, Yes, Yes... კარგი ინგლისური აქვს დედაშენს, პარალელურად მე მეუბნება. და ისევ აგრძელებს - Yes, Yes, Oh, Yes... კიდევ, დედაშენმა ინგლისური იცის, მე ეგეთი ინგლისური, არ ვიციო. მერე მე მომცა ტელეფონი, დაველაპარაკე მამაჩემს.
ჩამოვედი თბილისში და მამაჩემი მომიყვა: ლუჩიანო პავაროტი ვარო, დედას რომ გაუგონია, ეს ზარი მისთვის იმდენად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, ლამის მეტყველების უნარი დაუკარგავს და I love you, i love you, i love you-ს მეტი ვერაფერი მოუხერხებია ეთქვა. და ამ დროს - რა კარგი ინგლისური იცის დედაშენმაო, მეხუმრა პავაროტი.
უყვარდა გემრიელად ჭამა. სიმძიმისგან ფეხი აწუხებდა. მერე ნიუ იორკში მშობლებიც ჩავიყვანე. დედამ იქ ქართული სუფრა გაშალა. ლუჩიანომ ერთი ქვაბი საცივი შეჭამა. გაგიჟდა საცივზე, ისე მაგრად მოეწონა! საერთოდ, მოეწონა ქართული კერძები.
არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მე ლუჩიანოს პირიდან არავის დამცირება, დაკნინება არასდროს არ გამიგია. თუ ვინმე არ მოსწონდა, არაფერს ამბობდა. ის იყო მეგობარი, როგორც ინგლისის პრინცესა დაიანასი, ასევე მისი ქალაქის, მოდენას პურის გამყიდველისაც. ყველასთან მეგობრობდა.
მაგარი პიროვნება იყო. მე მისგან ცხოვრებაში ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის - ქველმოქმედება. მას ჰქონდა საქველმოქმედო ფონდი "ლუჩიანო და მეგობრები", რომლითაც უამრავ ბავშვს დახმარებია.
მე მისი მადლობელი ვარ. ჩვენ დიდი ხანი ვმეგობრობდით.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს. მაგარი კაცი იყო, ძალიან მაგარი...
ასევე დაგაინტერესებთ: "ბედნიერების ცრემლებიც ვღვარე, ოღონდ ჩუმად. მაკა საოცარი გოგო ყოფილა..." - ვაჟა დურგლიშვილი შვილსა და მაკა ზამბახიძეზე
„ბებია მყავდა "პოვარი", დარჩა გაუთხოვარი, დავალევინე მაჭარი..." - გაიხსენეთ ბავშვობა და დააკომენტარეთ
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840