არასდროს დამავიწყდება მისი თვალები. შვილებთან უნდოდა ცხოვრება... ჩავედი ოთახში და ვიტირე... - ლევან რატიანი წლის უსიამოვნო მომენტებს იხსენებს

levani

ლევან რატიანი "პრაიმტაიმთან" წლის ყველაზე უსიამოვნო მომენტებს იხსენებს. რეანიმატოლოგმა ახალგაზრდა პაციენტის გარდაცვალება გაიხსენა, შეეხო სასამართლო დავას, რომელიც მის ცხოვრებაში წელს იყო...

ლევან რატიანი: - წელს გული მატკინა 40 წლამდე ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამ. რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ეს ერთ-ერთი ბოლო შემთხვევაა და არ მავიწყდება. სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინე.

მას მძიმე სენი ჰქონდა. არასდროს დამავიწყდება მისი თვალები. შვილებთან უნდოდა ცხოვრება... იცოდა, რომ ბოლო წუთები ჰქონდა, მაგრამ იბრძოლა. სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ...

რეანიმატოლოგი ვარ და თითქოს, სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლას, შეგუებული უნდა ვიყო, მაგრამ გრძნობები და ემოციები მეც მაქვს, როგორც ადამიანს. სიკვდილს ვერასდროს ვეგუები. სულ ვცდილობ, ეს გუნდთან არ შევიმჩნიო. ეს ქალი რომ გარდაიცვალა, ჩავედი ოთახში და ვიტირე...

ყველაფერი სრულდება და დასრულდა ის სასამართლო დავაც ჩემს პირად ცხოვრებაში. იყო ასეთი მომენტიც, რომელიც მეკუთვნოდა თუ - არა, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ყველანი ადამიანები ვართ, ყველას გვეშლება. მე ყოველთვის ვამბობ - საბედნიეროდ, მტერი არ მყავს-მეთქი. არავის მივიჩნევ მტრად.

ყველას ვუსურვებ ახალი წლით გახარებას, ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2023 წელი. ბოროტებას ჩვენს სულებში არასდროს დაესადგურებინოს.

მინდა მომავალ წელს ერთმანეთის გატანა შევძლოთ. ერთმანეთი მეტად შეგვყვარებოდეს და ჭირისა და ლხინის გამზიარებელი გავხდეთ. ეს თუ არ მოხდა, ჩვენი ერი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადარჩება.