"ბოლომდე არც ვიცოდი, გამოვიდოდა თუ არა..." - რა მოამზადა, 100 წლის საიუბილეოდ, გოგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის შვილიშვილმა

gegechkri

გოგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრალური წყვილის შვილიშვილმა, თეატრმცოდნე ანანო მირიანაშვილმა ბებია-ბაბუაზე წიგნი გამოსცა; მართალია, წიგნი სასაჩუქრეა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ნაშრომია; 

მსახიობისა და მისი თეატრმცოდნე მეუღლის შესახებ გაკეთებული წიგნი-ალბომი, ბევრ ინტიმურ და საინტერესოდ უცნობ ინფორმაციას გვაწვდის, როგორც ამ გამორჩეულ წყვილზე, ისე იმ ეპოქაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ;

"როცა ირინა აბჟანდაძეს ჩემი ჩანაფიქრი გავანდე, ბოლომდე არც ვიცოდი, გამოვიდოდა თუ არა, მაგრამ ერთი წამიც არ უფიქრია, ისე დამთანხმდა და დიდი ძალა და სტიმული მომცა, რომ გავმკლავებოდი ჩემთვის აქამდე უცნობ ამოცანებს. ირინასთან მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა და თან დიდი პასუხისმგებლობაც. ერთად სული და გული ჩავდეთ ამ წიგნში; წიგნი არ გაიყიდება, არის სასაჩუქრე და პირველ რიგში გადაეცემა სახელოვნებო სასწავლებლების ბიბლიოთეკებს და მუზეუმებს. გპირდებით, რომ შეძლებისდაგვარად შევეცდები, რომ ყველას შეგახვედროთ პრეზენტაციის შემდეგ, სადაც უფრო ვრცლად მოგიყვებით ყველაფერს" - წერს ფეისბუქზე წიგნის ავტორი ანანო მირიანაშვილი;

ანანო გოგისა და ნათელას ქალიშვილის, ასევე თეატრმცოდნე მანანა გეგეჭკორის შვილია; რეჟისორი კოტე მირიანაშვილი შვილის ავტორობით გამოცემულ წიგნზე წერს;

კოტე მირიანაშვილი: - გოგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის 100 წლის საიუბილეოდ წიგნის გამოცემის იდეა, ყველა შესაძლო აქტივობებს შორის, მთავარი იყო, იუბილეზე ფიქრის თითქმის ერთი წლის მანძილზე.

ფილმის იდეაც გვქონდა, მაგრამ ეს ძვირად ღირებული და ხანგრძლივი პროექტი გამოვიდოდა.

წიგნზე მუშაობაც ხანგრძლივი იყო. ფაქტობრივად, ბოლო წლებია ანანო არქივზე გამუდმებით მუშაობდა (სხვა საქმეების პარალელურად), აკეთებდა ინტერნეტ-პუბლიკაციებს და როგორც ჩანს, პირად მიმოწერაზე მუშაობის დროს გაჩნდა წიგნი-ალბომის იდეა, სადაც იუბილარები თავად მოჰყვებიან საკუთარ ცხოვრებაზე პირადი მიმოწერით ერთმანეთთან, მეგობრებთან.

ეპისტოლარული მემკვიდრეობა ზოგადად ძალიან პირადულია, ინტიმური და დიდი ტაქტით და თან თამამადაც სჭირდება მიდგომა - ზოგი რამის თქმის დრო დადგა, ზოგის ჯერაც არა, ან უფრო დიდი კომენტარი სჭირდება, ვიდრე ამას წიგნი-ალბომის ფორმა დაიტევს. ეს თემები გადანახულია სამომავლოდ.
ყოველი წერილი, თუ იქ ნახსენები ფაქტი, კრიტიკული ხედვის, მსჯელობის, ფიქრის პროცესს გადიოდა. ამას კი დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა. მიხარია, რომ ანანომ და ირინამ შეძლეს ამ ძალების მობილიზება და დროში სწორად განაწილება.
ვფიქრობ, რომ გემოვნება, ნიჭიერი ხელოვანისთვის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, რაც ორივეს, ნათელა ურუშაძეს და გოგი გეგეჭკორს მეტად რაფინირებული ჰქონდათ, ირინა აბჟანდაძის დიზაინშიც კარგად ჩანს.

იმედი მაქვს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ტექსტი და ვიზუალი გასცდა ოჯახური ალბომის ჩარჩოს.
მე პირველად ვიგრძენი ამ ახლობელი ადამიანებისგან (საკმაოდ მტკივნეულია) ერთგვარი დაშორება, თითქოს გვერდიდან ვუყურებდი დიდი მოღვაწეების ცხოვრებას, მით უმეტეს, რომ ჩვენ თვითონაც ბევრი აღმოჩენა გავაკეთეთ.
ნათლად გამოჩნდა ეპოქა და იმ მოცემულობაში ნიჭიერი ადამიანების რთული ცხოვრება და ბრძოლა.
... მაგრამ ეს სულ ჩემი ფიქრებია. ვნახოთ "რას იტყვის ხალხი?" - მკითხველი.
სამწუხაროა მცირე ტირაჟი, მაგრამ მთავარი შედგა - წიგნი გამოიცა!
ვულოცავ ავტორებს, მათ დამხმარეებსა და გულშემატკივრებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ცოტნე 14 წლის გახდა და პროფესიული კუთხით, თავისი მოთხოვნები გაუჩნდა" - რა მოთხოვნები და სასიხარულო ამბები აქვს ვუნდერკინდ მუსიკოსს

"მამას საფლავზე მისულს, ხშირად მხვდება დანთებული სანთელი; ვერასდროს შევესწარი, ვინ ანთებს; მესაფლავეებს ვკითხე და გაირკვა..." - საოცარი ისტორია დოდო აბაშიძეზე

"გერმანელი ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე" - სასწაული, რომელიც კახის ოპერაციის წინ მოხდა