დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ეს კაცი კინოს ან ლიტერატურის პერსონაჟი არ არის, რეალური ადამიანია და ჩვენს გვერდით ცხოვრობს. არადა, შეხედავ და "ობრაზით" პერსონაჟია. პრინციპში, გამომგონებელს ასეთი გარეგნობა უნდა ჰქონდეს, საინტერესო. წვერიანი, კეთილი, 88 წლის ჯემალ გოგისვანიძე წლებია თავისი გამოგონებით ამაყობს. მან მაგნიტების გამოყენებით შექმნა მუდმივი ძრავა, რომელიც ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს. დიახ, უფასო ელექტროენერგიას.
"ეს არის აბსოლუტურად უვნებელი ელექტრო ენერგიაა. და ეს კაცობრიობის მომავალია. სამყარო ბუნებრივ ენერგიაზე უნდა გადავიდეს. ყველაფერი ანაგვიანებს დედამიწას. ჩემი დანადგარი ეკოლოგიურად სუფთაა" - ამბობს "პრაიმტაიმთან" ჯემალ გოგისვანიძე.
ეს ყველაფერი არ არის. ჯაზით გატაცებული გამომგონებელი მელომანის ცხოვრებაში, იყო ჩუმად მოსმენილი აკრძალული ჯაზის არომატი. და ერთხელაც, ასე "ქურდულად", ლეგენდარული კუბელი მესაყვირის, არტურო სანდოვალის შესრულება რომ მოისმინა, მაშინ გაიფიქრა:
ჯემალ გოგისვანიძე: ისე როგორ უნდა მოვკვდე, საყვირზე დაკვრა რომ არ ვისწავლო-მეთქი. ვისწავლე და ნოტებს კი არ მივყვები, იმპროვიზაციას ვუკრავ. ყველა ჯაზფესტივალს ვესწრებოდი. საყვირი საწოლში მიდევს დღესაც. მოვა მუზა, დავუკრავ. შუაღამესაც ჩავბერავ ხოლმე.
მოკლედ, ათი წლის წინ ჩამოვიდა არტურო სანდოვალი, უფრო სწორად, ანა ლაღიძეს ვთხოვე და მან ჩემი თხოვნით ჩამოიყვანა. ამერიკაში ვაპირებდი ჩასვლას და მინდოდა მისთვის ჩემი დამზადებული საყვირი გადამეცა, მაგრამ რახან მისი ჩამოყვანა გამოვიდა, მივედი და აქ, პრესკონფერენციაზე გადავეცი. ფილარმონიაში, კონცერტზე ჩემი ნაჩუქარი საყვირით დაუკრა. მერე თქვა კიდეც კომენტარში, ჩემმა გულშემატკივარმა მაჩუქა ორიგინალური საყვირი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობსო.
სახლში სტუდიაც მაქვს და სახელოსნოც. მაქვს 20 დასარტყამი და ასევე ჩემს მიერ დამზადებული ჩარხი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.
თვალს რომ გადავავლებ, ასე მგონია, გუშინ იყო ყველაფერი. ცხოვრება ძალიან მალე გავიდა. ჩემთვის დრო არ გადის. არ მაქვს დროის სწრაფად მსვლელობის შეგრძნება.
თითოეულ ჩვენგანში ღმერთის ნაწილია. როგორც წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენზეა დამოკიდებული. უფალმა ადამიანს ყველაზე დიდი რამ აჩუქა, ეს არის თავისუფლება. ადამიანს რაც უნდა, იმას აკეთებს, თავისი თავის უფალია.
ჩვენი "ბაშკა", ანუ ჩვენი კომპიუტერი - თავი, მშფოთვარეა, სულ ცოცხლობს ფხიზლობს, მუშაობს. ვინაიდან ასეთი კომპიუტერი მოგცა ღმერთმა, ჩვენზეა დამოკიდებული კარგები ვიქნებით თუ ცუდები.
დასაშვებია ცუდიც და კარგიც. თუ ცუდი არ იქნება, კარგის ფასი არ გვეცოდინება. მწარე თუ არ გაგისინჯავს, ტკბილის გემო არ გეცოდინება.
მერე თუ პასუხს მოგვთხოვს ღმერთი, ამისთვის ნუღარ გავუწყრებით, რადგანაც მან ჩვენ სიცოცხლე და თავისუფლება მოგვცა. ცუდად იცოცხლებ, დაისჯები. ლოგიკურია.
მიგდე ყური შვილო, თავს იმდენი რამ გადამხდენია, ერთი კალო არ მოლეწილა, თორემ სხვა არაფერი დამკლებია. მაგრამ ღმერთი მფარველობს. ყოველთვის გამოვდივარ ურთულესი სიტუაციიდან. ოთხჯერ მომწამლა მეზობელმა, ჩემი ეზო-კარმიდამოსთვის, რომ მიესაკუთრებინა. ერთხელ სუფრაზე დამპატიჟეს და მოწამლული კუპატი მაჭამეს. მაგრამ ის საწამლავი საკურნებლად წამადგა.
მე ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებაზე ვმუშაობ წლებია. ჩემი დანადგარი ერთხელ გასკდა და ვერცხლისწყლის ორთქლი შევისუნთქე. საშინელი ნევროზი დამემართა.
ყველა მანქანა რომ ელექტროდ გადაკეთდეს და დასატენად ჩაირთოს, საქართველოს ელექტრო ენერგია არ ეყოფა გასანათებლად. მე ისეთი მოწყობილობა მოვიგონე, ჩაიდგმება მანქანაში და კოსმოსიდან მივიღებთ უფასო ელექტრო ენერგიას. ეს ენერგია გარშემო ყველგანაა. ჩვენზე არ მოქმედებს.
დანადგარი გამოვცადე, მივიღე ენერგია. როდესაც ცდი, ათასჯერ გადააკეთებ-გადმოაკეთებ. ახლა ვაკეთებ უკვე ჩამოყალიბებულ ეგზემპლარს, რომელიც ილონ მასკს უნდა ვაჩვენო, რომ მან ტესლა მანქანაში ჩადგას. ეს დანადგარი თვითონ ტენის აკუმულატორს. მასკს იმიტომ მინდა დავეკონტაქტო, რომ ქარხანა ააშენოს, სადაც ეს დანადგარი დამზადდება. დასაქმდება ბევრი ადამიანი და დიდ შემოსავალსაც მოიტანს. მსოფლიო ამ ენერგეტიკაზე გადავა და ინდუსტრია შეიცვლება.
ბევრს ჩემი გამოგონების არ სჯერა. მათი ტვინი ვერ წვდება იმას, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოგონება.
მე ტესლას დიდ პატივს ვცემ, მისი სურათი სახლში მიკიდია. ახლა დანადგარზე ვხვეწ ჩემი გამოგონებისთვის დეტალებს.
პროფესიით ჩარხ მშენებელი ვარ. როგორც წამყვან ინჟინერს, გეპეიში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. სულ გავიგე, სად რა "ქაქი" ტრიალებს. კაცი, რომელიც ბუმბერაზი მეგონა, არაფერი ყოფილა. სხვის ნაშრომებს ითვისებდნენ. მეც გამომიყენეს. ჩემს ნაშრომზე ოთხმა კაცმა დისერტაცია დაიცვა. გეთქვათ, იქნებ გჩუქნიდით-მეთქი. არ მინდა დისერტაციის გაკეთება-მეთქი, ერთს ვუთხარი. შენც დოქტორი უნდა იყო და მეც-მეთქი?
ადამიანებს ღმერთი შესაძლებლობებს ჩუქნის, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენო.
ხელით შემიძლია ადამიანის განკურნება. ზემელზე იყო კაფე, სადაც მე რომ საჭმელად დავდიოდი, იქ ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი მიმტანად მუშაობდა. მაშინ მე რომ მცოდნოდა ასეთი ენერგიის მატარებელი ვიყავი, ჩვენ ხომ ერთად ვიმუშავებდით?!
ადამიანს ვუხსნი თავის და წელის ტკივილებს. ერთ სეანსითაც მომირჩენია.
უსასრულო სივრცეში ისეთი კატაკლიზმები მიდის... იცით, არაფერი არ იკარგება, არც საუბრები, სიტყვები არ იკარგება კოსმოსში. ძალიან დიდი მეხსიერების ბარათი აქვს სამყაროს. ვინაიდან თვითონ უსასრულოა, უსასრულოდ იტევს ყველაფერს. ასე ვთქვათ, უსასრულო "მემორი ქარდი" აქვს. დადგება დრო, ზეთის საღებავით შესრულებულ ნახატზე დამახსოვრებულ საუბარს გაშიფრავენ.
თითოეული ადამიანი დედამიწას ძალიან აბინძურებს. აი, მარტივად რომ გითხრათ, ტუალეტს ჩავრეცხთ და არ გვანაღვლებს, სად მიდის. მიდის ზღვაში, წყალი ბინძურდება, ჭამენ თევზები, იმათ კი ისევ ჩვენ ვჭამთ.
ვსადილობ სათნოების სახლში - "კათარზისში". ეს არის საქართველოში ევროპა. ვინაიდან მარტო ვცხოვრობ, არ მაქვს გაკეთების თავი. მოვალ, აქ ვისადილებ და წავალ. სამი შვილი მყავს. ყველა დავაბინავე. მყავს შვილიშვილის შვილი. მეუღლეს გაყრილი ვარ. მე ძრავს ვიგონებდი, ის - ჩხუბს. ათი წელი ძლივს გავუძელი. ჩემთან ცხოვრობს ჩემი კატა ტვიშტი, რომელიც თავისით მოვიდა. ძაღლზე მეტი სიყვარული კატამ იცის. მე ასე მგონია.
ახლა ჩემს საიდუმლოს გავხსნი თქვენთან: ჩვენს ყველა ორგანოს თავისი სიხშირე აქვს და მასზე მუშაობს. თუ მას დაავადებულ სიხშირეზე მივაწვდით მის მსგავს სიხშირეს, მასთან რეზონანსში მოვა და ჯანმრთელობა აღდგება. მე ისეთ მუსიკას ვწერ, რომელიც ადამიანს განკურნავს. შამანები ამ ხერხს მიმართავენ. სახლში ინსტრუმენტები მაქვს. მცხეთის ტაძრის ზარი მაქვს ჩაწერილი. ბუნებრივი ხმებიც მექნება. ასე რომ, ამ მუსიკის მოსმენა ადამიანს განკურნავს...
და ბოლოს, მთავარია, სიყვარული. მასზე ძვირფასი კოსმოსში არაფერია. ყველაზე დადებითი და ნამდვილი ენერგია ეს არის.
გიყვარდეთ!