საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
26 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძე 63 წლის გახდებოდა... უკვდავი მარიტა თავის შეთესთან ერთად, ახალი ფილმისთვის ემზადებოდა. ზაზა კოლელიშვილს ჰოლივუდური ფილმის რიმეიქის გადაღება სთხოვა, ზაზას ცოლს, ნათია გოგოჭურს კი - სცენაზე მუშაობა. წინა დღეს ფილმზე ისაუბრეს, გეგმები დასახეს და... ლიკამ თავის გემრიელ წვნიანზე დაპატიჟა მეგობარი, მოდი, ხვალ ვისადილოთ და "როუზების ოჯახის" რიმეიქზე ვილაპარაკოთო... 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ლიკა, საწოლში გარდაცვლილი სწორედ ზაზამ იპოვა...
მსახიობი "პრაიმტაიმთან" განუმეორებელ ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს.
ზაზა კოლელიშვილი: მისი გარდაცვალება მოულოდნელი იყო. გეგმები ჰქონდა, ერთად უნდა გვემუშავა. წინა დღეს ვნახე, დენი დევიტოს "როუზების ოჯახის" თარგმნილი სცენარი ჰქონდა, უნდოდა ქართული ვერსია გადაგვეღო. ჩემ ცოლს თხოვა, წაიკითხე, გადავაკეთოთ, იქნებ მე და ზაზამ ვითამაშოთ და ზაზამ გადაიღოსო.
მეორე დღეს მასთან სახლში უნდა მივსულიყავი. კარგ ბორშჩს ვაკეთებ, ერთად ვისადილოთ და თან ვილაპარაკოთო, მითხრა. იმ დღეს საკრებულოში მიღების დღე მქონდა და საღამოს, მის სახლთან რომ მივედი, მანქანაში მჯდომ ჩემს შვილს ვუთხარი, ლიკა მელოდება, უნდა ავიდე-მეთქი. ჩემმა გოგომ მითხრა, მამა, დამალვას აზრი აღარ აქვს, ვეღარ გელოდება, გარდაიცვალაო! გიჟივით ავვარდი! პოლიციის მისვლამდე შევედი სახლში. საჭმლის მომზადების დროს შეწოლილა საწოლში. ეტყობა, გულმა უმტყუნა. გასახდომ აბებს სვამდა. ალბათ, რაღაც დაერღვა ორგანიზმში. ისე საცოდავად იწვა საწოლში... უკანასკნელი კადრი გადავუღე, მაგრამ დავკარე ის ფოტო.
მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ნახატების გამოფენა გავაკეთეთ, მერია დაგვიდგა გვერდით. შემდეგ მამა პეტრე კოლხის სურვილი იყო, გაშენებულიყო ბაღი, ბროწეულების ხეივნით. უნდოდა ადგილი, სადაც შეყვარებულები მივიდოდნენ. მარიტა როგორც სიყვარულს შეწირულის, სილამაზის, ტრფიალის სიმბოლო, ჩემი აზრით, რაიმე ფორმით უკვდავყოფილი უნდა იყოს.
შეთეს როლში 18 წლის ვიყავი. დასამალი არ არის, რომ ბიჭები, "ნატვრის ხის" გადაღების დროს, ლიკაზე ვიყავით შეყვარებული. თან იცით, როგორ გვიყვარდა? მასთან ფიზიკურ სიახლოვეს საკუთარ თავსაც ვერ ვკადრებდით. იმდენად სუფთა და ხალასი იყო ლიკა, რომ მხოლოდ წრფელი სიყვარულით გვიყვარდა. ბიჭებს ერთმანეთისთვის თავ-ყბა დაგვილეწია მისი გულისთვის.
ფილმში ჩემი და სოსო ჯაჭვლიანის ჩხუბიდან 58 წამი რომ შევიდა, გადაღებული იყო ათ წუთიანი ჩხუბის სცენა. წარმოიდგინეთ, რა დღე გაგვატარა თენგიზ აბულაძემ! ყურის უკან ჩაქცევები მქონდა! გადაღების დროს დადგმული ჩხუბი იყო, ვიცოდით აპაჩით (დადგმული დარტყმა) მუშაობა. მაგრამ როცა მართლა მოგხვდება, მწარდები. იყო მომენტები, მართლა ვარტყამდით ერთმანეთს.
ფარიკაობის და სასცენო მოძრაობის პედაგოგი - შოთა სხირტლაძე გვადგმევინებდა ჩხუბის კადრებს, ჩვენი უფროსი ძმაკაცი იყო. პენოპლასტის ქვები დაამზადეს, რომ ერთს სცენაში სოსოსთვის თავში ჩაერტყათ. ეს გაკეთებული ქვები ნამდვილ ქვებს შორის ეგდო და შოთას შეეშალა და ერთი დუბლის დროს, ნამდვილი ქვა ისე ჩაარტყა, თავი გაუტეხა სოსოს.
ვირზე შესმული ლიკას კადრების გადაღების დროს, როცა ტალახისგან და წვიმისგან სველდებოდა, მისი ნებით, მხოლოდ მე ამყავდა ხელში და მანქანაში ვსვამდი, რომ სიღნაღის სასტუმროში წაგვეყვანა, სადაც ერთ ნომერში ცხელ აბაზანას იღებდა, რომ არ გაცივებულიყო. ხელში აყვანილი მანქანამდე დიდხანს რომ მეტარებინა, მძღოლს ვეუბნებოდი, მანქანა შორს დააყენე, თორემ საბურავებს დაგიჭრი-მეთქი.
- და მაინც, რას გრძნობდით, როდესაც მარიტა ვირზე უკუღმა შესმული მიგყავდათ?
- მე მარიტას შინაგანად ვუთანაგრძნობდი, განსხვავებით ლეონიძის შეთესგან, რომელსაც აღწერს: მგლის იერის, ნაცრისფერი სახის ყომრალი კაციო... ზოგადად, მე ვცდილობდი ადამიანური თვისება უფრო წინ წამომეწია, ვიდრე ავტორს ჰქონდა ლიტერატურულ პერსონაჟში ჩადებული.
ერთი კადრია, რომელიც ძალიან მომწონს, მარიტას იდაყვი შეთეს უჭირავს, თან თანაუგრძნობს, თან - ვერ! სოფლის ნების წინააღმდეგ ისიც ვერ წავიდა. შეთე კაცი იქნებოდა, ციციკორეს წინააღმდეგ და სოფლის წინააღმდეგ რომ წასულიყო. მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი. მარიტას არ უღალატია ქმრისთვის, გააფრთხილა გედია, წადი, თორემ მოგკლავენო. სოფელმა გედიაც მოკლა და მარიტაც. დღესაც ერევა სოფელი პირად ამბებში. არაფერი იცვლება...
რთული იყო გადასაღებად სცენა, მე რომ ოთახში შემოფრენილ ჩიტს მათრახით ვუსწორდები და ვლეწავ ყველაფერს. ბატონ თენგიზს უნდოდა უწყვეტი კადრი ყოფილიყო. ინტერიერი ისე იყო მოწყობილი, რომ ლიკა მაგრად უნდა ჩამებღუჯა. მგონი, გულზე მიბჯენისგან ვალურჯებდი კიდეც. ორი დუბლი დაიწუნა, ამ დროს ილეწებოდა რეკვიზიტები. მაგრამ არ მოსწონდა, რადგან დამაჯერებელი არ ვიყავი, შებოჭილობას მამჩნევდა, თან ლიკა მეკვროდა... ამ მომენტისთვის ხომ ვემზადებოდი და... რაღაც არ გამომდიოდა, მაინც პირველი როლი იყო.
და ბატონმა თენგიზმა თქვა, მესამე დუბლს ვცდი და თუ არ გამოვიდა, ეს ეპიზოდი ფილმში აღარ იქნებაო. წარმოიდგინეთ, "ნატვრის ხეში" ეს ეპიზოდი რომ არ ყოფილიყო.
ბიძაჩემმა, რეჟისორმა გია მატარაძემ, რომელიც იმ დროს აბულაძის მოწაფე იყო, ისე "ამაგდო", რა კეკელკასავით იქცევიო, რომ გამწარებულმა ისეთი ლეწვა ავტეხე, შემოფრენილ ჩიტს თავი წავაწყვიტე. ამაზე უკვე ლიკას რეაქციაც და მთელი სცენაც ბუნებრივი გამოვიდა. თენგიზს მოეწონა - "მალადციო", გვითხრა. მანამდე მეუბნებოდა, საბავშვო ბაღიაო. აბულაძის შექება ცოტა არ იყო. სტიმული მომეცა.
რამდენია გასახსენებელი... კიდევ რამდენი როლი დარჩა ლიკას უთამაშებელი.
ნათელი დაადგეს ლიკას სულს!