"იცი, როგორი ეშხიანი იყო?" მანანა ხეებს რგავდა, ნოდარი შადრევანს აპროექტებდა..." - სიყვარულის ისტორია, რომელიც ვაკის პარკს უკავშირდება

vakis parki

"ვეძებდი ვაკის პარკის ისტორიის მასალებს და ვიპოვე დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ამ პარკში არასდროს დასრულდება..." - წერდა ფეისბუქზე ირაკლი ჟვანია, ვაკის პარკის შადრევნის დამპროექტებელი.

პოსტი მოქანდაკე-მონუმენტალისტმა რამდენიმე წლის წინ დაწერა. სიყვარულის ისტორიის გარდა, იქვე გააჟღერა სურვილი, რომ თუ ოდესმე, შესაძლებლობა მიეცემა, ლიკა ქავჟარაძეს, ანუ მარიტას, ვაკის პარკში დაურგავს ბროწეულების ხეივანს. "ნატვრის ხის" მარიტას, გასული წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ტრაგიკულად გარდაცვლილი პატარა მარიტაც მიემატა...

ირაკლი ჟვანია: გავიცანი კაცი, ვინც 1955 წელს დააპროექტა დიდი შადრევანი, ასევე აღმოვაჩინე იმათი ფოტოები, ვინც გააშენა ვაკის პარკი. პარკის არქიტექტორი იყო ქუჩუ დგებუაძე, გამწვანების პროექტის ავტორები, ულამაზესი ქალბატონები - ნელი ციციშვილი და მანანა კობერიძე, დიდი შადრევნის ავტორები კი - ბატონი ნოდარ ჯობაძე და აწ გარდაცვლილი ვახტანგ აბრამიშვილი. სტუმრად სწორედ ბატონ ნოდართან მივედი.

როგორი ჭკვიანი და იუმორით სავსეა, რომ ნახოთ ეს კაცი... პარკზე მიყვებოდა, ჟორა გეგეშიძეზე. რამდენჯერაც დაიწყებდა საუბარს, მანანაზე მოყოლას აგრძელებდა.

ისინი 1955 წელს დაქორწინდნენ, ახალგაზრდები, ნიჭიერები, ლამაზები - ნოდარ ჯობაძე და მანანა კობერიძე.... ნოდარს ვაკის პარკში დიდი შადრევნის პროექტი დაევალა, ულამაზესი მანანა კი ნელისთან ერთად ამ პარკის დენდროლოგიის პროექტს აკეთებდა.

"იცი, როგორი ეშხიანი იყო..." - მეუბნება ბიძა ნოდარი და მხოლოდ თვალებში ეტყობა, როგორ სტკივა მისი მანანა რომ აღარ ჰყავს.

63 წელი იყვნენ ერთად და წავიდა მანანა. თავიდან გავბრაზდი, როგორ დამტოვაო, მიყვებოდა ძია ნოდარი. მისთვის სულ ერთია ის პარკი და შადრევანი, სულ მანანა ენატრება. დედოფალივით ქალი იყოო...

მანანა ხეებს რგავდა, ნოდარი შადრევანს აშენებდა.

რა პატარაა ეს ცხოვრება. სიყვარულისთვის თურმე 63 წელიც ძალიან ცოტაა. როდესაც ფოტოებს ვათვალიერებდი, სულ ამაზე ვფიქრობდი.

დავრგავ ორ ხეს ერთმანეთის გვერდით და დავაწერ ნოდარის და მანანას სახელებს.

ამ პარკში ნოდარის და მანანას სიყვარული გაგრძელდება მუდამ, იმიტომ, რომ სიყვარული არასდროს მთავრდება იქ, სადაც შენი სული და გულია ჩაქსოვილი ოდესღაც შენ გაშენებულ ვაკის პარკში.

...ოდესმე თუ საშუალება მომეცემა, ვაკის პარკში აუცილებლად უნდა გავაკეთო ბროწეულების ხეივანი ჩემი ლიკასთვის - მარიტასთვის...

 

ასევე დაგაინტერესებთ: „წმინდა მიწაზე ორმოცდამეათედ ჩასულ ქალს ვკითხე, რა განცდა დაეუფლა იერუსალიმში. მან მითხრა, რომ..." - ისრაელიდან დაბრუნებული ანგელოზების მხატვარი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს

Exclusive: "ფილმზე მუშაობისას აღმოვაჩინე და გაოცებული დავრჩი; თურმე ფრუნზიკა..." - უცნობი ფაქტები ლეგენდარულ ფრუნზიკ მკრტჩიანზე

,,მაგრძნობინებს, რომ ჩემთანაა. ვგავარ, თუმცა ის ჩემზე ბევრად კეთილი იყო... მამა, პირობა შევასრულე..." - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა