„გარდაცვალების დღეს, დედაც მასთან იმყოფებოდა...  ყველამ ერთად გავაცილეთ“- გია (გიჟური)კობახიძის პირადი ცხოვრების და შემოქმედების აქამდე უცნობი ისტორიები

მსახიობი გია (გიჟური) კობახიძე და სერგო ზაქარიაძე - კადრი ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“

2008 წლის 4 ოქტომბერს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი გია (გიჟური) კობახიძე. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა რეზო ჩხეიძის ფილმში „ჯარისკაცის მამა", გოდერძი მახარაშვილი ითამაშა.

 

სამსახიობო კარიერა, თეატრის სცენაზე დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც. სხვადასხვა წლებში მუშაობდა - მარჯანიშვილის, ჭიათურის, რუსთავის თეატრებში, მაგრამ პოპულარობა, ძირითადად, კინოროლებით მოიხვეჭა.  1976 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის" მსახიობი.

ფილმებში ეპიზოდების გარდა, რამდენიმე მთავარი როლიც განასახიერა. გია (გიჟური) კობახიძე საქართველოს დამსახურებული არტისტი გახლდათ. გია კობახიძის პირადი ცხოვრებაც არ აეწყო...

გიჟური კობახიძის ქალიშვილი თამარ კობახიძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, მამის გარდაცვალებას იხსენებს და ამბობს, რომ უმუშევრობის გამო, ბოლო პერიოდში, სახლიდან აღარც გადიოდა, ძალიან დეპრესიული გახდა. ამბობდა, რა ვქნა, ყველას არ შეუძლია ვაჭრობაო.

თამარ კობახიძე: სულ ნერვიულობდა, განსაკუთრებით, 90 -იან წლებში, როცა ქვეყანაში, უმძიმესი სიტუაცია იყო, მისი პროფესია, ფაქტობრივად, გამოუსადეგარი გახდა.

ვერ მოახერხა, რომ სხვა რამეზე გადართულიყო, ახალი პროფესია შეეძინა, სულ განცდებში იყო. იყო პერიოდი, როცა ძალიან უჭირდა. ძირითადად, მე და ჩემი ძმა ვეხმარებოდით.

ციროზი დაემართა და თირკმელი გაეთიშა. სამწუხაროდ, ვეღარ გადაარჩინეს, საავადმყოფოდან ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში გამოწერეს.

მამას გარდაცვალების დღეს, დედა, მასთან იმყოფებოდა და თავზე ედგა. უმძიმესი სიტუაცია იყო, მოხდა ისე, რომ ყველამ ერთად გავაცილეთ. 2008 წლის 4 ოქტომბერს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

- გიას დასაფლავებაზე, რეზო ჩხეიძეს უთქვამს, ვერ დავაფასეთ ისე, როგორც საჭირო იყოო...

მე როგორც ვიცი, „ვერ მოვუარეთ ისე, როგორც საჭირო იყოო“, უთქვამს. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ მის დასაფლავებაზე, ბატონმა რეზომ ძალიან დიდი პატივი გვცა, ყველა პანაშვიდს ესწრებოდა.

სწორედ, მან მოაგვარა საბურთალოს პანთეონში დაკრძალვის საკითხი, რაზედაც ძალიან მადლობელი ვარ“ - ამბობს თამარ კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ გია კობახიძე დაიბადა 1941 წლის 9 იანვარს ზესტაფონის რაიონში, სოფელ როდინაულში.  1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია - გოდერძი ("ჯარისკაცის მამა"), რეზო ("მაისის თვე"), ზაური ("ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"), გივი ("ჩემი მეგობარი ნოდარი"), კობერიძე ("მზვერავები"), გურგინი ("რუსტამის გმირობანი"), სურგულაძე ("როდესაც ადამიანი იცინის"), ზურა ("ფედია"), ვაჭარი ("შეცდომების კომედია"), ბარმენი ("ჩემპიონის ვაჟი"), მილიციის კაპიტანი ("ინკასატორის ჩანთა"), ხერგიანი ("წინაპართა მიწა"), ოთარი ("ეგრეც იქნება"), ოთარ ვაჩნაძე ("წიგნი ფიცისა"), მიხო ("რა გველის მომავალში"), გამომძიებელი ("მუქარა შუაღამისას"), სულხან ხაბა ("სულხან საბა ორბელიანი") და სხვა.