1728312638
"შპაგატშიც ჩაჯდა და ისე ითამაშა, მაყურებელმა არც იცოდა, რომ მძიმე სენს ებრძოდა..." - მარინა ჯანაშიას გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა
"ყველაზე მთავარია რწმენა, სიცოცხლის ძალიან დიდი სურვილი და სიყვარული. ხანდახან ძალიან ცუდს გვთავაზობს, ხანდახან - კარგს, მაგრამ სიცოცხლე არის სიცოცხლე – პატარა გაჩერება დედამიწაზე და შემდეგ, ისევ მარადისობაა. ამიტომ ეს გაჩერება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ" - ეს სიტყვები მარინა ჯანაშიას ეკუთვნის. ამ განყენებულად მოკრძალებული, კულტურული და ტაქტიანი არტისტის გარდაცვალებიდან, 27 მაისს ორი წელი გავიდა.
სათნოებით გამორჩეული მსახიობი მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე წელი გამოუვიდა, თითქოს გაიმარჯვა კიდეც. ძალა მოიკრიბა და როგორც ამბობდა, იმ პერიოდში, შვილის სახე რომ დაინახა, მიხვდა, რომ დანებების უფლება არ ჰქონდა.
"უცნაურია, რომ არცერთი წუთით არ დამიშვია, რომ შეიძლება რაღაც დამემართოს, რომ არ ყოფილიყო იქ ჩემი შვილი, თემიკო, მე ამას ვერ მოვერეოდი. როცა ვხედავდი მის სასოწარკვეთილ თვალებს, ეს მიკრძალავდა ყველაფერ დანარჩენს და მაძლევდა უფლებას, მეთამაშა, თითქოს მთლად ისე ცუდადაც არ იყო ყველაფერი…" - ამბობდა.
მერე ისევ საყვარელ საქმეში გადაეშვა, ბოლომდე, იშვიათი პროფესიონალით.
“ღვიძლი გადაუგვარდა… გერმანიაში გაუკეთდა ოპერაცია და როგორც ჩანს, არ აღდგა. არადა, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად წავიდა. გვეგონა, ღვიძლი გადიდდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ასე არ იყო" - გვიყვება ნანა ფაჩუაშვილი.
ნაოპერაციები, გერმანიიდან სამშობლოს დაუბრუნდა თუ არა, გოჩა კაპანაძის "მოხუც ჯამბაზებში" მაშინვე მოისურვა თამაში. და ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2017 წელს სცენას დაუბრუნდა! ენერგია არ დაუშურებია და “შპაგატში” რომ ჩაჯდა, ყველას გაოცება გამოიწვია. ეს იყო ტრიუმფალური დაბრუნება, ჯიბრზე თამაში, სიცოცხლის ხელახალი შანსის თამამი გამოყენება!
"რა ბედნიერებაა თეატრი, რა ბედნიერებაა ამდენი ხნის პერიპეტიის შემდეგ დაბრუნება.. ასეთი დიდი სიყვარულის
საბურველში გახვევა. ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება. მაშინაც კი, როდესაც აღარაფრის იმედი იყო, ჩემი გონება თეატრში ტრიალებდა" – თქვა მაშინ მსახიობმა.
პერიოდულად კლინიკაში ატარებდა დროს. ბოლოს მეგობრები ხმაზე ატყობდნენ, რომ არ იყო კარგად. საუბარში იღლებოდა და მალევე ემშვიდობებოდა ტელეფონზე.
უკანასკნელი სამი დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა…
მარი ჯანაშიას "პრაიმტაიმთან" გოჩა კაპანაძე იხსენებს.
გოჩა კაპანაძე: მარი ჯანაშია რომ გავიცანი, ის უკვე ნამდვილი ვარსკვლავი იყო, თუმცა მისი სახელი და გვარი, სტუდენტობიდან მოყოლებული, სულ ისმოდა. მესამე კურსიდან რუსთაველის თეატრში დიდ სერგო ზაქარიაძისა და ზინაიდა კვერენჩხილაძის გვერდით, მიშა თუმანიშვილის მიერ დადგმულ გენიალურ "ანტიგონეში" თამაშობდა. ეს ბევრს ნიშნავდა. მაშინ მოინათლა როგორც მსახიობი...
მე რომ რუსთაველის თეატრში მივედი, მარინა მარჯანიშვილის თეატრიდან ახალი დაბრუნებული იყო. მალე დავმეგობრდით. სპექტაკლში "ლეონსი და ლენა" ჩვენ ცოლ-ქმარს ვთამაშობდით. მე ადვილად "ვაფუჭებდი", ვაცინებდი. მერე კულისებში მტუქსავდა, აღარ დაგელაპარაკებიო, იყო ბუტიაობა და შერიგება. თუმცა წყენა დიდხანს არ მიყვებოდა. მეც თავს ვერ ვიკავებდი და უხერხულ სიტუაციებში ვაგდებდი.
თამაშობდა ჩემს სპექტაკლებში - "მარიამ სტიუარტი", "მზის დაბნელება საქართველოში", "მოხუცი ჯამბაზები", "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი". ყოველთვის საინტერესო იყო მასთან მუშაობა.
მოფერებით მზექალა შანიძეს ვეძახდი. ისეთი ქართულით საუბრობდა, ისე გრამატიკულად დაალაგებდა წინადადებას და შენიშვნას გეტყოდა, სწორად არ მეტყველებო. არ უყვარდა ჟარგონებით საუბარი, უწმაწური ანეკდოტები და შენიშვნებს გვაძლევდა.
წიგნიერი, განათლებული, კულტურული მსახიობი იყო. მაღალ პროფესიონალიზმზე აღარ ვსაუბრობ. იყო მუსიკალური, პლასტიკური. ამიტომ იყო მასთან მუშაობა სასიამოვნო. ის ამაყობდა თუმანიშვილის სკოლით.
მე და მარინა ადვილად ავეწყეთ. თეატრს მიღმაც ვმეგობრობდით. შინაგანად სულ პატარა გოგო გეგონებოდათ, თუმცა ამავდროულად "მარინა ჯანაშია" იყო, თავისი პერსონით.
ბევრი ოპერაციის შემდეგ, მარინა, გერმანიიდან დაბრუნდა, დიდ ხანს ველოდებოდით. მანამდე შემოთვალა, იქნებ ჩემს როლზე ვინმე სხვა შეიყვანოთო. მე უარი ვთქვი ამაზე და როდესაც ჩამოვიდა, მითხრა, ერთ თვეში დავნიშნოთ სპექტაკლიო. ისე ითამაშა, მაყურებლის უდიდესმა ნაწილმა არც იცოდა, რომ მარინა მძიმე სენს ებრძოდა და ავადმყოფობდა. არც იმჩნევდა და არც საშუალებას გაძლევდა, რომ დაგეზოგა.
ერთ სცენაში მისი და მარინა კახიანის გმირები "შპაგატში" სხდებიან. კატეგორიულად მოვითხოვე, არა, არ ჩაჯდები-მეთქი, სცენა გავადაკეთე. მან თქვა, არა, ისევ ისე ვითამაშებ, როგორც ვთამაშობდიო. მაშინ სპექტაკლს არ დავნიშნავ-მეთქი. კარგი, შეღავათს მიწევ, რეჟისორი ხარო, დამთანხმდა.
ითამაშეს სპექტაკლი და იმ სცენაზე რომ მივედით, გულის კანკალით ვუყურებდი. ის, რა თქმა უნდა, "შპაგატში" ჩაჯდა. როგორც ყოველთვის ტაშით ადგა, გაიღიმა, გაცუნცულდა, იცეკვა... გაოგნებული ვიყავი. მითხრა, მე ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა. როგორც კი დამეტყობა, რომ ვერ შევძლებ, აღარ გამოვალ სცენაზეო. ასეც იყო. მის გამო სპექტაკლი არასდროს მოხსნილა. თუ თამაშობდა, ბოლომდე იხარჯებოდა.
მარინას უკანასკნელი როლი, მეფე ერეკლეს როლია ჩემს მიერ დადგმულ სპექტაკლში "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი". მინდოდა ქვეყანაზე მოფიქრალი, მოფილოსოფოსე მეფის სახე შექმნილიყო და ვიფიქრე, ეს როლი მარინასთვის მიმეცა.
ბევრი იცინა, მისთვის ჩვეული მომხიბვლელი სიცილით. ორი დღე ვიფიქრებო, მითხრა. რომ მოვიდა და ჩემი მონახაზი მომაყოლა, მკითხა, ნოდარ მაჭარაშვილის "ავი მუსაიფი" თუ გაქვს წაკითხულიო? ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის რომანი ახალი გამოცემული იყო და არ მქონდა წაკითხული. მარინა ბევრ კითხულობდა. მოკლედ, მომიტანა წიგნი, მე მოკლე დროში წავიკითხე, მომეწონა და შემომთავაზა, აქედან ადგილები მონოლოგებად გავაკეთოთო. გაუხარდა რომ დავთანხმდი. მარინამ გააკეთა მონოლოგები, მე შესწორებები შემქონდა.
ჩვენ არ ვთამაშობდით სქესს. ეს იყო ნიღაბი, ერეკლე მეფის ფიქრი სამშობლოზე, ღრმად, ლიტერატურულად და თეატრალურად გამოკვეთილად. ვფიქრობ, მარინამ ერთ-ერთი საინტერესო როლი შექმნა და ითამაშა.
ეს სპექტაკლი კახეთში, მეფე ერეკლეს სასახლეში უნდა გვეთამაშა. მეშინიაო, მითხრა; კახელები როგორ გაიგებენ, მათი საყვარელი მეფე ქალმა რომ უნდა ითამაშოსო. ჩვენ თუ დავიწყეთ სქესის თამაში, რა თქმა უნდა, ჩაგვქოლავენ, მაგრამ თუ ჩვენ ამბავს მოვყვებით, ვიმსჯელებთ იმ მოტივაციაზე, რატომ მოაწერა მან ხელი ტრაქტატს, მაშინ კარგად მიგვიღებენ-მეთქი, ვუთხარი. სწორია, ჩავიდეთ და ვითამაშოთო. თუმცა, მარინა მოკლე დროში დამძიმდა და კახეთში ვეღარ ჩავედით.
ეს მისი ბოლო როლია. სპექტაკლი გადაღებულია. სხვათა შორის, ძალიან სიმბოლურია მეფე ერეკლე რომ მისი უკანასკნელი როლი აღმოჩნდა.
რაც შეეხება მის პიროვნებას; ბევრს ეხმარებოდა და თან უბრალოდ, არა გამოსაჩენად, არამედ ნამდვილი სიკეთით. როდესაც ვიღაცაზე გაიგებდა, რომ გაჭირვებულია, უყიდდა სამოსს, დაუმატებდა თავისას ან სამკაულს, ან ქურქს და ისე ჩუქნიდა ადამიანს, რომ ის ვერც ხვდებოდა, ვინ აჩუქა. ასე უბრალოდ, უხმაუროდ აკეთებდა სიკეთეებს... და ეს არაერთხელ მომხდარა.
არაჩვეულებრივად ამზადებდა. მოჰქონდა მისი დამცხვარი ნამცხვრები და რეპეტიციების შემდეგ გვიმასპინძლდებოდა.
იყო ძალიან მორიდებული, არისტოკრატული, კორექტული, ტაქტიანი და ქცევის ცოდნის ეტალონი.
ახლა რუსთაველის თეატრში ვარ და ამ წუთში გავიგონე მისი ხმით ნათქვამი - მო-თმი-ნება! ხშირად ამბობდა ამას. მან, პროფესიული კუთხით, ბევრი ითმინა. უფრო მაღალი რანგის კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. მისი ნიჭის შესაბამისად რეალიზებული არ იყო. ამას ხმამაღლა არასდროს ამბობდა, თუმცა ასე მიაჩნდა... და მე ამაში ვეთანხმებოდი.
ასევე დაგაინტერესებთ: "უფრო და უფრო უმწეო გახდა, ვერ მივატოვებდი. 15 წელი ვიცხოვრე მასთან..." - ქალი, რომელთანაც კახი კავსაძემ ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა