„მამაჩემმა გაიცნო, ძალიან მოეწონა და მითხრა: „მამი, მე მგონი, ძალიან კარგი ქალია“ - ქართველი ქვიარ ფემინისტი ამერიკიდან

მარიამი

გამოცემა „ქვიარი“ საზოგადოებას ქართველი ქვიარ ფემინისტის, 38 წლის მარიამ გაგოშაშვილის ისტორიას უზიარებს. 

მარიამი ახლა ემიგრაციაშია, იგი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.

თვითგამორკვევა და ქამინგაუთი

გარდატეხის ასაკში, როცა გოგოებს მოსწონდათ კლასელი და მეზობელი ბიჭები, მე არავინ მომწონებია. ცოტა მიკვირდა, მაგრამ ვებღაუჭებოდი ბავშვობას, არ მინდოდა გაზრდა, ისევ გარაჟებზე და ხეებზე ცოცვა მინდოდა.

მოგვიანებით, როცა უკვე ვიცოდი რა არის სექსი, მქონდა ხოლმე ფანტაზიები ქალებზე, თუმცა არ ყოფილა სიმპათია კონკრეტული ადამიანის მიმართ. ვნერვიულობდი, ვფიქრობდი: “ღმერთოოო, ლეზბიანკა არ გავხდე” და ვლოცულობდი ხოლმე.

არც უნივერსიტეტში მომწონებია არავინ. მაგრამ ვსწავლობდი ფსიქოლოგიას და დავიწყე ფროიდის კითხვა სექსუალობაზე, სადაც ამბობს, რომ ყველა ადამიანი ბისექსუალია. ეს იყო გარდამტეხი მომენტი ჩემს ცნობიერებაში. მივხვდი, რომ ეს ნორმალურია და თურმე ეს არის, მე რაც “მჭირს”.

ჩემი ძმისგან ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო. ძალიან გონებაგახსნილია, ბევრი ქვიარ მეგობარი ჰყავს და მაგ მხრივ ძალიან გამიმართლა.

მამაჩემისთვის იყო რთული. ყველას შეიძლება არ ვუყვებოდი, მაგრამ არასდროს ვმალავდი ჩემს იდენტობას. ამიტომ, მეგონა, მთელმა ოჯახმა იცოდა, მათ შორის, მამაჩემმაც. ისე მოხდა, რომ ლგბტქი ადამიანების შესახებ ერთ-ერთ პირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმში გადამიღეს, ლია ჯაყელი იყო ავტორი. იქ მე, დავით მიხელ შუბლაძემ და გიორგი კიკონიშვილმა გავაკეთეთ ქამინგაუთი. ვისაუბრეთ ჩვენს სექსუალობაზე და ა.შ. 2013 წლის 17 მაისის მერე ეს ფილმი გოგი გვახარიამ აჩვენა წითელ ზონაში. მაშინ უკვე ამერიკაში ვიყავი. მამაჩემმა მომწერა: “მამი, ბიჭები ვართ აქ, ვსვამთ და ტელევიზორში გიყურებთო. რა მაგარია, ვამაყობთ შენით, შენი სადღეგრძელო დავლიეთო” და ჩავთვალე, რომ ყველაფერი იცის, მიმიღო.

სამი წლის შემდეგ, როცა დავიწყე ახალი სამსახური, რომლის სახელწოდებაშიც არის “ლესბოსელი”, მამაჩემს მივწერე, რომ ნიუ-იორკში გადავდივარ. ორაზროვანი აღარაფერი იყო და პირდაპირ ეწერა “Lesbian”, ამიტომ ვეღარ დაიძვრინა თავი, ვერ დაააიგნორა ეს თემა და გაბრაზდა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი არ ვლაპარაკობდით. მერე შევრიგდებოდით ხოლმე, როცა თბილისში ჩამოვდიოდი, მერე ისევ გავებუტებოდით ერთმანეთს და ა.შ.

შარშან, თბილისში რომ ვიყავი, 5 ივლისის პერიოდი იყო. ტაქსით გავედი დედაჩემთან. მამაჩემიც სასწრაფოდ გამოვიდა — ძალიან ინერვიულა. მგონი მიხვდა, რომ უსამართლობაა ის, რის გამოვლაც გვიწევს, რომ რეალური საფრთხე მემუქრება მე, მის შვილს. მერე ჩემს დაბადების დღეზე ჩემი შეყვარებული იყო ჩამოსული. მამაჩემმა გაიცნო და ძალიან მოეწონა, გამიყვანა ცალკე ოთახში და მითხრა: “მამი, მე მგონი, ძალიან კარგი ქალია”. საყვარლობა იყო. ასე დარეგულირდა ნელ-ნელა...