"ტაფის და ქვაბის ამგვარი ხსნარებით გარეცხვა, დაუშვებელია" - ტოქსიკოლოგის გაფრთხილება

pan

დიასახლისები რომ თავს სუფთა სახლითა და კარგად გარეცხილ-გახეხილი ჭურჭლით იწონებენ, აქ ახალი არაფერია. "ხეხვა-გლეჯვის" თავისი  მეთოდი აქვს ყველას. სისუფთავის მოყვარულ ქალბატონებს სოციალურ ქსელებში არაერთი გვერდი აქვთ შექმნილი, სადაც ერთმანეთს გამოცდილებას დაუზარებლად უზიარებენ.

შემწვარ-მოხრაკულის მოყვარულ ერს, ლოგიკურია, რომ ტაფის გარეცხვაც კარგად უნდა შეეძლოს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ასე მარტივად ყოფილა საქმე. ქალბატონების უმრავლესობა გახეხილ ტაფას ჯანმრთელობასაც თავისუფლად ანაცვალებს.

დიასახლისების ერთ-ერთ ჯგუფში ქალბატონმა იკითხა, რით უმკლავდებით ტაფაზე გაჩენილ ცხიმის წებოვან ლაქას?

აი, პასუხებიც;

საოცარია, თუმცა ქალბატონების უმეტესობა თამამად იძლევა რჩევას, რომ ამ შემთხვევაში ხმარობენ გაზქურის სახეხ სითხეს. წარმოიდგინეთ, ქიმიურ სითხეს რომელიც განკუთვნილია - სამზარეულოს ზედაპირების, ნიჟარების, გაზქურის, გრილისა და აირღუმელის საწმენდად, იყენებენ ტაფების სარეცხად. 

"პრაიმტაიმის" კითხვას ტოქსიკოლოგი პასუხობს.

მანანა ჟურული: - ყოვლად დაუშვებელია და არაფრით არ შეიძლება მსგავსი ხსნარების გამოყენება ქვაბებისა და ტაფების სახეხად. იცით, რატომ არის საშიში? ქიმიური ნივთიერება, რომელიც განკუთვნილია გაზქურისთვის, საკვებთან უშუალო შეხება არ აქვს. ტაფას კი საკვებისთვის ვხმარობთ. რაც არ უნდა გაირეცხოს ჭურჭელი, მასზე შესაძლოა ალაგ-ალაგ რაიმე წვეთი დარჩეს, შეიძლება ორ კაცს არაფერი დაუშავდეს, მაგრამ მესამე ავად გახდეს. მავნეა. როგორც არ შეიძლება ავზში, რომელშიც ნავთს ვინახავდით, შემდეგ რძე ჩავასხათ და დავლიოთ, ისევე არ შეიძლება ზედაპირებისთვის და გაზქურისთვის განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებებით ჭურჭლის რეცხვა. რაც შეეხება ტაფის ძირის გახეხვას, შეიძლება მისი გამოყენება, მაგრამ ბევრი წყლის გავლებით. ტაფის და ქვაბის ამგვარი ხსნარებით გარეცხვა დაუშვებელია. 

ამდენად ქალბატონებო, ნუ იწამლავთ თავს და ნუ წამლავთ ოჯახის წევრებს. ცხიმების მოშორება ბუნებრივი საშუალებებითაც თავისუფლად შეიძლება.

განათავსეთ ტაფა გაზქურაზე, შემდეგ დაასხით ერთი ჭიქა წყალი და იგივე რაოდენობის 9 პროცენტიანი ძმარი. მიღებული ხსნარი მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოიღეთ ტაფა ცეცხლიდან და დაამატეთ სოდა. შეგრილებული ტაფა ჩვეულებრივ გარეცხეთ ღრუბლით.

მეორე ვერსია: დაყარეთ საჭმელი სოდა დაბინძურებულ ადგილზე. დაასხით 9% ძმარი სოდაზე და გააჩერეთ შუშხუნა ქაფი 30-60 წუთის განმავლობაში. გარეცხეთ ტაფა მაგარი ღრუბლით.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

იბეებზე ასვლა და იატაკის მოხეხვა ინფარქტის რისკს ამცირებს - კვლევა

რა ტიპის საკვების მიღებას გვირჩევენ ექიმები სიცივეში