1738268525
ვრცელდება ახალი დეტალები ავიაკასტროფის შესახებ, რომელიც American Airlines-ის თვითმფრინავმა განიცადა
American Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც სამხედრო ვერტმფრენთან შეჯახების შემდეგ მდინარე პოტომაკში ჩავარდა, ორი რუსი მოციგურავე იმყოფებოდა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ABC News-ის ცნობით, თვითმფრინავში მოციგურავეების ყოფნის შესახებ რუსული მედია აქტიურად იუწყება. ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.
"იქ სხვა ჩვენი თანამოქალაქეებიც იყვნენ. დღეს ცუდი ამბებია ვაშინგტონიდან", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ABC News-ის განმარტებით, მანამდე რამდენიმე რუსულმა სახელმწიფო მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავში ფიგურულ სრიალში 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონები - ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ, თუმცა აშშ-ის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ციგურაობის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ავიაკატასტროფის დროს, თვითმფრინავში მოციგურავეები და მათი მწვრთნელები იმყოფებოდნენ, რომლებიც ქვეყნის ჩემპიონატიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს რონალდ რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს შეეჯახა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ვერტმფრენში კი, 3 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ეშვებოდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. მდინარეში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.