„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
ახალი წლის დღეები ხომ უკეთსის მოლოდინის, კარგი ამბების დაბედებისა და განწყობის შესაქმნელადაა. მეც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი ვარ, რომელსაც მინდა რომ უკეთესი მომავალი და კარგი განწყობა მქონდეს.
განსაკუთრებით არ მიყვარს ამ დღეებში საავადმყოფოზე და ავადმყოფობაზე ფიქრი, მაგრამ რაც გამოვიარეთ ბოლო ორი წლის მანძილზე, ეს არ დამავიწყდება.
30 დეკემბერს ყელის ტკივილმა შემაწუხა. დღის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ტკივილი მიუარესდებოდა. ამ გავრცელებული ვირუსების ფონზე, შევშინდი, რამე ვირუსი არ იყოს-მეთქი. თანაც ყველა მეორე პაციენტი ამბობს, რომ ეს ახალი ვირუსი ყელის ტკივილით იწყება.
მოკლედ, მივადექი აფთიაქს, და ვეუბნები კონსულტანტს, რა სიმპტომებიც მაქვს. პირველ იანვარს დაბადების დღე მაქვს. არ მინდა ახალ წელს კლინიკაში ან ვირუსიანი შევხვდე და ისეთი სპრეი, ან სახვა წამალი მომეცით, რაც ყველაზე ეფექტურია- მეთქი. (არ ვიცოდი ბიოგრაფიის მოყოლა თუ იყო საჭირო, ყელის ტკივილის წამლის ყიდვისას. მედიკამენტებზე ალერგიული არასდროს ვყოფილვარ).
მომაწოდა ერთი სპრეი და ერთიც საღეჭი აბები. ერთი აბი იქვე გავხსენი. წამოვედი სახლში. სამი საათის შემდეგ კიდევ ერთი. ასევე სპრეიც გამოვიყენე. პარალელურად თბილი რძე, კომშის კომპოტი (თბილი) . ვცდილობ განწყობა შევინარჩუნო. მაგრამ არაფერი გამოდის, ყელის ტკივილმა უფრო იმატა, და კომპოტსაც ვეღარ ვყლაპავ... დარჩა ახალ წლამდე და ჩემს იუბილემდე ერთი საათი. შემეშინდა, რახან უკეთესობის ნაცვლად უარესობისკენ წავედი, ვირუსი არ რთულდებოდეს-მეთქი და ვის მოსვლასც ველოდი, დავურეკე ყველას, ასეთი მდგომარეობა მაქვს და რისკის ქვეშ ვერ დაგაყენებთ-მეთქი. მართლაც არავინ მოსულა.
მთელი ღამე სპაზმი მქონდა. მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის და ნერწყვს ვაფურთხებდი, რადგან ვერ ვყლაპავდი. მოკლედ, ფიქრებში ვიყავი, გამომეძახებინა თუ არა სასწრაფო. თან ის განწყობა, რომ ახალ წელს კლინიკაში არ მინდა (საკმაოდ რთული ორი წელი გავატარე კლინიკაში და ამიტომ უფრო არ მინდა წარსულში დაბრუნება). როგორც იქნა გათენდა. გავაგრძელე აფთიაქში ნაყიდი წამლის მიღება... უფრო ცუდად ვარ, ვერც წყალს ვსავამ, ვერც ნერწყვს ვყლაპავ, ვერც ვლაპარაკობ. ვინმე რომ რეკავს ვუთიშავ. და საბედნიეროდ, შემოვიდა ზარი, რომელთანაც ისეთი პასუხისმგებლობა მაქვს, „მკვადრიც რომ ვიყო“ ვალდებული ვარ ვუპასუხო.
ორი სიტყვა ვუთხარი და ის მეკითხება: გოგო, ასე დათვერი?!!!
-რაა?- ჩავიბუტბუტე ძლივს.
- გოგო, ენას ძლივს აბრუნებ. რა დალიე, რამდენი დალიე. ხომ კარგად ხარ?!!
ბოდიში მოვუხადე და გავუთიშე. (მანამდე ვამბობდი დაბუჟებული ვარ, თითოს ბურთები მაქვს გაჩხერილი ყელში და შეშუპებული ვარ-მეთქი. სახლში სტუმრებს მოსვლა ავუკრძალე, ვირუსის შიშით და ვინ შემოვიდოდა რომ ვინმეს დავენახე. დილით ჩემმა მეგობარმა ლალიკომ რომ მითხრა, რაღაც მეც ვერ ვარ კარგადო, აი მანდ საერთოდ, მთელი მსოფლიოს ვირუსი მეკიდა მეგონა მხრებზე. რადგან ის მყავდა სტუმრად მხოლოდ.
მივედი სარკესთან და რას ვხედავ... ფერი საერთოდ არ მაქვს. დავაპირე პირის გაღება და... სად არის პირი? ენა ისეა გასიებული რომ პირის ღრუ არ ჩანს. დავავლე ჩანთას ხელი და გავიქეცი ახლოს მდებარე აფთიაქში.
შევედი თუ არა, კონსულტანტი მეკითხება:
- რა დალიეთ?
- არაფერიიი!!- აღმომხდა, ვიფიქრე ამათაც მთვრალი ვგონივარ-მეთქი. პირი ღია მქონდა უფერობისგან, მუხლები მეკეცებოდა უკვე უჰაერობისგან და ჩავიმუხლე.
- ყელის რა წამალი დალიეთ?! მეკითხება სწრაფად.
- სახელების თქმის თავი არ მქონდა და ტელეფონში ვანახე ფოტოები, რომლებიც შენახული მქონდა.
- სასწრაფოდ დექსამეტაზონი!! - გასძახა მეორე კონსულტანსტს და თან მეკითხება - ალერგიული ხარ?
- კიიი, ამოვიკვნავლე ძლივს.
- კარგი, გიშველით. ყველაფერი კარგად იქნება... სასწრაფოდ დალიეო. არ მინდა გავიკეთებ ჩემით მეთქი (ეს ორწლიანმა კლინიკაში ცხოვრებამ მასწავლა) და ზუსტად 10 წუთში პირველი ნერწყვი გადავყლაპე დღენახევრის შემდეგ...
ასეთი იყო ჩემი დაუვიწყარი დაბადების დღე. სიკვდილთან თამაში. რომ არ წავსულიყავი აფთიაქში, სადაც ძალიან ჭკვიანი გოგოები დამხვდნენ, დღეს ალბათ ნიუსი დაიწერებოდა, თავის დაბადების დღეზე გარდაცვლილ გოგოზე.
გაფრთხილება! ალბათ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. მაგრამ გთხოვთ ყურადღებით იყავით მედიკამენტების შეძენისას. ის რაც სხვას უხდება, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს სხვისთვის. ათასჯერ გადაამოწმეთ, რადგან თითოეული წამია გადამწყვეტი ჩვენი სიცოცხლისთვის.
თანაც გარკვეული წამლების დეფიციტია აფთიაქებში და იმ ნაცადი მედიკამენტების ნაცვლად, სხვა შემცვლელებს ტენიან მომხმარებლებს!!! ეს კანონით უნდა აიკრძალოს!
ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!! მშვიდობა იყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში.
პ.ს. ისე რამდენჯერ მოვკვდი და გავცოცხლდი ამ ცხოვრებაში, აღარც ოჯახში ვითვლით უკვე ... ჩემი ოჯახიც ამ სტატიით გაიგებს ჩემს თავგადასავალს. მე ნანიკო ჩხაიძე ვარ და დღეს აღვნიშნავთ ჩემს კიდევ ერთ დაბადებას.
ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იღბლიანი ვყოფილვარ. თქვენ გისურვებთ ( ასეთი თავგადასავლებით არა), მაგრამ უფრო მხიარულ, მშვიდ და ლამაზ ცხოვრებას.