„წმინდა მიწაზე ორმოცდამეათედ ჩასულ ქალს ვკითხე, რა განცდა დაეუფლა იერუსალიმში. მან მითხრა, რომ..." - ისრაელიდან დაბრუნებული ანგელოზების მხატვარი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს

medea

"ანგელოზების მხატვარს" "პრაიმტაიმის" მკითხველი კარგად იცნობს. მედეა კეიდიას უსაყვარლესი ფრთოსნები ბევრს აქვს სახლში. ამბობენ, რომ ნახატებს თან ის დადებითი აურაც მიაქვთ, რასაც ხატვისას იძენენო... კი არ ამბობენ, ნამდვილად ასეა. მხატვარმა, რომელიც დილას საგალობლით იწყებს და ციურ არსებებს ხილულად შეიგრძნობს, თავის ანგელოზთა ქომაგებში ჩამრიცხა და უსაყვარლესი ანგელოზები მისახსოვრა.

ამ ანგელოზებს თან სიკეთე მოჰყვებათ... დიდი პოზიტივი და სიხარული. ოთახში აურას ცვლიან... ჰოდა, თუ ამ სიხარულის შეგრძნება გსურთ, ქალბატონ მედეას დაეკონტაქტეთ და შეიძინეთ ეს კეთილი არსებები...

ეს წელი მხატვრისთვის გამოფენით დაიწყო. თუმანიშვილის თეატრში ბევრმა ნახა ნამუშევრები. ანგელოზების მხატვრისთვის  კი გაცილებით განუზომელი ბედნიერების მომტანი წმინდა მიწაზე გამგზავრებაა. მან თებერვალში მეორედ მოილოცა იერუსალიმი. 

მედეა კეიდია: პირველ ჩასვლაზე ეიფორიაში ხარ. სხვა სამყაროსა და სხვა განზომილებაში. "ჩემი მიწა, ჩემი ხალხიო" რომ წერს მაცხოვარი, მართლა ასეთი განსაკუთრებულია წმინდა მიწა. მეორედ ჩასვლა სრულად ნირვანული აღმოჩნდა. სიჩუმე, სიწყნარეა, მადლი მოდის და იფრქვევა... სასწაული ხდება.

ჩემს ჯგუფში ზოგი მეშვიდედ იყო ჩამოსული, იყო ქალი, რომელიც ორმოცდამეათედ ჩავიდა და ვკითხე, რა განცდა ჰქონდა. მან მიპასუხა, ყველა ჩასვლაზე სხვადასხვა განცდაა, ერთმანეთს ვერც შეადარებ და ვერც განასხვავებო.

თაბორის მთაზე მდებარე ტაძარში არის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელთანაც კიდებენ იქვე ნაყიდ ფოლგაზე ამოტვიფრული წმინდანების პატარა ხატებს, შესთხოვენ სასწაულის მოხდენას, გადარჩენას, გამოჯანმრთელებას, შვილის გაჩენას, სხვადასხვა განსაცდელების დათმენას, მოკლედ, დიდი სავედრებლებით მიეახლებიან და მერე მიაქვთ ეს ფოლგის ხატები. რწმენით მისვლა ახდენს სასწაულებს, ხომ იცით. სხვა რომ არაფერი ნახოთ და მოილოცოთ, მხოლოდ თაბორის მთაზე ასვლა და იერუსალიმზე გადახედვა, ღვთისმშობლის ამ ხატთან მოლოცვა გეყოფათ მადლის მისაღებად. იქ თითქოს გესმით კიდეც ხმა ღრუბლებიდან - "ეს არის ძე ჩემი საყვარელი..." თითქოს მატერიალურად აღიქვამ ამ ყველაფერს. ესეც რწმენის ხარისხიდან გამომდინარეობს.

ჯვრის მონასტერში ლიმონი დაგვირიგეს, რომელიც უშვილობას შველის, მისი მიღების შემდეგ შვილი უჩნდებათ და ასევე გასათხოვი გოგონები ბედს ეწევიან. ამ ნაყოფს სასწაულები მოუხდენია. 

დავით მეფსალმუნის საფლავი მოვილოცე. იქაური მომლოცველები ქორებივით დგანან, პირჯვრის გადაწერა არ შეიძლება. მაინც მოვახერხეთ პირჯვრის გადაწერა და "მამაო ჩვენოს" თქმა. ქალები და კაცები ცალ-ცალკე შედიან. მართლა ფსალმუნებში გადადიხარ. 

ისეთი ბედნიერი ჩამოვედი და იმხელა ენერგია მომეცა, ვაკის ტაძარში დღეში ორჯერ მივდივარ, როდესაც დღეში ერთხელ ძლივს ჩავდიოდი.

ეს მადლი ორი წელი მეყოფა და ორი წლის შემდეგ, მესამედ ჩასასვლელად უნდა მოვემზადო. უფალი შემაძლებინებს სამჯერ მაინც მოვილოცო წმინდა მიწა. 

ღმერთმა ყველა მართლმადიდებელი გახადოს იმის ღირსი, რომ ისე არ წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ ერთხელ მაინც არ მოილოცოს იქაურობა. ყველასთვის ვლოცულობ რომ მოხვდნენ იქ. დედამიწის ზურგზე ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. 

უფალი შეგაძლებინებთ წმინდა მიწის მოლოცვას...