რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
გერმანიაში გამართულ გრეპლინგის საერთაშორისო ტურნირის ADCC GERMAN SUPER SERIES 3-ის გამარჯვებული დავით ზედგენიძე გახდა.
19 წლის სპორტსმენმა ათი წლით უფროსი ფრანგი მეტოქე დაამარცხა და საჩემპიონო ქამართან ერთად ოქროს ბეჭედიც დაისაკუთრა.
ორი კვირაც არ არის, რაც დავითი გერმანიის ქალაქ ბრემენში სტუდენტურ ცხოვრებას შეუდგა. კომპიუტერულ და ელექტრონულ ინჟინერიას ეუფლება, დღის მეორე ნახევარში კი ვარჯიშობს. პერსპექტიულ სპორტსმენთან თანამშრომლობის სურვილი, სპორტულმა დარბაზებმა უკვე გამოთქვეს. მოკლედ, ყველაფერი წინ არის. დავითს წარმატებები ვუსურვოთ, მანამდე კი "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ მის ინტერვიუს გადახედეთ.
დავით ზედგინიძე: ზუსტად არ მახსოვს, ეს მერამდენე ჯილდოა (იცინის), მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოა, რადგან ტურნირი მსოფლიოში ერთ-ერთმა დიდმა ორგანიზაციამ ჩაატარა. ADCC GERMAN SUPER SERIES 3-ის ჩემპიონი, ქამრისა და ოქროს ბეჭდის მფლობელი გავხდი. ამ ეტაპზე ფრანგი მეტოქე შემხვდა და საკმაოდ დიდი კონკურენციის შემდეგ, მასზე გამარჯვება შევძელი. ძალიან გამიჭირდა, 11 წუთი ვიბრძოდი. ძალიან გაიწელა. სამწუხაროდ, ოპონენტს ფეხი მოტყდა და... შემდეგ გადავურეკე და მოვიკითხე. გაუხარდა, დიდი სიამოვნებით კიდევ გავიზიარებდი შენთან ტატამსო, მითხრა. რომ არ დამერეკა, არა სპორტული საქციელი იქნებოდა. ასპარეზობის დროს მეც მომტეხია ფეხი და მწყინს, თუ არ მკითხულობენ მეტოქეები.
რუსთან რომ გამიხარდა მოგება, ასე არავისთან გამხარებია. მას გასულ ზაფხულს, ივნისში დუბაიში გამართულ ჯიუ ჯიცუს საერთაშორისო ტურნირზე შევხვდი და დავამარცხე. ზოგადად ტურნირებზე დაბალი თვითშეფასებით გავდივარ, მაგრამ როდესაც რუს აბდულა ჰამადს უნდა შევხვედროდი, უკვე ვიცოდი, რომ უპირობოდ მოვუგებდი. ასეც იყო, შვიდით ნული მოვუგე. 
19 წლის ვარ; ორი წელია, რაც პროფესიონალებში გავდივარ, დიდებთან მიწევს ჭიდაობა. ეს საკმაოდ რთულია. შვიდი წელია რაც აქტიურად ვარ სპორტის ამ სახეობაში, ისე კი თხუთმეტი წელია ვჭიდაობ, ანუ ხუთი წლიდან ვვარჯიშობ. ჩემი ძმა, ზურა არის ჩემი კუმირი. მისი გაზრდილი ვარ, მასთან ვვარჯიშობდი. მას ვბაძავდი ყველაფერში. ზურამ ხელზე ტრავმა მიიღო, ვეღარ გააგრძელა ჭიდაობა და მე გავაგრძელე. ახლა მე მსურს ჩვენი ქვეყანა ვასახელო.
თავისუფალი ჭიდაობით დავიწყე, შემდეგ ძიუდო... ბოლოს კი, ისეთ სპორტს მივაგენი, ყველაფერი რომ ერთად არის მასში - ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ, იგივე გრეპლინგი, რომელიც ყველა სახის ჭიდაობას აერთიანებს. შეგიძლია ოპონენტი გაგუდო. აქ სარისკო არაფერია. ჩვენს სპორტში ვინ არ გაგუდულა. თუ მეტოქე არ გნებდება, მაქსიმუმ 15 წამი "იძინებს". ეს, ნოკაუტისგან განსხვავებით, ტვინს ზიანს არ აყენებს. "გაღვიძებისას" ჰგონიათ, რომ ახლიდან დაიბადნენ. 16 წლის ასაკში, უკრაინაში, მეც გავიგუდე. ვერც მივხვდი რა მოხდა. რომ გამოვფხიზლდი, მეგონა მოვიგე და მიხაროდა. აღვნიშნავდი, რომ უცებ ოპონენტის ხელი ასწიეს... ჩანაწერი რომ ვნახე, სასტიკი მატჩი აღმოჩნდა.


დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის, უამრავი მილოცვა მივიღე. დიდი გამოხმაურება იყო, არ ველოდი.
ამჟამად ვცხოვრობ ბრემენში, სულ რაღაც ათი დღეა. დღის პირველ ნახევარში ვსწავლობ კომპიუტერულ და ელექტრონულ ინჟინერიას, მეორე ნახევარში - ვვარჯიშობ. დარბაზში სადაც ვიყავი, ყველგან მწვრთნელად მუშაობა შემომთავაზეს, მაგრამ ჯერჯერობით გერმანული ენა არ ვიცი. ახლა ვეუფლები. მეორე პროფესიას ვიძენ. ჩვენს სპორტში ტრავმას თუ მიიღებ, მერე ხომ რაღაც უნდა აკეთო. ამიტომაც ვიღებ სხვა დარგში განათლებას...
მალე ოცი წლის ვხდები. იმედია, გაცილებით მეტს მივაღწევ.
მომავალ სამ კვირაში ევროპის ჩემპიონატებში ვმონაწილეობ. სამ ჩემპიონატზე უნდა გავიდე. იმედია, წარმატებულად ვიასპარეზებ.

ასევე დაგაინტერესებთ: