1728588793
როგორ შეიძლება, რომ 30 წლის თავზე ამ ხალხს საცხოვრებელი პირობები ისევ პრობლემად ჰქონდეს? - ტორესა მოსი
მწერალი ტორესა მოსი დევნილთა დასახლებაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
„30 წელია, ხალხი დევნილობაში ცხოვრობს. როგორ შეიძლება, რომ 30 წლის თავზე ამ ხალხს საცხოვრებელი პირობები ისევ პრობლემად ჰქონდეს? რა ხალხი ვართ, რა საზოგადოება, რა პრიორიტეტები გვაქვს? რანაირად მოვახერხეთ ეს, რომ 30 წელიწადში ეს პრობლემა ვერ მოვაგვარეთ? რა უნდა დავიბრუნოთ, ვინ უნდა შემოვირიგოთ, სად უნდა დავბრუნდეთ, დაფიქრდით, აბა. ამაშია საქმე. ყოველი კორუფციული გარიგება, ყოველი არაკეთილსინდისიერად შესრულებული საქმე, ყოველი გულგრილობა არის ამ ყველაფრის მიზეზი. უნდა გავიგოთ, ცუდად ვცხოვრობთ იმიტომ, რომ ცუდი ხალხი ვართ. ყველა დანარჩენი კი არ არის ცუდი და ჩვენ კი არ ვართ კარგები, არა, ჩვენ ყველა ერთად ვართ ცუდები და სხვებს კი არ უნდა დავუწყოთ ლოდინი, ისინი როდის გახდებიან კარგები, აქ, ახლა, ამ წამს უნდა დავიწყოთ ცვლილება ჩვენს თავში. ვიცი, რომ დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ ხელისუფლება შეიცვლება, ცხოვრება შეიცვლება, ყველაფერი შეიცვლება, როცა ჩვენ შევიცვლებით. არ ვიცი, როგორ უნდა დავარწმუნო გარშემომყოფები ამაში, მაგრამ ჯერ გავმდიდრდეთ და მერე სწორად ვიცხოვრებთ, არაა სწორი, მასე არ მოხდება, პირიქით ხდება, ჯერ სწორად იქცევი და მერე მოდის კეთილდღეობა, დეოკუპაცია, უკეთესი გარემო, უკეთესი ცხოვრება და უკეთესი ქვეყანა. 30 წელია, პირიქით ვცდილობთ, ველოდებით როდის შეიცვლება ქვეყანა, რომ მერე ჩვენც შევიცვალოთ…“ , - წერს ტორესა მოსი.