VIDEO: როგორ წარმოიშვა მეწყერი შოვში - ტრაგიკული უმძიმესი დღისა და ღამის ქრონიკა

მეწყერი რაჭაში

უმძიმესი ღამის შემდეგ, შოვში სამაშველო ოპერაცია განახლდა, საფრენი ამინდია. არ წვიმს. გათენების შემდეგ შოვის თავზე დაფრინავს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, შესრულდა რამდენიმე რეისი. შსს იტყობინება, რომ მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი უკვე განახლდა.

პარალელურად მონიტორინგი და სადაზვერვო ფრენებია, ანუ ესეც სამაშველო ოპერაციის ნაწილია.

ღვარცოფის ადგილი დაახლოებით სამმეტრიანი ლაფითაა დაფარული.

რაჭაში, სტიქიის ზონაში დამატებით 15-მდე სამაშველო ჯგუფი ჩავიდა. ადგილზე გრძელდება სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

რამდენიმე ადამიანი მამისონის უღელტეხილის სექტორზე, მესაზღვრეებთან მივიდა, ათეული ადამიანი სხვადასხვა ლოკაციაზე, მაშველების მეთვალყურეობის ქვეშაა - თემურ მღებრიშვილი. 

მაშველებმა ტყეში იპოვეს ასევე ექვსკაციანი ჯგუფი, რომლებიც ასევე, ტყეს აფარებდნენ თავს, ისინიც უვნებლად და მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ანუ ის 50 ადამიანი, ვისაც ვერ უკავშირდებოდნენ, ექვსით შემცირდა. 

დაზარალებულებს თავშესაფარს სთავაზობენ -  სტიქიის ზონიდან გამოსულებს, ვისაც არ გაქვთ თავშესაფარი, ჩვენი ოჯახი მიგიღებთ, რა თქმა უნდა უსასყიდლოდ

გამოჩდნენ მოხალისეები -  ,,თუ შეგიძლიათ, ქუთაისიდან ვინმემ წაგვიყვანოთ შოვში, დრონებით დახმარება შეგვიძლია, ღამითაც და დღისითაც" - ამის შესახებ გვერდი ,,მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ"  სოციალურ ქსელში წერს.

რა ხდებოდა დაბნელებამდე: 70-მდე ადამიანი გადაიყვანეს ვერტმფრენებით უსაფრთხო ადგილას, მათ შორის 16 ბავშვი. შტაბმა ისინი სხვადასხვა ადგილას, სასტუმროებში გადაანაწილა.

ინფორმაცია გავრცელდა მსხვერპლის შესახებ -  მიწის მასის დამუშავებისას ორი ცხედარი იპოვეს.

ამოქმედდა ცხელი ხაზი -  დარეკეთ ცხელ ხაზზე 598 913 089 - თუ ფლობთ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ

მუშაობს საგანგებო შტაბი, - სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, წაღებული არის 2 ხიდი და ამ მიმართულებით, მობილიზებულია ტექნიკა და კიდევ დაემატება. ხვალ დილიდან გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები, ისევე, როგორც წაღებული ხიდების აღდგენა და საგზაო კომუნიკაციის აღსადგენად ყველა ზომა იქნება მიღებული. ადგილზე წარმოდგენილნი არიან ყველა შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე აქ არიან გეოლოგები, ინჟინრები, რომლებიც ხვალ დილით ხელახალ შესწავლას აპირებენ აღნიშნული არეალის. რეალურად კეთდება ყველაფერი რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს ყველა ძალისხმევა. სამწუხაროდ, 2 ცხედარი არის აღმოჩენილი, რომელთა გადმოსვენება უკვე ხვალ განხორციელდება და შემდგომ უკვე პროცედურების დაცვით მოხდება მათი იდენტიფიცირება," - განაცხადა ქარსელაძემ.

მაშველებს სამმეტრიან ლაფში უწევთ მუშაობა, 3 მილიონ კუბამეტრამდე მიწის მასაა ჩამოსული საერთო ჯამში.

ძლიერი წვიმებმა ადგილობრივი მდინარეების ადიდება გამოიწვია. შედეგად 3 აგვისტოს, მდინარე ბუმბურას ადიდების გამო ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა.

სტიქიის შედეგად განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა. მეწყერმა წაიღო კოტეჯების ნაწილი, ნაწილი კი მოიწის მასით დაფარა. ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა კი 2 ხიდი წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.