რამდენი ასეთ ფოტოს ვნახავ, შიში მიპყრობს, - ვაიმე, ნეტავ დედამისმა არ ნახოს-მეთქი... - ჟურნალისტის ემოციური პოსტი ომზე, ტკივილზე, დედებზე...

ბავშვები

ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„პრაიმთაიმი“ მას უცვლელად გთავაზობთ:

„გადაივსო სოციალური ქსელები მილოცვებით, „ბედნიერი დედობა“ - სჭარბობს მისალოც ტქესტებში...
შვილმკვდარი დედები მყავს მეგობრებში და ყველა სიტყვას მოზომილად ვწერ ხოლმე ამ დღეს, რომ არ ვატკინო...
„შვილმკვადრი დედა“ ფენომენია... სხვა განზომილებაა... ეს ქალია, რომელიც ორ სამყაროში ცხოვრობს - ამიერშიც და იმიერშიც... იმიერში წასვლა რომ ეჩქარება და ამიერში რომ სხვა შვილები არ ეთმობა...
მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში მეფიქრებოდა და დღეს განსაკუთრებულად გამიმძაფრდა იმ დედების ტკივილი, რომელთა ახლად ულვაშშეღერებული შვილები ავტომატებით ხელში იბრძვიან...

იმ 19 წლის სპორტსმენის დედასთან ერთად მტკივა, რომელიც ხარკოვთან ბრძოლაში დაიღუპა... იმ 1 დღის ჩვილის დედასთან ერთად მტკივა, რომელიც გუშინ მამასთან ერთად ნაღმმა შეიწირა... იმ დედებთან ერთად მტკივა, რომლებსაც შვილები ომში ჰყავთ და ტელეფონის ყველა ზარზე გული ეკუმშებათ...

იმ დედებთან ერთად მტკივა, ვისაც ღამეები არ სძინავთ და ჭურვის აფეთქების ხმასთან ერთად ჰგონია, რომ მისი შვილის სიცოცხლე დამთავრდა...

ტყვიის წუილის ხმას რომ გაიგებს, მუხელბზე დავარდნილი ევედრება უფალს, რომ ამ ტყვაიმ მისი შვილის გულში არ გაიაროს.. და მერე გაქვავებული შიშობს, მისი შვილის სიცოცხლე ხომ არ დამთავრდა...
იმ დედებთან ერთად მტკივა, შვილის ტელეფონის ნომერს რომ კრებს და ... სანამ უპასუხებს, სისხლი რომ უცხელდება, გულის გაგლეჯამდე წამი რომ რჩება...

ღმერთო, რამდენი ტკივილი ტრიალებს იმ ჯოჯოხეთში...

იმ დედების მაგივრადაც მტკივა, ვისი შვილიც ქონდრისკაცის ამბიციებს ეწირება...

დიახ, იმ რუსი დედების მაგივრადაც მტკივა, ვისაც უთხრეს, ტყვე და დაღუპულ შვილებს გაგატანთ, თუ აქ პირადად ჩამოხვალთო... ეს უფრო საშინელებაა... როცა იცი, რომ ხსნის გზა არსებობს, მაგრამ ვერ შველი...

იმ დედების მაგივრადაც მტკივა, ვისთან დარეკვის უფლებასაც უკრაინელი ჯარისკაცები ტყვეებს აძლევენ - „დაურეკე დედას“... და... უმეტესობა დედას ურეკავს...

დიახ, იმ რუსი დედების მაგივრადაც მტკივა, ვისი შვილებიც უკრაინის მიწაზე დაიხოცნენ... და უპატრონოდ არიან მიწაზე დაყრილი... რამდენი ასეთ ფოტოს ვნახავ, შიში მიპყრობს, - ვაიმე, ნეტავ დედამისმა არ ნახოს-მეთქი... თითქმის ყველა ფოტოზე დაღუპული ჯარისკაცები გულაღმა წვანან, ხელებგაშლილები - მზეს უყურებენ და ალბათ ღმერთს პატიებას სთხოვენ იმ ჯოჯოხეთისთვის, რაც უკრაინის მიწაზე დაატრიალეს...

დიახ, რუსი დედების მაგივრადაც მტკივა, რადგან მათი ბრალი არაფერია, რადგან დედა-შვილობა სიკვდილის მიზეზს არ ითვალისწინებს და რადგან დედას ეროვნება არა აქვს!

#არაომს#უკრაინაგაიმარჯებს - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.