Exclusive: „დედა შანხაიში დაიბადა... რუსთაველზე, შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს...“ - ქართული კინოს პრინცი, მალხაზ გორგილაძე 85 წლის გახდებოდა

მსახიობი მალხაზ გორგილაძე მეუღლესთან, ოლია ადრიანოვასთან ერთად

დღეს, მალხაზ გორგილაძის დაბადების დღეა! მსახიობს 85 წელი შეუსრულდებოდა.

დაიბადა 1938 წლის 4 აპრილს ქ. თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1960 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა სანკულტურის (1960–1963), მარჯანიშვილის (1963–1967), რუსთავის (1967–1975) თეატრებში.

1975 წლიდან გარდაცვალებამდე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. კინოში მოღვაწეობა დაიწყო სტუდენტობის პერიოდიდან. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979).

მალხაზ გორგილაძე, მსახიობი, რომელსაც სრულიად დამსახურებულად უწოდეს „ქართული კინოს პრინცი“. შეუძლებელია, თუნდაც ერთი ფილმი ნახოთ მისი მონაწილეობით და სამუდამოდ არ დაგამახსოვრდეთ.

უსიმპათიურესი ჭაბუკი, დახვეწილი მანერებით და განუმეორებელი ეშხით - ამ სიტყვებით მოიხსენიებს საზოგადოება დღემდე მსახიობს.

მისი სადებიუტო ფილმი დღე უკანასკნელი, დღე პირველი” იყო, რასაც მოჰყვა - ნინო”, „პიერი მილიციის თანამშრომელი”, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, „დათა თუთაშხია”, „ფესვები”…

ლამაზი, კეთილშობილი ნიჭიერი და საოცრად დახვეწილი, არამარტო სცენაზე, ან კამერის წინ, არამედ ცხოვრებაშიც.

„უმშვენიერესი ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე იხსენებდა: ერთხელ ,ბატონ ლეო ესაკიას ფილმის - „ნინო" გადაღების დროს, ბატონ ლეოს ჩხუბი დავუწყე - როგორ შეიძლება, მსახიობს მისცე ისეთი როლი, ასე იტანჯოს.

რაზედაც ბატონმა ლეომ ღიმილით მიპასუხა - მსახიობმა, ყველაფერი უნდა შეძლოს. მე არ გავჩერდი, მაინც ქოქოლა მივაყოლე, რომ წარმოუდგენელია კინოშიც კი, მალხაზ გორგილაძე ძვრებოდეს სხვის ჯიბეში და ფულს იპარავდეს.

ამაზე ვერაფერი მიპასუხა, მაგრამ მოგვიანებით კი დასძინა: მართალი ხარ დოდო, პრინცები ასე არ იქცევიან."

„პრაიმტაიმი“ ყველასათვის საყვარელი მსახიობის ქალიშვილს, ლიკა გორგილაძეს ამერიკაში დაუკავშირდა და მის პირად ცხოვრების დეტალებზე, ექსკლუზიურად ესაუბრა:

მამა, მალხაზ გორგილაძე დაიბადა თბილისში, 1938 წლის 4 აპრილს - თამარა ბორჩხაძის და დიმიტრი გორგილაძის ოჯახში.

დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა. თავდაპირველად, საბუთები პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰქონდა შეტანილი, თუმცა, ბოლო წუთს გადაიფიქრა და თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე გადაიტანა საბუთები.

ისე გაიარა საგამოცდო ტურები და ჩაირიცხა, რომ ოჯახმა არ იცოდა, სანამ ფაქტის წინაშე არ დააყენა.
ინსტიტუტში მართლა გაუმართლა ისეთი ჯგუფში აღმოჩნდა, ბელა მირიანაშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, გურანდა გაბუნია, გრიშა წიტაიშვილი და სხვები.

- შეუდარებელი, შესანიშნავი გარეგნობის მქონე მსახიობი, რომელიც საოცარი მეტყველების კულტურით მანერით გამოირჩეოდა... როგორი იყო მამა ცხოვრებაში?

მალხაზი არაჩვეულებრივი მამა იყო, სულ არ ჰგავდა სხვა ქართველ მამებს, იმის თქმა მინდა, რომ მუდმივად ჩართული იყო ჩვენს აღზრდაში, მოვლაში, ყოველდღიურ საქმიანობაში - დედას და მამას გადანაწილებული ჰქონდათ მოვალეობები.


მე და ირინას შორის, წელიწადი და სამი თვეა სხვაობა, ამიტომ ტყუპებივით ვიზრდებოდით. მამას დავყავდით მუსიკაზე, ჩოგბურთზე, ცეკვაზე, იპოდრომზე ცხენებზე, ბაკურიანში თხილამურებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ მალხაზი მუდმივად გადარბენაზე იყო რეპეტიციებზე, რადიო გახმოვანებაზე, სატელევიზიო ჩაწერებსა თუ გადაღებაზე, არასდროს გვიგრძნია მისი ნაკლებობა.

ძალიან ხშირად, შაბათ-კვირას ოჯახი პიკნიკებზე გავდიოდით ქალაქგარეთ, პირველი თოვლი რომ დადებდა კიკეთში, მეგობრებთან ერთად ციგით სასრიალოდ მივყავდით, დღესაც მიკვირს როგორ
ასწრებდა.

ამ ყველაფერს, ისიც ემატება, რომ ყოველთვის იცლიდა ყველა ნათესავის, ახლობლის, მეზობლის და კოლეგისთვის. ბევრჯერ გაუჩერებია უცხო ადამიანისთვის მანქანა და სახლში მიუყვანია.

- ქართული კინოს ისტორიაში, მის მიერ შექმნილი ყველა პერსონაჟი მაყურებლისთვის დღემდე დაუვიწყარია -  რომელ კინოროლს გამოარჩევდით?

რაც შეეხება მის როლებს, განსაკუთრებით მიყვარს - „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ და დათა თუთაშხიაში შესრულებული მისი კინოროლები.

თეატრალური როლებიდან „ძველ ვალსი“(ვაჟა) და „საბრალდებო დასკვნა“ (ზაზა ნაკაშიძე), ვერც კი დავთვლი, რამდენჯერ მაქვს ნანახი.

 

 - როგორ გაიცნეს მშობლებმა ერთმანეთი, ცოტა რამ დედის შესახებ...

დედა - ოლია ადრიანოვა საქართველოში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. ის შანხაიში დაიბადა, რუსი ემიგრანტის და ჩინელი ქალის ოჯახში. მისი მამა, თეთრგვარდიელი საზღვაო ოფიცერი იყო - რევოლუციის დროს, გემზე მსახურობდა.


როდესაც არეულობა დაიწყო, მას მოსკოვში დაბრუნება არ ურჩიეს. წლების შემდეგ, ჩინეთში მოქმედმა საბჭოთა კავშირის საელჩომ, ფაქტობრივად მოტყუებით, დაბრუნებაზე დაითანხმა, მაგრამ როგორც კი საზღვარი გადმოკვეთეს, სამგზავროდან სატვირთო ვაგონებში შეყარეს და გადასახლებაში უკრეს თავი.

ჯერ ყაზახეთში, შემდეგ ურალში, გაუსაძლის პირობებში მოუხდათ ცხოვრება. ბაბუას ჩინეთში სოხუმელი ქართველი მეგობარი ჰყოლია და ოჯახის ურალიდან სოხუმში გადმოყვანას შეჰპირდა.

დედა, გადასარევად საუბრობდა ინგლისურად, შანხაიში ბრიტანული სკოლა ჰქონდა დამთავრებული და ჯერ სოხუმის ინტურისტში დაიწყო თარჯიმნად მუშაობა და შემდეგ, თბილისში გადმოიყვანეს.

სწორედ აქ, შემთხვევით გაიცნო მამამ დედა. მამა, საქორწინო მოგზაურობაში აცილებდა თავის უახლოეს მეგობარს. ამ დროს, დედა თვითმფრინავში იმყოფებოდა და ერთმანეთს გამოელაპარაკნენ.

რამდენიმე ხანში, რუსთაველზე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, მამამ სახლამდე მიაცილა. მოკლედ, ასე ნელ-ნელა გაიცნეს და შეიყვარეს ერთმანეთი.

ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანი იყო, დილას ადრე, ჩოგბურთის სათამაშოდ დადიოდა და იქიდან, კოლმეურნეობის ბაზარში შეივლიდა ხოლმე, ყვავილებზე.

- მოგვიყევით, თქვენი ოჯახის შესახებ... 

უკვე, 22 წელია ამერიკაში ვცხოვრობთ მე, ირაკლი, ირინკა და ნატალია-ბელა. ირაკლი სინეტიკის თეატრში მიიწვიეს 2001 წელს და დავრჩით და დავრჩით.

განათლებით სტომატოლოგი ვარ, თუმცა ამ სპეციალობას აქ ვერ გავყევი, სხვადასხვა მიზეზების გამო. ვმუშაობდი საქართველოს საელჩოში, ვაშინგტონში, შემდეგ რადიოსადგურ ამერიკის ხმაში, ამჟამად კი, ისევ სამედიცინო სფეროს დავუბრუნდი.

 

კლინიკური კვლევების სპეციალისტი ვარ „NIH National Institute of Allergy and Infectious Diseases (NIAID)“ ამერიკის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის ერთ-ერთ კონტრაქტზე, კერძოდ, ტრანსპლანტაციის, იმუნოლოგიისა და ალერგიის კვლევების კუთხით.

ირინკამ დაამთავრა სტელა ადლერის სამსახიობო ფაკულტეტი და ამჟამად, სინეტიკის თეატრში მიიწვიეს სპექტაკლში სათამაშოდ. ირაკლი, როგორც მოგეხსენებათ სინეტიკის თეატრის მსახიობი და სპექტაკლების მუსიკალურ გამფორმებელია.

ნატალია-ბელა გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტია და პარალელურად, სკოლამდელი ბავშვების სასწავლებელში მასწავლებლის ასისტენტად მუშაობს. მსახიობობა კატეგორიულად არ უნდა, მაგრამ ძალიან უყვარს ხატვა და სიმღერა.

 

ჩემი და, ირინა საქართველოში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და გახლავთ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში - „ჯიპა“, მმართველობის სკოლის დეკანი.

მეუღლე დავით რევიშვილი, განათლებით ოპერატორია და ამჟამად, არის მრჩეველთა საბჭოში. 

ვაჟი გიორგი რევიშვილი - ახლახან დაოჯახდა. სწავლობს „ჯიპა“-ს მაგისტრატურაში და ამჟამად, რამდენიმე სამშენებლო პროექტზე მუშაობს თბილისსა და ბათუმში.

ირინას ქალიშვილი კი, ქეთევან რევიშვილი მილანში, კომუნიკაციის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს.