„ევროპელი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ამ საქმეში რით დაგვეხმარებოდა, დაუსაბუთებელია - პარტიების აკრძალვის სტანდარტები უკვე დადგენილია“ - რევაზ ნადარაია

რევაზ ნადარაია

უკვე ექვსი საათია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. არ დაკმაყოფილდა „ლელოს“ შუამდგომლობები, ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის ჩართვასთან და საკონსულტაციო დასკვნისთვის სარჩელის სტრასბურგში გაგზავნასთან დაკავშირებით.
მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
მისი განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

მოპასუხე მხარის მოტივი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობაა, კრიტერიუმები კი რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს უკვე დადგენილია.

რაც შეეხება მოთხოვნას ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დაკავშირებით, მოსამართლე დაინტერესდა, აქვს თუ არა ექსპერტებისგან თანხმობა შუამდგომლობის ავტორს, რაზეც „ლელოს“ წევრმა განაცხადა, რომ მას ამ თემაზე ექსპერტებთან საუბარი არ ჰქონია. მოსამართლეების განმარტებით, ისინი ვერ ხედავენ სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვის საჭიროებას.

„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ადგილზე თათბირით ადგენს, რომ შუამდგომლობა ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის მოწვევის, დისტანციურად ჩართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
არსებობს ძალიან ბევრი საერთაშორისო დოკუმენტი, მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ დადგენილი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის პრაქტიკა, ბევრი დოკუმენტი, რომლითაც დადგენილია სტანდარტები ჩვენს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება იმ დავისაგან, რაც ჩვენს მიერ არის დღეს განსახილველი.

ამავდროულად, ამ იურისტების ექსპერტებად მოწვევის შუამდგომლობა ძალიან დაუსაბუთებელი იყო სასამართლოსათვის, კონკრეტულად ამ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით, რაში დაეხმარებოდა სასამართლოს და რა სიცხადეს და რაში დაეხმარებოდა უშუალოდ მხარეს და მათ შორის სასამართლოსაც, გაუგებარი იყო და სასამართლომ ეს ვერ მოისმინა. ზოგადად, ევროპელი კარგი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგან მოვისმინოთ, მაგრამ ამ საქმის განხილვისთვის თუ რა იქნებოდა და რით დაგვეხმარებოდა ამ საქმის განხილვაში, ეს არის დაუსაბუთებელი, აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობა არ კმაყოფილდება“, - განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ.

✕