პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გიგი სიჭინავა ზუგდიდში ცხოვრობს, ხატავს და მის ფერწერულ ტილოებს თუ დაათვალიერებთ, კარგ გუნებაზე დადგებით, საიდანღაც მუსიკაც შემოგესმებათ. გიგის ნამუშევრები მე სეზანის ფერთა სილაღეს მაგონებს, თუმცა ფავორიტ მხატვრად პიკასოს და ვან გოგს ასახელებს.
18 წლის გიგის "ანგარიშზე", ჯერჯერობით, ექვსი პერსონალური გამოფენაა, წინ დიდი გეგმები აქვს.
ახალგაზრდა მხატვარი აუტისტური სპექტრის მქონეა, თუმცა ეს არანაირ ბარიერს არ უქმნის, პირიქით, სამყაროსთან საერთო ენა სწორედ ფერთა პალიტრით გამონახა.
აი, როგორ აცნობს ის თავს "პრაიმტაიმის" მკითხველს:
გიგი სიჭინავა: ბევრი მხატვარი მომწონს (პიკასო, პისატო, დეგა, გოია, ბოტიჩელი, ტულუს ლოტრეკი, კარავაჯო, სალვადორ დალი, ველასკესი, ბოსხი, ელ გრეკო და აშ…). დიდი მხატვრები თითქმის ყველა ვიცი, ყველას ბიოგრაფიას ვეცნობი და ყველაზე მაქვს წიგნები, ხშირად ვათვალიერებ და ვკითხულობ მათზე. მაგრამ გამორჩეულად მომწონს პიკასო, ბევრი ფერი აქვს და მაგიტომ. ნათელი ფერები. მეც მიყვარს ბევრი ფერების გამოყენება, ალბათ, ამიტომ მომწონს ყველაზე მეტად ის.
ხატვა 4 წლიდან დავიწყე, მშობლების გადმოცემით, თვითონ ვისწავლე, მიყვარს დაკვირვება დეტალებზე, ადვილად ვიმახსოვრებ ფრაგმენტებს, არ მავიწყდება ერთხელ დანახული, ეს შემდეგ ხატვისას მადგება. და არ მიჭირს გადმოცემა.
მიყვარს სიჩუმე, არ მიყვარს მანქანების ხმა. როცა ვხატავ, ვკეტავ კარს და მარტო ვარ სახელოსნოში, ზოგჯერ დედა დამიკაკუნებს და შემოვა, რაღაცას მომაწვდის, მომეფერება, შემაქებს და გადის.
ზოგჯერ ხატვისას ვიდეოს მიღებს, შემდეგ ჩემს ფეისბუქ გვერდზე დებს, სადაც ათასობით მეგობარი ნახულობს. ვცდილობ, დრო არ დავკარგო, სულ უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე, ბევრი უნდა ვხატო, რომ უკეთესი იყოს ყოველი მომდევნო ნამუშევარი.
მინდა დიდ წარმატებას მივაღწიო, გამოფენის მოწყობას მალე ევროპაში ვაპირებ. ამისათვის ბევრს ვხატავ, რომ ახალი ნამუშევრებით წარვდგე დამთვალიერებლის წინაშე.
მე ვიცი, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ვარ, მსუბუქი ფორმით. ეს ზოგჯერ მთრგუნავს, მაქვს კითხვები დედასთან და ხშირად ვეკითხები, დამთავრდება? მორჩება ეს აუტიზმი? დედა მეუბნება, შენ ეს უკვე დაძლიე, თუ ასე იმუშავებ საკუთარ თავთან და არ იფიქრებ ბევრს აუტიზმზე, ეს იქნება ყველაზე კარგი. იმასაც მეუბნება, რომ ყველა ადამიანი ვართ ინდივიდი, ვიღაცას, ხატვა შეუძლია, ვიღაცას სიმღერა, ვიღაცას არც ეს გამოსდის, ამიტომ არ უნდა ვინერვიულო იმაზე ფიქრით, რომ აუტისტი ვარ, ეს მხოლოდ ადამიანის მდგომარეობაა და არა დაავადება. მე მიყვარს სამყარო ფერებით.
"პრაიმტაიმს" განსაკუთრებულ შვილზე ნათია სახოკია უყვება, რომელიც აღნიშნავს, რომ მართალია, ახლა დავარცხნილი ჩანს გზა, რომელიც გამოიარეს, თუმცა ჩვენს სოციუმში რთულია "განსხვავებულთან" ერთად თანაცხოვრება.
ნათია სახოკია: გიგი პირველი შვილია, სულ სამი შვილი მყავს. მან ჩვენ ცხოვრებაში დიდი სიხარული შემოიტანა. ძალიან ლამაზი ახალშობილი იყო, რა ლამაზი ნაკვთები აქვს-მეთქი, ვთქვი, როგორც კი ხელში პირველად დავიკავე. გიგის დიაგნოზი 2008 წელს, ნეიროფსიქოლოგთან ვიზიტისას გავიგეთ, ოთხ წლამდე არ საუბრობდა, სათამაშოებით არაფუნქციურად ერთობოდა; წიგნებს გვირაბისებურად აგებდა და აკვირდებოდა; შეღებავდა, გადააკეთებდა;
აუტისტური სპექტრის დიაგნოზი ჩვენთვის რთულად მისაღები იყო, მაგრამ ჰქონდა მრავალფუნქციური უნარები და ეს მაიმედებდა. რამდენიმე თვე დამჭირდა, რომ მე ჩემი შვილის მდგომარეობა მეღიარებინა, მალევე მივედი იმ აზრამდე, რომ გიგის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი და ფუნქცია მე მაქვს და მე თუ ძლიერი ვიქნებოდი, გიგიც იქნებოდა ძლიერი, ამის შინაგანი ღრმა რწმენა სულ თან დამდევდა...
ჩვენს სოციუმს განსხვავებულის მიღება უჭირს, 14 წლის წინ, ეს მით უფრო იგრძნობოდა; სტიგმის სიმწარე არაერთხელ ვიგემეთ. გარშემო ბევრი ბარიერია, ცნობიერების დონე მეტად უნდა ამაღლდეს. ჩვენ, დედა-შვილის გუნდი, ყოველთვის ვიყავით ღია, საჯარო - ვცდილობთ სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, ვმონაწილეობთ გამოფენებში, სხვადასხვა პროექტებში. გიგი არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორია როგორც ჩვენს ქალაქში, ისე დედაქალაქში. გიგის ბევრი გულშემატკივარი ჰყავს; მას თავისი ფეისბუქგვერდი აქვს, სადაც ათასობით მეგობარი ჰყავს. გიგის გულშემატკივრობენ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი სოციუმი უკეთესობისკენ იცვლება.
საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ის, რომ ჩვენ არ ვირჩევთ ამ გარემოს, ჩვენ არ დაგვიგეგმავს ასეთი ცხოვრება და შესაბამისად, უნებლიედ თუ ნებსით არ შექმნან ბარიერები. მხოლოდ 2 აპრილს არ უნდა გაჟღერდეს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების შესახებ, ხშირად უნდა ვსაუბრობდეთ, რომ ჩვენ თანაბარი უფლებების მქონე ადამიანები ვართ.
ახლა, როდესაც გარკვეულ შედეგებს მივაღწიეთ, ამ გადმოსახედიდან, ეს ყველაფერი დავარცხნილი ჩანს; სირთულეებით სავსე იყო ეს გზა; ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, გიგისი რომ არ ესმოდათ თანატოლებს, რადგან ის არ იყო ვერბალური, სრულყოფილად ვერ ურთიერთობდა, ბულინგის მსხვერპლიც ყოფილა. ერთხელ მოვიდა თავზე ტრავმით, სკოლაში აღარ დაუჯერეს, წააქცია თანატოლმა და ფიზიკურად გაუსწორდა... თავთან მარტო დარჩა, დღემდე მტკივნეულად იხსენებს ამ ფაქტს.
მე მჯეროდა, რომ გიგი ეტაპობრივად ყველაფერს დაძლევდა. მთავარი იყო მასთან ურთიერთობის გზა და ენა შემესწავლა. ქცევით თერაპევტად მუშაობას სანამ დავიწყებდი, საბაზისო უნარები გავიარე, ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით, რადგან შედეგს ვაღწევდით, ეს იყო ჩემთვის დიდი მოტივაცია.
გიგი წარმატების ისტორია იწყება ექვსი-შვიდი წლის ასაკიდან. დიდ დროს უთმობდა ხატვას, ზეთის საღებავები, ტილო, ფანქრები შევუძინეთ. დახატავდა თუ არა, მოვიდოდა და სიხარულით გვამცნობდა.
ტილოზე ადრეული ასაკიდან დაიწყო ხატვა. მან თავი იპოვა ფერებში, შემდეგ იყო გამოფენები და წარმატებები. ხალხთან ურთიერთობა მოეწონა. ექვსი პერსონალური გამოფენა, ასამდე ფერწერული ტილო, "გიგის სახელოსნო" - ეს მისი ცხოვრებაა. მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე, შრომას მოაქვს წარმატება და ეს მან იცის.
თავისებურად ხედავს სამყაროს, ამიტომ მასთან სამუშაო პროცესში ჩარევა მინიმალური დოზით არის შესაძლებელი.
განმარტოვდება, წვიმის დროს, ღამით მუშაობს, სიჩუმე მოსწონს.
გიგი: "ვგრძნობ, რომ არაფერია უფრო მხატვრული, ვიდრე ადამიანების სიყვარული" - ჩემი საყვარელი ფერმწერის ვინსენტ ვან გოგის ფრაზით გეპატიჟებით ჩემს სამყაროში. ჩემი სამყაროსადმი დამოკიდებულებების გადმოცემაში პალიტრა მეხმარება. მე ყოველდღე ვამტკიცებ, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავი და უსაზღვროა! ვუმტკიცებ ყველას, ჩემს თავს, ნაცნობებს, უცნობებს, ყოველდღე!
მშობლებისა და გულშემატკივრების დაუღალავი მხარდაჭერის შედეგად ჩემი პორტფოლიო ასამდე ტილოს, ორას სამოც განსხვავებულ პერსონაჟსა და სხვადასხვა საინტერესო ესკიზს მოიცავს, რომელთა ნაწილის ნახვა, ჩემს გვერდზეც არის შესაძლებელი.
თუ ზუგდიდში მოხვდებით, ან სულაც ცხოვრობთ ზუგდიდში და გსურთ ჩემი ნამუშევრების დათვალიერება, ჩემი სახელოსნოს კარი ყველასთვის ღიაა! ჩემი ნახატები თქვენს სიყვარულზე მოგიყვებიან. პატივისცემითა და შეხვედრის სურვილით, გიგი სიჭინავა.“
გიგის ფეისბუქ გვერდის დათვალიერება ამ ბმულზე შეგიძლიათ;
ასევე დაგაინტერესებთ: