პარიზში შაბათს დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ ლეგალური იარაღის გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა - ფრანგული მედია

არეულობა საფრანგეთში

პარიზში შაბათს დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ ლეგალური იარაღის გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც იარაღის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა განაცხადა, ლეგალურ იარაღზე მოთხოვნა დაახლოებით ათჯერ გაიზარდა.

„მაღაზიის მფლობელები იარაღს ყიდულობენ, რადგან ძალიან ეშინიათ“, – განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ. მისივე თქმით, მაღაზიაში უკვე აღარ დარჩა იარაღი, რომელიც რეზინის ტყვიებს ისვრის.

ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა კი განაცხადა, რომ თავდაცვის მიზნით წიწაკის სპრეი შეიძინა. მისი თქმით, სათვალეების მაღაზია აქვს და სპრეის გამოყენებას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ მძარცველები მაღაზიაში შეჭრას შეეცდებიან.

პარიზის მერმა, ემანუელ გრეგუარმა, შაბათს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მისი განცხადებით, მატინიონში გამართულ შეხვედრაზე მისულმა მერებმა აღნიშნეს, რომ არსებობს ძალადობის რისკი.

„ჩვენ გამოვთქვით სურვილი, რომ ქალაქები სოციალური მოძრაობის ფარგლებში საპროტესტო აქციების ჩატარების ადგილებად დარჩეს, თუმცა, ამავდროულად, პოლიცია საკმარისად იყოს წარმოდგენილი, რათა მოსახლეობა დაიცვას“, – განაცხადა გრეგუარმა.

პარიზის მერის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რადგან სოციალურ მოძრაობას პოლიტიკური პასუხი არ მოჰყოლია. გრეგუარმა მთავრობას მოუწოდა, დროულად მიიღოს ზომები და უპასუხოს მოსახლეობის მოთხოვნებს.

ამასთან, შაბათს, პარიზში დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო, ლუვრის, ორსესა და პიკასოს მუზეუმები დაიკეტება. საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ მოუწოდა ყველა დაწესებულებას, მიიღონ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რათა დაცული იყოს როგორც მუზეუმების სტუმრები და თანამშრომლები, ისე ხელოვნების ნიმუშები.

✕