"თუნდაც ახლოს ყუმბარა აფეთქდეს, ტყვია გავარდეს - ვერანაირი უბედურება შენ ვერ შეგეხება…" - მამა ვიტალის რჩევით, რა ლოცვები გვიცავს დილაობით

mama vitali

1992 წელს, როცა საქართველოში ძმა ძმას ტყვიას ესროდა, როცა ცოდვა იყო გამრავლებული და მადლი - არ გარდამეტებული, თბილისში ერთმა სქემარქიმანდრიტმა დიდი ღვაწლი აიღო: მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, ისედაც მცირედი საკვების მიმღები პურსა და წყალზე გადავიდა, ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა, ანთებდა უამრავ სანთელს, მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეეტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს, შესთხოვდა, სიმშვიდის სული გარდამოევლინა ქართველთა ზედა. იგი არ გახლდათ ხორციელი ნათესავი ქართლოსიანთა, რუსი იყო, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი მოყვასი ივერიისა.

მამა ვიტალი (სიდორენკო) კრასნოდარის მხარეში დაიბადა 1928 წელს. როცა მისი დედა, ალექსანდრა (შემდგომში - მონაზონი ანდრონიკა), ორსულად იყო მასზე, უფალს ევედრებოდა: „ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, შენც სათნო გეყოს და ხალხსაცო“. ერთხელ ძილში ორი მზე უხილავს და ხმაც გაუგია: „ერთი მზე შენს წიაღშიაო“. დაიბადა ყრმა. მერვე დღეს, ტაძრად მიყვანისას, მოძღვარმა, წესისამებრ, საკურთხეველში შეიყვანა იგი. საოცარი მადლი გარდამოვიდა ჩვილისგან. შეშინებულმა მოძღვარმა ბავშვი წმიდა ტრაპეზზე დააწვინა, მერე კი, გონს რომ მოვიდა, მშობლებს დაუბრუნა და უთხრა, დიდი ადამიანი გახდებაო. გადმოგვცემენ, ნათლობისას ყრმა ემბაზში ფეხზე იდგა და იღიმებოდაო, ხორცის ჭამა სულ პატარას აღუკრძალავს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს. კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმინდა სახარება გამხდარა. ზარების რეკას რომ გაიგებდა, სამუშაოს მიატოვებდა და ტაძრისკენ გარბოდა.

მეშვიდე კლასში ყოფილა. ნეკრასოვის „რკინიგზის“ წაკითხვა უთხოვიათ, მას კი ასე წაუკითხავს: „სამყაროს მართავს მეფე დაუნდობელი. ეს მეფე სტალინიაო“. მის რელიგიურ „დანაშაულს“ პოლიტიკურიც მიემატა და სკოლიდან გარიცხეს.

16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია, რადგან მხოლოდ ზეცის მოქალაქეობა სურდა. ბერობის სურვილი მტკიცედ ჩაწვნოდა სულში.

ერთხანს წმიდა სერგის ლავრაში ცხოვრობდა, ომის შემდეგ რომ გაიხსნა, მაგრამ იქ მისი უსაბუთოდ გაჩერება არ მოხერხდებოდა, ამიტომ მამებმა გლინის უდაბნოში წასვლა ურჩიეს. იმხანად იქ დიდი მამები სერაფიმე რომანცევი, სერაფიმე ამელინი, ანდრონიკე ლუკაში და სხვანი მოღვაწეობდნენ. მათგან ისწავლა ვიტალიმ სიმდაბლე, მორჩილება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული. „რაში ჩანს სულიერი წარმატება? - სიმდაბლეში. ვინც რარიგად დამდაბლდება, ისევე წარემატება სულიერად“, - ასწავლიდა მამა ანდრონიკე და ვიტალიც საქმით აღასრულებდა. მერე და მერე მისი გლინის უდაბნოში დამალვაც გაჭირდა და მოძღვრის კურთხევით ტაგანროგში გადავიდა. იქ გარს შემოიკრიბა მორწმუნენი, რომლებიც მერე მისი სულიერი შვილები გახდნენ. მათთან ერთად ფეხით მოივლიდა და მოილოცავდა ხოლმე რუსეთის სიწმინდეებს. ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფნენ. ამ შეჭირვებაში ტუბერკულოზი დამართნია. საავადმყოფოში ღამღამობით წამოდგებოდა თურმე და მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა, მის გვერდით რომ იწვნენ.

მოხდა სასწაული - ვიტალი გადარჩა.

ხრუშჩოვის პერიოდი იდგა. ჩანდა, გლინის უდაბნოს მალე დახურავდნენ, ამიტომ მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაუშვეს. იმხანად იქ მრავალი ბერი მოღვაწეობდა. ძალზე შეუყვარდათ ძმებს ვიტალი, მაგრამო, - ამბობდნენ მასზე - ერთი ნაკლი აქვს - ყველაფრის გაცემა უყვარსო. ეს იყო ის „ნაკლი“, სიცოცხლის ბოლომდე რომ არ მოსცილებია.

ისეთ სიმდაბლეს მიაღწია, ყველაფრისთვის უღირსად მიიჩნევდა თავს, ამიტომ საჭმელს, სასმელს, საწოლს, სამოსს ყველაზე უბრალოსა და შეურაცხს ეტანებოდა.

დიდი იყო ძმათა მიმართ მისი სიყვარულიც. ერთხელ ერთ ძმას, ძალზე მოშორებით რომ ცხოვრობდა, პურის გამოცხობა უთხოვია. მამა ვიტალის პური გამოუცხვია, მაგრამ ფეხსაცმელი ვერ უპოვია - ძმებს ჩაეცვათ და სოფელში წასულიყვნენ საქმეზე. ფეხები ნავთით დაუზელია და რამდენიმე კილომეტრი ქვიანი და თოვლიანი გზა ფეხით გაუვლია. მაგრამ ძმას უუკადრისებია მისი მიტანილი პური. მამა ვიტალი ხმაამოუღებლად დაბრუნებულა უკან. თანამესენაკენი აღშფოთდნენ თურმე: „აღარ მიხვიდე მასთანო“. „ჩემს მამებს ასე არ უსწავლებიათო“, - მიუგია.

მთებში უკვე სახიფათო იყო დარჩენა - მილიციამ რამდენჯერმე დაარბია იქაურობა. ბერებმა აკურთხეს მამა ვიტალი და ისიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც იმხანად მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა მოღვაწეობდა (მეუფე ზინობის აღკვეცილია ბერად უწმიდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II). ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. 1976 წელს მღვლად აკურთხეს. თუმცა არ უნდოდა, მაგრამ მეუფე ზინობის კურთხევით მოიხსნა ჯაჭვები, რომელსაც ჩვიდმეტი წელი ფარულად ატარებდა და მოძღვრობის ჯვარი აღიღო.

გაძნელდა მისი უსაბუთოდ დაფარვა: „აირჩიე - ან ციხე, ან პასპორტიო“. რა იყო მისთვის ციხე, მაგრამ მოყვასის სიყვარულმა სძლია...

დიდუბეში, ერთ პატარა ქოხში დასახლდა. მიტროპოლიტ ზინობის კურთხევით, შეეძლო აქვე შეეწირა უსისხლო მსხვერპლი ან მონაზვნები აღეკვეცა. მალე მისი სახლი მონასტრად იქცა.

საქართველოს სიყვარული მამა ვიტალის მეუფე ზინობისგან გადაედო - გარდაცვალების წინ უხმო და აკურთხა თურმე, უწმინდესის გვერდით ყოფილიყო და არასოდეს დაეტოვებინა საქართველო...

ძალზე ჰყვარებია მამა ვიტალის ქართული ღვთისმსახურება, გალობა, დიდად აფასებდა თურმე ქართველ წმინდანებს. დიდი სინოდიკი ჰქონია და ყოველ წირვას ქართველების მოხსენიებით იწყებდა, რუსებს კი ამის მერეღა მოიხსენიებდა ხოლმე. ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება, „რუსეთს კი სძინავსო“, - იტყოდა სინანულით. მისთვის საქართველო ყოველთვის „წმინდა ივერია“ იყო. 

ბოლოს ნუგეშის სიტყვა დაუტოვებია: „მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო“, - ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა. ისიც მრავალს შეეწევა, მრავალსაც გამოცხადებია და ნუგეში უცია. ერთ ეპისკოპოსს ეჭვი შეჰპარვია, ნუთუ მართლა ასეთი მოღვაწეაო, და ზეცაში, იოანე ნათლისმცემელსა და სერაფიმე საროველთან ერთად უფლის ტრაპეზის წინ მომსახურე უხილავს.

წიგნის „მამა ვიტალის ცხოვრების“ მიხედვით
ჟურნალი „კარიბჭე“, №11, 2004 წ.

***

მამა ვიტალი სიდორენკოს რჩევა,  ლოცვითი კანონის შესახებ:

„დილით სახლიდან გასვლის წინ წავიკითხოთ 26-ე, 50-ე და 90-ე ფსალმუნები, მათ შორის კი დასაწყისში და დასასრულს წარმოვთქვათ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ…“.

„თუნდაც ახლოს ყუმბარა აფეთქდეს, ტყვია გავარდეს ან ხანძარი გაჩნდეს,- ვერანაირი უბედურება შენ ვერ შეგეხება…"

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ეს რატომ თქვა? კიდევ არის რაიმე გაუმხელელი და გამჟღავნდება?" - რა დაუბარა მამა გაბრიელმა თავის სულიერ შვილს

"შტრიხკოდიან პროდუქტს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ, არ გავნებთო, ამბობდა..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის სულიერი შვილი