რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
ისრაელში, ტერორისტების თავდასხმას გადარჩენილი ქართველი ,,პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს, როგორ დაიწყო ფესტივალზე სროლა და დაბომბვა.
როგორც დავით რამიშვილი ჰყვება, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და ძალიან მალე, ფესტივალის ტერიტორია ბომბების ხმამ გააყრუა.
,,მუსიკის დროს ჩაირთო სიგნალიზაცია. მუსიკა გაითიშა და მოგვიწოდეს, დავშლილიყავით. ძალიან ახლოს ფეთქდებოდა ბომბები. იარაღიანი ხალხიც გამოჩნდა, რა დროსაც, პანიკამ მოიცვა იქაურობა. ვეღარც გადავადგილდით ავტომობილებით, იქ დავტოვეთ და მოგვიწია გაქცევა სხვადასხვა მიმართულებით. საბედნიეროდ, სწორი მიმართულებით მომიწია წასვლა. ჩემ წინ ხალხი იჭრებოდა, იხოცებოდა. ფილმში მეგონა თავი, ისეთი საშინელება ხდებოდა...".
თავდასხმას დავითის რამდენიმე მეგობარი ემსხვერპლა...
,,დაახლოებით 4000-მდე ადამიანი იყო ფესტივალზე. ბომბები ვარდებოდა, ხალხი გაურკვევლობაში იყო. არასოდეს უნახავთ მსგავსი სიტუაცია. ფაქტობრივად, ტერორისტების სამიზნე ფესტივალი იყო. სროლები რომ ატყდა, მერე გავაანალიზეთ, რა ხდებოდა. სამი მხრიდან მოდიოდნენ, ალყაში მოგვაქციეს. ისროდნენ უმისამართოდ.
ძალიან ბევრი დაიღუპა. ზოგი პანიკის გამო ვერ გადაადგილდებოდა, ზოგი ისეთი მიმართულებით გარბოდა, პირდაპირ ტერორისტებს შეეჩეხნენ.
ჩემი მეგობრები ჩემ თვალწინ იხოცებოდნენ... საშინელებაა, თვალწინ მიდგას... უამრავი მეგობარი დამეღუპა, თვალიდან არ ამომდის ის კადრები... ისეთი ქაოსი იყო, თავი ფილმში მეგონა."
დავითი ჰყვება, თუ როგორ გადაურჩა ტერორისტების თავდასხმას...
,,ადგილზე დაცვა იყო, პოლიციაც, ბევრი იმიტომ გადავრჩით, რომ შემაკავებელი სროლები მიდიოდა. კიბუცი პატიშის მიმართულებით გავიქეცით, ჩვენთან ერთად ბევრი ხალხი წამოვიდა. იქ უკვე მოსახლეობას იარაღიც ჰქონდა, უმეტესობამ იქ შევაფარეთ თავი. ოთხი ქართველი ვიყავით ფესტივალზე. ოთხივე ერთი მიმართულებით გავიქეცით. გავრბოდით სოფლების მიმართულებით, მერე ხევში ჩავიმალეთ, იმ ხევიდან გავედით სწორი მიმართულებით.
10-12 კილომეტრამდე სირბილი მოგვიწია, მივედით დასახლებულ პუნქტამდე, იქ ჯარი დაგვხვდა, სამედიცინო დახმარება. ადგილობრივი მოსახლეობა გვეხმარებოდა. შემდეგ ავტობუსით გადაგვიყვანეს ჩვენ ქალაქებში.
6 წელია რაც ისრაელში ვცხოვრობ. სამუშაოდ ვარ ჩამოსული. ერი ერთ მუშტად არის შეკრული, ძალიან ძლიერი ქვეყანაა, ვფიქრობთ, მალე დამთავრდება ეს ყველაფერი და დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს.
... ვფიქრობდი, რომ უკანასკნელად ველაპარაკებოდი ჩემს ოჯახს და მეგობრებს. ყველას ველაპარაკებოდი, ვემშვიდობებოდი კიდევაც, ისეთი საშინელი სიტუაცია იყო. ბოლო მომენტამდე, საფრთხეს ვგრძნობდით ყველა, სანამ არ მოვიდა ჯარი და არ გამოგვიყვანეს.
ყველაფერი ერთად იყო, შიშიც, გაოცებაც, თავდაცვაც...", - ამბობს გადარჩენილი ქართველი დავით რამიშვილი ,,პრაიმტაიმთან".