რა არის კატის ნაკაწრის დაავადება, რომელიც ზოგჯერ, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს

გოგინავა

ექიმი ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ხშირად გამოვლენილ დაავადებებზე საუბრობს. ერთ-ერთი კი კატის ნაკაწრის დაავადებაა.

„თავად სახელიც გვეუბნება, რომ ძირითადად გადადება კატის მხრიდან გაკაწვრისა და კანის დაზიანების შედეგად ხდება. დაავადება შეიძლება როგორც მსუბუქად, ასევე საკმაოდ მძიმედაც მიმდინარეობდეს. მას საკმაოდ ბევრი სიმპტომი ახასიათებს, თუმცა ძირითადად ვლინდება მაღალი ტემპერატურით, ოფლიანობითა და ლიმფური კვანძების გადიდებით, როგორც კონკრეტული მიდამოს, მაგალითად, იღლიის, საზარდულისა თუ კისრის მიდამოს, ასევე შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდება მთელ ორგანიზმში მოხდეს.

შინაურ ცხოველებთან კონტაქტით შესაძლოა, დავინფიცირდეთ ტოქსოპლაზმოზით, რომელიც ასევე საკმაოდ საყურადღებო დაავადებაა და მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს. ასევე, სხვადასხვა პარაზიტული დაავადებით, განსაკუთრებით, თუ შინაური ცხოველის ბეწვს ვეხებით, ხელის არდაბანის შემთხვევაში, შესაძლოა, სხვადასხვა პარაზიტის კვერცხების გადატანა და შემდეგ პარაზიტული დაავადებების განვითარება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები გეგმიურად ვეტერინართან ვატაროთ, რომელიც მათი მოვლის საშუალებებს გვირჩევს. ასევე, შეგვახსენებს, რისი საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს. გარდა აღნიშნული რეკომენდაციებისა, როდესაც ახლო კონტაქტი გვაქვს, მაინც დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, დავიბანოთ ხელები და ამით ცხოველიდან ადამიანზე ინფექციის გადაცემის რისკი შევამციროთ. ეს განსაკუთრებით საყურადღებო ბავშვებშია, რადგანაც მათ ცხოველებთან თამაში უყვართ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ მათ ჰიგიენური ნორმების დაცვა ვასწავლოთ და ვთხოვოთ, რომ ხელები ხშირად დაიბანონ.“ - თქვა ალექსანდრე გოგინავამ.

წყარო