უჩვეულო ვარცხნილობა, პროვოკაციული რეპლიკები და გამორჩეული ხმის ტემბრი - რა ვიცით ბრიტანეთის პრემიერზე, რომელიც უკრაინის ომის პირველივე დღიდანვე თამამი განცხადებებით გამოირჩევა

ჯონსონი

უჩვეულო ვარცხნილობა, გამორჩეული ხმის ტემბრი, გაცრეცილი კოსტიუმები და პროვოკაციული რეპლიკები - დიდი ხანია, რაც ეს ყველაფერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სავიზიტო ბარათია.

ბოლო პერიოდში ბორის ჯონსონი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ, ამჯერად რუსეთ-უკრაინის ომის დროს მოექცა.

„პრეზიდენტი ზელენსკი რეკავს, უნდა ვესაუბრო და უკრაინას დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა დავუდასტურო“,- ამ განცხადებით დიდი ბრიტანეთის მეთაურმა პრესკონფერენცია მოულოდნელად შეწყვიტა და უკრაინის პრეზიდენტთან სასაუბროდ გაემართა.  ეს 21 თებერვალს, უკრაინის ომის დაწყებამდე მოხდა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა  ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები აღიარა. 

აღსანიშნავია რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღიდანვე ბრიტანელი პოლიტიკოსი გაბედული და თამამი განცხადებებით გამოირჩევა.

„პუტინი უნდა დამარცხდეს“,-ამბობს ჯონსონი.


ალექსანდრე ბორის დე პფეფელ-ჯონსონი ნიუ-იორკში, სტენლი და შარლოტა ჯონსონების ოჯახში დაიბადა. მისი დიდი პაპა თურქი ჟურნალისტი ალი ქემალი იყო. 


სმენასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დიდი ბრიტანეთის მომავალ ლიდერს დედა ხშირად ურჩევდა ხატვას გაყოლოდა და მხატვარი გამოსულიყო. თუმცა, ჯონსონს სხვა ამბიციები ჰქონდა. ის ყველა საქმეში მაქსიმუმს დებდა და ამბობდა  რომ ერთ დღეს „მსოფლიოს მეფე“ გახდებოდა. მას შემდეგ, რაც ბორისის მამა, სტენლი ჯონსონი ევროკავშირის ერთ-ერთ სტრუქტურაში დასაქმდა, ოჯახი საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდა.


 
„საცხოვრებლის შეცვლამ დედაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ის ღრმა დეპრესიას ებრძოდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. მე და ჩემს და-ძმებს ძიძა გვზრდიდა. ამ ყველაფერმა გამაძლიერა, დამოუკიდებელი გავხდი და მივხვდი, რომ მთავარი დასაყრდენი ადამიანისთვის საკუთარი თავია“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.


დაწყებითი განათლება ბორისმა ბრიუსელის ევროპულ სკოლაში მიიღო. მოგვიანებით კი სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში კლასიკური ლიტერატურის მიმართულებით განაგრძო. მალევე ენერგიული და მოტივირებული ჯონსონი  სასწავლებლის სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტად აირჩიეს.  


ცოტამ თუ იცის, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ის ჟურნალისტად მუშაობდა. ჯონსონმა კარიერა გამოცემა The Times-ით დაიწყო, საიდანაც ახალგაზრდა ავტორი მალევე დაითხოვეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბორისმა მის მიერვე გამოგონილი ციტატა ოქსფორდის ისტორიის პროფესორს მიაწერა. 


წარუმატებლობის მიუხედავად მას უკან არ დაუხევია და რამდენიმე წელში  საზოგადოებას  The Daily Telegraph -ის კორესპონდენტის ამპლუაში მოევლინა.  რაღაც პერიოდის განმავლობაში ჯონსონი კომენტატორადაც მუშაობდა. მას ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. 


სხვათა შორის,  ჟურნალისტური საქმიანობისთვის ჯონსონი ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო ჯილდოზეც იყო ნომინირებული.


„დროთა განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი - არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, ჩვენ გარშემო უამრავი შესაძლებლობაა, მთავარია მათი სწორად გამოყენება ვისწავლოთ“,- აღნიშნა ჯონსონმა.


სამი ქორწინება, 7 შვილი და სკანდალური სასიყვარულო თავგადასავლები - აქტიური პოლიტიკური კარიერის პარალელურად, ბორის ჯონსონს საკმაოდ მრავალეროვანი პირადი ცხოვრება აქვს.


მისი პირველი მეუღლე  მილიონერი უილიამ მოსტინ-ოუენის ქალიშვილი, ალეგრა იყო. წყვილმა ერთმანეთი ოქსფორდში გაიცნო და მალევე იქორწინა.  ისინი ერთად 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონმა ალეგრას  ადვოკატ მარინა ვილერთან უღალატა, რის შემდეგაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა.
 


აღსანიშნავია, რომ განქორწინების მიუხედავად ალეგრას ბორისზე  ცუდად არასდროს უსაუბრია. პირიქით, როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, „ბორისი ბევრად უკეთესი ყოფილი აღმოჩნდა, ვიდრე ქმარი“.


ალეგრასთან დაშორების შემდეგ 12 დღეც არ იყო გასული, რომ ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ცოლად პროფესიით იურისტი მარინა ვილერი მოიყვანა. მათი კავშირი 27 წელს გაგრძელდა მანამდე, სანამ ჯონსონმა ქალს ჟურნალისტ პეტრონელა უაითთან არ უღალატა.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის ახლანდელი რჩეული The Independent-ის თანადამფუძნებლის შვილი კერი საიმონდსია. წყვილმა გასულ წელს იქორწინა.

„ცვლილებები კარგია.  ვცდილობ ყველაფერს პოზიტიურად შევხედო“,- აცხადებს ჯონსონი. 

57 წლის ბორის ჯონსონს უყვარს ბრაზილიური ცეკვა, არასდროს უნახავს „ვარსკვლავური ომები“, უარს ამბობს ჰოთ დოგის დაგემოვნებაზე, სამაგიეროდ, ლანჩის ნაცვლად სიამოვნებით მიირთმევს დონატებს.