ნახეთ 31 დეკემბერს პიროტექნიკის გამო რამდენი ბავშვი მოხვდა სტაციონარში

piroteqnika

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში საახალწლო ფოიერვერკის შედეგად მიყენებული დაზიანებით 6 ბავშვი შეიყვანეს, მათგან ორი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ოთხს კი თითების ამპუტაცია დასჭირდა.

ახალი წლის ღამეს მძიმე ვითარება იყო დამწვრობის ცენტრშიც, სადაც 31 დეკემბერს პიროტექნიკის გამო 30 ბავშვი მოხვდა. 2 მცირეწლოვანი, რომელთაც დაზიანებები სახის არესა და კიდურებზე აქვთ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სტაციონარში მკურნალობას ისევ აგრძელებენ.

მშობლების გაფრთხილების გარდა, ექიმების ნაწილი პიროტექნიკის გაყიდვის აკრძალვასაც ითხოვს. მედიკოსები ამბობენ, რომ ყოველ წელს საახალწლო ფოიერვერკების გამო არაერთი მოზარდი ცხოვრებისეულ ტრავმას იღებს.

ექიმების პოზიციას ეთანხმება მოქალაქეთა უმრავლესობაც. ისინი ფიქრობენ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა უსაფრთხოების კონტროლი.

პიროტექნიკის არასრულწლოვანთათვის მიყიდვა საქართველოში აკრძალულია. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 100, იურიდიული პირი კი 200 ლარით ჯარიმდება. ასევე, აკრძალულია პიროტექნიკით გარევაჭრობა, რომელსაც მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს.