„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
"ყვავილების ქვეყანას" ბუბა კიკაბიძე მისეული მანერითა და ქარიზმით ასრულებდა და ეს სმენით მახსოვრობაში გვაქვს ჩალექილი. მანამდე მას ბაგრატიონები ასრულებდნენ, ჯერ ბუბას ბიძა, დიდი ჯანო და შემდეგ ბიძაშვილი - ჯანო ბაგრატიონი მღეროდა.
19 ივლისს არტისტის 85 წლის იუბილისთვის მზადება დაწყებული იყო, თუმცა 15 იანვარს "უკანასკნელი მეფაიტონე" თბილისს დაემშვიდობა... და წავიდა.
ბუბას ხსოვნის საიუბილეო საღამო ჩატარდება. "ყვავილების ქვეყანას" კი აზერბაიჯანელი მომღერალი, ემინ აგალაროვი, ბუბას ნაცვლად, ნანი ბრეგვაძესთან ერთად იმღერებს. დუეტი ჩაიწერა, მასზე ვიდეო კლიპიც გადაღებულია.
ემინი თბილისს სტუმრობდა. გადაღებამ "გარდენიაში" ერთი დღე წაიღო. დუეტი ბუბას ხსოვნას მიეძღვნა. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო.
"ჩემთვის სასიამოვნო იყო ის, რომ აზერბაიჯანელი მომღერალი "ყვავილების ქვეყანას" მღერის ქართულად. სენსიტიური მომენტია. დუეტიც თბილი და ნოსტალგიური გამოვიდა.
მე როგორც ვიცი, ვიდეოკლიპი იტრიალებს საქართველოში და აზერბაიჯანში. სხვა ინფორმაცია არ მაქვს" - უთხრა ზაზა ორაშვილმა "პრაიმტაიმს".
სანამ "გარდენიაში" ლეგენდა, სახელად "ნანი" გამოჩნდებოდა, ლოკაცია ზღაპრულად მორთეს, გარემო არტისტისთვის შესაფერისად მომზადდა...
ზაზა ორაშვილი: მე ნანისთან პირველად არ მიმუშავია. მასთან გადასაღებ მოედანზე ყოფნა დიდი სიამოვნებაა. ხვდები და რწმუნდები, რა დიდი პროფესიონალია. ცხოვრება მიდის და ნანი ისეთივეა, როგორც ყოველთვის იყო და დაიმსახურა ის დიდება, რაც მის სახელს ახლავს. უდიდესი პროფესიონალია. გადაღება ძალიან შრომატევადი პროცესია. ის ბოლომდე თავდაუზოგავად მოგყვება და გეუბნება, გავაგრძელოთ, გადავიღოთო...
სცენის დედოფალი "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ სიმღერა "ყვავილების ქვეყანა" თავიდან აღმოაჩინა და შეიყვარა. სხვაგვარად აღიქვა და გაიაზრა. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ 87 წლის პრიმა მომღერალს, უკვე ჩაწერილი სიმღერის თავიდან ჩაწერა სურს, რადგან საკუთარი ნამღერით უკმაყოფილოა და ყოველგვარი დაღლის, "ხალტურის", "გატარების" გარეშე, ისევე აქტიურად ეკიდება საქმეს, როგორც ადრე. და აბა, ამის გათვალისწინებით რომ დავასკვნათ, როგორღა დაეტყობა ასაკი?
ნანი ბრეგვაძე: წინ და წინ ვერ გეტყვით, როგორი გამოვა ეს ნამუშევარი. ამის თქმა წინასწარ ძნელია. მინდა კარგი იყოს.
"ყვავილების ქვეყანა" თავიდან აღმოვაჩინე. არაჩვეულებრივი სიმღერა ყოფილა. ისე იმღერება, იმდენ საშუალებას გაძლევს შენი დამოკიდებულება და სიყვარული გამოხატო, რომ ნამდვილად გადასარევი სიმღერაა. ადრე მაინცდამაინც არ ვგიჟდებოდი. სახლშიც არ მიმღერია. არის სიმღერები, რომელიც საკუთარი რეპერტუარიდან მიყვარს და ვმღერი. "ყვავილების ქვეყანა" ჩემს ოჯახში არასდროს გაჟღერებულა.
დიდი ჯანო ბაგრატიონი სწორი ყოფილა, ეს სიმღერა რომ აურჩევია და მღეროდა. მერე პატარა ჯანომ შესანიშნავად იმღერა, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მომღერალი არ იყო. მერე ბუბა მღეროდა. ანუ "ყვავილების ქვეყანა", მათ ოჯახში მემკვიდრეობით გადავიდა. მე არ მომისინჯავს მისი შესრულება.
ახლა ჩავწერე, თუმცა მანამდე დრო არ მქონდა ჩემთვის მემღერა. მივედი "ბრავო რექორდსში", ჩავწერე, ვიმუშავეთ, მაგრამ ჩემთვის არ არის საკმარისი. რადგანაც კარგად არ მქონდა გათავისებული. ახლა სახლშიც ვმღერი, ფრაზებს ვიაზრებ, ვითავისებ. გადასარევი მელოდიაა, სითბო მოდის. როგორ ეხვეწება, მე გელოდი, რომ მითხარი მოვალო და შენ რატომ დაიგვიანეო. ტექსტიც არაჩვეულებრივია. მოვიარე არე მარე, გელოდებიო, გულდაწყვეტილია. არ მომწონს ჩემი ნამღერი და უნდა გავასწორო, თავიდან ჩავწერო, უკვე გააზრებულად. კმაყოფილი არ ვარ და როგორ უნდა დავტოვო?
ის ხმა აღარ მაქვს, რაც მქონდა. 87 წლისას კიდე მინდა ის ხმა მქონდეს, მაგრამ სად არის ასე? შენზე სიმღერის სიტყვები უნდა მოქმედებდეს.
- ახლა გვითხარით ემინ აგალაროვზე, როგორი მეწყვილე აღმოჩნდა?
- ემინს ვიცნობდი მოსკოვიდან. გამოვსულვართ საერთო კონცერტებზე. ის განებივრებული ბიჭია, მილიარდერის შვილია, მაგრამ თქვენ ამას მას ვერ შეატყობთ. ეს არაფერში არ ჩანს. სულ სხვანაირად გაზრდილი, განათლებული ბიჭია და ვერ იტყვი, რომ ის ბედისგან განებივრებულია. აქვს უფროსების მიმართ პატივისცემა.
ეს დუეტი ბუბასთან უნდა ჩაეწერა ემინს. მაგრამ 19 ივლისს, ბუბას საიუბილეო საღამოზე, როდესაც მე და ემინი ამ სიმღერას შევასრულებთ, ბუბა ეკრანიდან იმღერებს.
ბუბას ემინისთვის უთქვამს, ქართულად უნდა იმღერო, ამ სიმღერის თარგმანი არ გამაგონოო. მშვენივრად უსწავლია ქართულად და მღერის. ბუბაზე გიჟდებოდა, ისე უყვარდა.
19 ივლისს ბუბა 85-ის გახდებოდა, მე 21-ში ვხდები 87 წლის. ბუბა ჩემთვის ცოცხალია, მასზე წარსულში ვერ ვსაუბრობ. გაგიჟებით უყვარდა საქართველო. ვერსად ვერ ჩერდებოდა. მე ვიცი, რამდენი განცდები ჰქონდა. მოთხრობებს, სცენარებს, ლექსებს წერდა. უნიჭიერესი იყო.
ვნახოთ, კლიპი როგორი გამოვა. კლიპში სამი სხვადასხვა სამოსით ვარ. "გარდენიაში" ყველაფერი მაღალ დონეზე დამხვდა. ყველა თვალებში მიყურებს და მე მადლიერი ვარ. მადლიერების განცდა არ მტოვებს, როგორც უფლისადმი, ასევე ხალხისადმი. სხვაგვარად არ შეიძლება...
ასევე დაგაინტერესებთ: „ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაში