Exclusive:„დიდი სიამაყით ვამბობ, რომ ვარ ნატო ვაჩნაძე, დიდი ნატოს შვილიშვილი“- აქამდე უცნობი ფაქტები, ლეგენდარული მსახიობის პირად ცხოვრებაზე

ნატო ვაჩნაძე

14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა. ცნობილი ქართველი მსახიობი ნატო ვაჩნაძე (ქალიშვილობის გვარია ანდრონიკაშვილი) 1904 წლის 14 ივნისს დაიბადა, ხოლო 1953 წლის 14 ივნისს, სოფელ ობუჯთან, საჰაერო კატასტროფის დროს დაიღუპა.

მისი კარიერის მწვერვალზე, საბჭოთა კინომ, მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ქმნიდა. თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით, იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია „სახკინმრეწვი“ საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.

„ნატო ვაჩნაძის სახეში არის ზეციური სიმშვიდე და ანგელოზის სისადავე – ასეთი თვალები აქვს ქართულ ფრესკაზე ღვთიშობელს, რომელსაც წაშლია საღებავი და რომლის თვალები დახვრეტილია მონღოლების და ოსმალთა თუ ლეკების ტყვიით…” - წერდა მასზე ტიციან ტაბიძე.

კინოვარკვლავის პირად ცხოვრებაზე და მისი ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ, უამრავი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, მისი უფროსი შვილის, თენგიზ ვაჩნაძის და მისი ოჯახის შესახებ.

„პრაიმტაიმი“ დიდი ნატოს შვილიშვილს, ნატო ვაჩნაძეს და მის ძმისშვილებს კირა და მერაბ ანდრონიკაშვილებს დაუკავშირდა და ლეგენდარული მსახიობის აქამდე უცნობ ისტორიებზე, ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა:

ნატო ვაჩნაძე:

დავიბადე თბილისში, 1958 წელს 9 თებერვალს. ნატო ვაჩნაძე ჩემი ბებიაა, ეს სახელი,  მის პატივსაცემად  დამარქვეს, თუმცა, ჩვენს საგვარეულოში, ბევრ გოგოს ჰქვია, მაგრამ ნატო ვაჩნაძე, მარტო მე ვარ...

დედა - ინა ვაჩნაძე პროფესიით ფილოლოგია. მისი ქალიშვილობის გვარია - გრეიც. დაიბადა ქუთაისში, 1929 წლის 5 აგვისტოს. ოჯახი, მალევე გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში, სადაც გერმანულ და შემდეგ, საჯარო სკოლაში სწავლობდა.

დედა 94 წლისაა, მართალია, პროფესიით რუსული ენის ფილოლოგია, მაგრამ კარგად ფლობს ქართულ (წერს, კითხულობს), ინგლისურ (დაამთავრა უცხო ენების დაუსწრებელი ფაკულტეტი) და გერმანულ ენებს. 84 წლის იყო, უცხო ენების კურსებზე ჩააბარა და იტალიური ენა შეიწავლა.

 

 ბებია, დედის დედა - ტატიანა ნოვიცკაია, დაიბადა ქუთაისში, 1908 წლის 27 ივლისს. პროფესიით აგრონომი, ტოქსიკოლოგი. მუშაობდა მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში, ლაბორატორიის გამგედ, რომელიც ექვემდებარებოდა ლენინგრადის კვლევით ინსტიტუტს, სადაც მუშაობდა 85 წლის ასაკამდე.

ბაბუა (დედის მამა) დაიბადა 1905 წლის.10 აგვისტოს.ქ ვარშავა. ცხოვრობდა პეტერბურგში, რომელიც პეტერბურგის მაშინდელი ლენინგრადის მეტრომშენის მთავარი ინჟინერი იყო (თბილისის მეტრო „საბურთალოს“ ხაზის გახსნაშიც იღებდა მონაწილეობას).  

 - მამაზე, ნატოს უფროს შვილზე მოგვიყევით...

მამა - თენგიზ ვაჩნაძე, დაიბადა 1926 წლის 9 აპრილს თბილისში. პროფესიით ინჟინერი იყო, ბოლო წლებში, განათლების სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 

მისი მამა, მერაბ ვაჩნაძე, პროფესიით არქიტექტორი იყო, რომელიც 1937 წელს დაიჭირეს და გადასახლებაში გარდაიცვალა. ბევრი მოგონება არ ჰქონდა მასზე მამას, ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია.

დედ-მამა გაყრილები იყვნენ და როგორც ყველა ასეთ ოჯახში, მამასთან ურთიერთობა მაკლდა. ვიცოდი, რომ კვირას ვნახავდი და სულ ველოდები ამ დღეს...

მამას მეორე ოჯახი ჰყავდა, ორი ვაჟი - გიორგი და ლევანი. ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. შესანიშნავი, ულამაზესი ოჯახები აქვთ. ვთვლი, რომ ეს ურთიერთობა რომ შევინარჩუნეთ, ყველას დამსახურებაა. 

 - ნატოს მშობლები და დედმამიშვილები...

ნატოს დედა, პოლონელი ქალბატონი ეკატერინე სლივიცკაია იყო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის შვილიშვილების (თენგიზი, ელდარი და გიორგი) აღზრდაში.

მამა - გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი, ვარშავაში მსახურობდა ოფიცრად. რამდენიმე თვეში გიორგი ანდრონიკაშვილი ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ხოლო 1910 წელს მთელი ოჯახით საქართველოში გადმოვიდა.

როცა ნატოს და, კირა გადაასახლეს, მისი მეუღლე ბორის პილნიაკი (მწერალი) 1937 წელს დახვრიტეს. მათი ვაჟი, მშობლების გარეშე დარჩა. ნატოს დისშვილი, პატარა ბორია ანდრონიკაშვილი, ბავშვთა სახლში მოხვდა. ბებიამ, ე. სლივიცკაიამ ნატოს ოჯახში მოიყვანა - ბიჭები, ყველა ერთად გაზარდა.

ნატოს უფროსი და ჰყავდა, თამარი, რომელიც ახალგაზრდობაში საზღვარგარეთ წავიდა და დარჩა. ოჯახი არ შეუქმნია, შთამომავლობა არ ჰყავდა. ნატოს ჰყავდა ძმა, ალექსანდრე (სანდრო) ანდრონიკაშვილი, რომელიც ყველაზე პატარა იყო.

-  მოგვიყევით ელდარ და გიორგი შენგელაიებზე... 

საოცრად მიყვარდა ის დღე, როცა ორივეს ერთად ვხვდებოდი. ვამაყობდი, რომ კინემატოგრაფიის ბუმბერაზი რეჟისორები, ორივე ჩემები არიან.

 

მათი ფილმები, არა მარტო ჩემთვის, მთელი საქართველოსთვის, სიამაყის მომგვრელია. 

 ნატო ვაჩნაძის ძმის (ალექსანდრე) შვილები - კირა და მერაბ ანდრონიკაშვილები არიან.

კირა, ჩემთვის სინაზის, სიკეთის, სილამაზის ეტალონია. საოცარი ადამიანია, რომ ესაუბრები გაწყნარებს, გამშვიდებს, ყოველთვის ვგრძნობდი მის სიყვარულს ჩემდამი.

ძალიან მიყვარს მისი ულამაზესი ქალიშვილები - ქეთი და ნინკა.

შვილიშვილებიც საოცრად ლამაზები ჰყავს, გოგოებიც და ბიჭებიც.

მერაბი ჩემი ბიძა, უნიჭიერესი, საოცრად კეთილშობილი ადამიანია - უკრავს, მღერის. პროფესიით არქიტექტორია, თავის საქმის დიდი პროფესიონალი.

ჰყავს შესანიშნავი ქალიშვილი - ეკა. მინდა გითხრათ, რომ ანდრონიკაშვილები, დედის და მამის მხრიდან, გამორჩეულად ლამაზები არიან.

- ნატო ერთ დღეს დაიბადა და გარდაიცვალა - თქვენი აზრით, ეს ბედისწერა იყო?

ნატო მოსკოვში შვილების სანახავად იყო ჩასული - ელდარი და თენგიზი იქ სწავლობდნენ. გიორგი მაშინ, მეცხრე კლასში იყო. წასვლის წინ, დაჰპირდა, რომ თავის დაბადების დღეზე, აუცილებლად დაბრუნდებოდა თბილისში.

მოსკოვის აეროპორტში რომ მივიდა, ბილეთები არ იყო და როგორც ვიცი, ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა, ეროვნებით  ქართველმა, თავისი ადგილი დაუთმო... და ეს საშინელი ტრაგედიაც მოხდა.

სოფელ ობუჯში, ნიკოლოზ შენგელაიას სოფლის თავზე. უამინდობის გამო, თვითმფრინავი ჩამოვარდა. ვთვლი, რომ ნამდვილად, ბედისწერა იყო.

რამდენიმე წლის წინ, ინტერვიუ აიღეს ჩემგან (კოკა ყანდიაშვილის გადაცემა) და დამისვეს ასეთი კითხვა - რას იზამდით, თქვენ რომ ყოფილიყავით მის ადგილზეო? გამიჭირდა პასუხის გაცემა. ...

- ასეთი გენეტიკის ქალბატონს, არასდროს გიფიქრიათ მსახიობის პროფესიაზე?

სკოლის დამთავრების შემდეგ მცდელობა მქონდა, პირველ წელს ვაბარებდი თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვხვდი. 

ძალიან განვიცადე, სიაში რომ არ ვიყავი. სხვათა შორის, გიორგი შენგელაია მეუბნებოდა, მოსკოვში, „VGIK“-ში ჩააბარეო. მიშა თუმანიშვილმაც მითხრა, არაქართული გარეგნობა გაქვს და რუსეთში უფრო წარმატებული იქნებიო.

როგორც ჩანს, მამასაც ძალიან უდოდა, რომ მსახიობის პროფესია ამერჩია. მეტყველების პედაგოგ მალიკო მრევლიშვილთანაც კი დავყავდი, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ სხვა პროფესია ავირჩიე. 

მე -2 კლასში ვიყავი, სკოლაში კინემატოგრაფისტების ჯგუფი მოვიდა ფილმიდან „ღიმილის ბიჭები“, თემურის დის პერსონაჟის ასარჩევად. როგორც ჩანს, მოვეწონე და მეორე დღეს, კინოსტუდიაში, სინჯებზე დამიბარეს.

გახსოვთ ალბათ, თემურის პატარა და, მაგიდის ქვეშ, ატესტატს რომ კითხულობს, მისი როლისთვის ამიყვანეს. ბ-ნი კახა ქორიძე შემოვიდა და მითხრა, შენ ჩემი პატარა და იქნებიო, ძალიან გულშემატკივრობდა. მახსოვს, იგავ-არაკი, „მაიმუნი და სარკე“ მოვყევი, ქართული ზღაპარი მოგვიყევიო მითხრეს, არადა, რუსულენოვანი ვიყავი და, რუსული ზღაპრები უფრო ვიცოდი, ამიტომ რაღაც ზღაპარი გამოვიგონე, დიდი ფანტაზია ჩავაქსოვე.

გაოგნებული მიყურებდა ბ-ნი რეზო ჩხეიძე. სინჯებზე დედასთან ერთად ვიყავი. მითხრეს, რომ სკოლა უნდა გამეცდინა და რადგან წლის ბოლო იყო, შეიძლება შემდეგ კლასში ვეღარ გადავსულიყავი და ამის გამო, დედამ აღარ წამიყვანა.

დაახლოებით, 10 წლის ვიყავი, მამამ უფლისციხეში წამიყვანა, სადაც დოკუმენტური ფილმის -„უსახელო უფლის ციხელი“ გადაღება მიმდინარეობდა. ეპიზოდურ როლში მოვხვდი - უფლისციხეს ქისტები შემოესივნენ, ბავშვის ყვირილის ხმა ისმის და ამ დროს ვჩნდები კადრში.

ჩემი პატარა ძმა, გიორგიც მონაწილეობდა. მახსოვს, გადაღებების დროს, ისე დაიღალა, გამოქვაბულში ჩაეძინა. 

ფილმის ჩვენებაზე, მთელი მეზობლები და მეგობრები შევყარე და ვუთხარი, რომ მეც ვმონაწილეობდი, ძალიან მიხაროდა.  

-ბევრმა არ იცის, რომ ლეგენდარული კონოვარსკვლავის შვილიშვილი ბრძანდებით...

საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ დიდი ნატოს შვილიშვილი ვარ. სამსახურში, ერთხელ, ასეთი კურიოზი შემემთხვა.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა, კონსულტაციაზე, ახალგაზრდა კაცი მომიყვანა. ხელი გამომიწოდა და მეუბნება, დავით გურამიშვილი, მეც მივესალმე და ვუპასუხე - ნატო ვაჩნაძე.

განცვიფრებული სახით შემომიბრუნა სიტყვა და ცოტა გაბრაზებით მითხრა - მე, მართლა ვარ დავით გურამიშვილიო! ღიმილით ვუპასუხე, მეც მართლა ვარ ნატო ვაჩნაძე -მეთქი.

თანამშრომლები, ხშირად იხსენიებდნენ ამ ამბავს.  

- ნატო ვაჩნაძის შესახებ, უამრავი ინფორმაცია გაქვთ, სავარაუდოდ, მისი ფოტოებიც...

ბევრი ფოტო მაქვს ბებიის, მაგრამ ჩემთან სახლში, ნატოს პორტრეტის (მხატვარი თ. ყუბანეიშვილი) ორიგინალი ინახება, რომელიც მხატვარმა, მისი გარდაცვალების შემდეგ დაასრულა. ნახატი, ფანქრით არის შესრულებული.

ნატოს მესამე ქმართან, ანატოლი კაჭარავსთან, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ახლაც მაქვს მისი ნაჩუქარი ფოტოები.

-თქვენ უფროს ძმაზე, მერაბ ვაჩნაძეზე მოგვიყევით...

ჩემი ძმა, მერაბი, ნატოს გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, 13 ივნისს (ტრაგედიამდე, ერთი დღით ადრე) დაიბადა. ორივეს ბებიის და ბაბუის სახელები დაგვარქვეს.

დედა, სამშობიაროში რომ მიუყვანიათ, ექიმს უთქვამს, ბავშვი 14 ივნისს დაიბადებაო. როგორც თავად ჰყვება, არ უნდოდა, პირველი შვილი, დედამთილის სიკვდილის დღეს გაეჩინა, ამისათვის თურმე ძალიან აქტიურობდა - ბევრს მოძრაობდა, რომ ბავშვი ადრე დაბადებულიყო. ასეც მოხდა, 1954 წლის 13 ივნისს დაიბადა პატარა მერაბ ვაჩნაძე.

სამწუხაროდ, ბებიას მე და ჩემი ძმა ვერ მოვესწარით, მაგრამ დიდი სიამაყით ვამბობ, რომ ვარ ნატა ვაჩნაძე - დიდი ნატო ვაჩნაძის შვილიშვილი. 

 

ნატო ვაჩნაძის (ანდრონიკაშვილი) ძმისშვილი კირა ანდრონიკაშვილი:

8 წლის ვიყავი, ნატო რომ გარდაიცვალა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. ძირითადად, მისი გაზრდილი ვარ. ჩემ სანათესავოში, არც ერთს გოგო არ ჰყავდა, დიდი ამაგი აქვს ჩემზე.

ნატოს სამი ვაჟი ჰყავდა - თენგიზ ვაჩნაძე, ელდარი და გიორგი შენგელაიები, მეორე მამიდას, ნატოს დას, კირას, რომლის სახელიც მე დამარქვეს, ერთი ვაჟი - ბორის ანდრონიკაშვილი, მამას, ნატოს ძმას სანდროს, ორი ვაჟი - ჩემი უფროსი ძმა გოგი და უმცროსი - მერაბი.

ბევრმა არ იცის, რომ ნატოს უფროსი და, თამარი ჰყავდა. თამარის შემდეგ, იყო ნატო, შემდეგ კირა და ყველაზე უმცროსი მამაჩემი - სანდრო.

თამარი 16 წლის იყო, როცა სამკურნალოდ, საფრანგეთში (ლამანში), სანატორიუმში წაიყვანეს. ხერხემლის პრობლემა ჰქონდა და ოჯახს, მისი სამკურნალოდ დატოვება ურჩიეს.

მალე რევოლუცია დაიწყო, მშობლებმა ვეღარ ჩააკითხეს და სიცოცხლის ბოლომდე, საფრანგეთში დარჩა.  

ემიგრანტების სახლში (ლ. ტოლსტოის სახელობის სათნოების სახლი) ცხოვრობდა. მის ადგილსამყოფელს როცა მივაგენით, ჩამოყვანა გვინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. მამიდა თიკო ჯორჯაძე პატრონობდა, რომელიც ემიგრაციაში იყო. როგორც ვიცი, როცა ნატო ოფიციალური ვიზიტით მიიწვიეს პარიზში, საიდუმლოდ, იქ ერთმანეთს შეხვდნენ.

მას შემდეგ, ხშირად ვწერდით წერილებს. მისი წერილები, დღემდე შენახული მაქვს. თამარის ფოტოებიც არსებობს - უცნობი თამარი. ერთი ფოტო შემომრჩა, ძველ კინოსტუდიაში ვართ გადაღებული - კირა, მე და ნატო. გული მწყდება, რომ სხვა ფოტოები არ მაქვს.

ნატო ჩემთვის ჩვეულებრივი მამიდა იყო და არა ვარსკვლავი. მართლაც მსოფლიო ვარსკვლავი იყო, მაგრამ არასდროს „ვარსკვლავობდა“.

- როგორ დაგამახსოვრდათ მამიდა...

ძალიან თავმდაბალი, მშრომელი ადამიანი იყო. ჩიტაძის ქუჩაზე ცხოვრობდა, ანდრონიკაშვილები, მამულ -ჩამორთმეული თავადები იყვნენ. სახლიც დაკარგეს. მიუხედავად ამისა, ძალიან თბილი და კარგი ადამიანები იყვნენ.

ნატოს ხშირი სტუმარი ვიყავი, ავად თუ გავხდებოდი, მანქანით მაკითხავდა და თავისთან მივყავდი. იმ დროს, ძალიან იშვიათი იყო, ქალი საჭესთან.

სანამ არ გამომაჯანმრთელებდა, მასთან ვცხოვრობდი. მახსოვს, ფილტვების ანთება მქონდა და თავის სახლში წამიყვანა. სუფთა ჰაერზე რომ დამეძინა, ღამე ფანჯარას ღია ტოვებდა, მაგრამ რომ არ გავცივებულიყავი, საბნის მაგივრად, საძილე ტომარაში მახვევდა და ისე მაძინებდა. 

დილით რომ ვიღვიძებდი, მრგვალ მაგიდაზე ფორთოხლის წვენს მახვედრებდა, რომელშიც კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი იყო არეული, კალცს შეიცავდა და სამკურნალოდ კარგიაო, ამბობდა.

 დიდი ბინა ჰქონდა, რომ გაიღვიძებდა, სახლის დალაგებას იწყებდა. ახლაც მახსოვს ნატოს ოთახის სურნელება, რაღაც განსაკუთრებული არომატი იდგა. მისაღებ ოთახში, დიდი წიგნების კარადა იდგა, რაზედაც სხვადასხვა ზომის თიხის პატარა ჭანჭიკები იყო გამოფენილი.

მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოში გათბობა იყო, ცოტა ციოდა, ამიტომ დერეფანში ნავთქურა ედგა. კარგი დიასახლისი იყო, თუჯის ტაფაზე, უგემრიელეს ღვეზელებს აცხობდა.

სტუმარი რომ ეწვეოდა და სუფრა იშლებოდა, სანამ ქეიფს დაიწყებდნენ, ფიალით, ხორცის წვნიანი შემოჰქონდა ღვეზელთან ერთად. ისე გემრიელად აკეთებდა ყველაფერს, ახლაც მახსოვს მისი გემო. არასდროს დამხმარე ქალი არ ჰყოლია, სულ თავად აკეთებდა სახლის საქმეებს.

ოქროყანაში ვისვენებდი და ხელი მოვიტეხე, დედამ დაურეკა და მაშინვე ამომაკითხა. ჩამომიყვანა თბილისში და ზუბალაშვილის ქუჩაზე, კლინიკაში მიმიყვანა ისეთი ამბავი ატყდა, ყველა ექიმი თავს გვეხვეოდა. ძვლის მოტეხილობა იყო და თაბაშირი დამადეს.

მუსიკაზე დავდიოდი, სადაც ხშირად ნატოს დავყავდი. იქაც ყველა ელოდებოდა, როდის გამოჩნდებოდა.

ყველაფერთან ერთად, კარგი მეზობელიც იყო. მემაწვნე რომ მოდიოდა, მთელი ამბით ხვდებოდა, სულ სახლში ეპატიჟებოდა. გარეთ რომ გამოვიდოდა, მთელი ქუჩა ნატოს უყურებდა, სულ მიკვირდა, რატომ?! იმდენად კარგად ასრულებდა მამიდის მოვალეობას, ვერც ვხვდებოდი, თუ იმის იქით, ამხელა ვარსკვლავი იყო.

- სავარაუდოდ, დედაც ასეთივე მზრუნველი იქნებოდა...

საოცარი დედა იყო, სამ შვილს ზრდიდა. მისი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან დაბალი შემოსავალი ჰქონდა. კინოში, არასდროს იყო კარგი ანაზღაურება.

უფროსი შვილი თენგიზი, რომელიც პირველი ქორწინებიდან (მერაბ ვაჩნაძე) ჰყავდა და ელდარი (ნიკოლოზ შენგელაია), მოსკოვში სწავლობდნენ. გიორგი იმ დროს 2 წლით პატარა იყო ელდარზე. მამას ძალიან უყვარდა მერაბი (მისი პირველი მეუღლე) და ჩემ ძმას, მის პატივსაცემად მისი სახელი დაარქვა.

ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა ნატას, ნატოს იუბილეც მახსოვს, პატარა ვიყავი და გული დამწყდა, რომ არ წამიყვანეს.

 - მისი გარეგნობაც კარგად გახსოვთ?

ბესიკის ქუჩის და გრიბოედოვის კუთხეში, ატელიე იყო, სადაც ხშირად მივყავდი. სულ ვაკვირდებოდი, მის გარეგნობას.

მახსოვს, ერთი ისეთი ლამაზი კაბა ჰქონდა, კრემისფერი იყო და მომწვანო-მოლურჯო „კოპლები“ ჰქონდა. ვგიჟდებოდი, იმ კაბაზე. ყოველთვის სადად ჩაცმული დადიოდა, კარგად მახსოვს, მისი საოცრად ლამაზი ფირუზისფერი მძივი.

მართალია, ბევრი არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან მოკრძალებულად იმოსებოდა, იმ პერიოდში, ცნობილი ხალხიც კი მოკრძალებულად ცხოვრობდა. მთელი ეს პერიოდი, როგორც კინო ფრაგმენტები, ისე მახსოვს.  ინგოროყვას ქუჩაზე გამოდიოდა, სადაც ხშირად ვთამაშობდი.

- ნატოს სახლი, ისევ არსებობს?

როგორ არა, დღეს მაკა მახარაძე ცხოვრობს ამ სახლში. მიყვარს მაკა, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ სულ მერიდება რომ ვესტუმრო.

ბავშვობის მერე, იმ სახლში,  მედეა ჩახავას პანაშვიდზე მოვხვდი, საოცარი განცდა დამეუფლა - დავიარე ოთახები, მთელი ბავშვობა თვალწინ დამიდგა. დღემდე მაქვს ნოსტალგია ამ სახლზე.

- მსახიობის პროფესიის გარდა, რას საქმიანობდა...

გურჯაანში რომ ცხოვრობდა, ბავშვებს ასწავლიდა მუსიკას, რომ პატარა შემოსავალი ჰქონოდა. როგორც ვიცი, ასანთის ფაბრიკაში მუშაობდა, რომლის მფლობელი, მისი პოლონელი ბიძა იყო. მოხდა ისე, რომ გოგირდით მოიწამლა და ვეღარ შეძლო გაგრძელება. ძალიან მშრომელი ადამიანი იყო.

- განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული კინოვარსკვლავი იყო...

შავ-თეთრ ფოტოებზე და კინო კადრებშიც, კარგად არ იკვეთებოდა მისი სილამაზე, ახლაც მახსოვს მისი თვალის ფერი, მართლაც რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა, თითქოს თაფლისფერი, მაგრამ იისფერი და მწვანე დაჰკრავდა, თითქოს ტბა ჰქონდა თვალებში.

მისი ბიძაშვილი, ელენე ანდრონიკაშვილიც მეუბნებოდა, რომ ეკრანზე და ფოტოებზე არ ჩანდა მისი სილამაზე. 

ღმერთმა, ძალიან ბევრი რამ მისცა - კარგი ოჯახიშვილობა, კარგი დედ-მამა, სამი საოცარი შვილი, სასწაული გარეგნობა, სულის სისუფთავე, პოპულარობა და ერთ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდა. 

- იმდენად ბევრი რამ მოგვიყევით ნატოზე, სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების დღეც გემახსოვრებათ...

მამა, სანდრო ანდრონიკაშვილი, 1 ივნისს იყო დაბადებული, ჩემი ძმა მერაბი - 4 ივნისს, უფროსი ძმა გოგი - 8 ივნისს, მერაბი, ნატოს შვილიშვილი - 13 ივნისს და თავად ნატო -14 ივნისს.

პირველ ივნისს, მამას დაბადების დღეზე, ვერ მოახერხა მოსვლა და მეორე დღეს მოვიდა. ჩვენი ოჯახი იმ დროს, ვერაზე (51 -ე სკოლასთან, ვერის პარკის წინ) ცხოვრობდა.

მეზობლის ხმა შემომესმა, - ნატო მოდის, ნატოო! ფანჯრიდან გავიხედე და ნატო დავინახე - იასამნის თაიგული ეჭირა ხელში, სასწაულად ლამაზი იყო. კიბეზე რომ ამოდიოდა, ყველა სართულზე კარი იღებოდა და ხალხი ეგებებოდა.

როგორც ჩანს, დაღლილი იყო და რამდენიმე ხანში სუფრიდან ადგა და გავიდა. ოთახში რომ ვერ დავინახე, ძებნა დავუწყე. საძინებელში შევიხედე და ვხედავ, საწოლზე წევს.

მკრთალ შუქზე, კედელზე ნატოს აჩრდილი იკვეთებოდა, მისი სახის ჩრდილიც კი ულამაზესი იყო. დედა შემოვიდა და მითხრა, - ნახე რა ლამაზია, კარგად დაიმახსოვრე შენი მამიდაო.

შემდეგი კადრი მახსოვს, სახლიდან რომ გადიოდა. კარებთან მოტრიალდა და გვითხრა, ხვალ მოსკოვში მივფრინავ, მაგრამ ჩემ დაბადების დღეზე, აუცილებლად თქვენთან ვიქნებიო.

ტელეფონი არ გვქონდა და მისი ჩამოსვლის წინა დღეს, მეზობლისგან დავურეკეთ კირას. გვითხრა, რომ ბილეთი ვერ იშოვა და სავარაუდოდ, ვერ გამოფრინდებაო.

როგორც შემდეგ გაირკვა, ნატოს აეროპორტში, მამას ახლობელი კაცი შეხვდა, რომელმაც გაიგო, რომ ვერ მოფრინავდა და საკუთარი ბილეთი დაუთმო.

ნატოს კირასთან დაურეკავს და უთქვამს, მატარებლით ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ თვითმფრინავის ბილეთი ვიშოვე და მოვფრინავო.

კარგად მახსოვს ის დღე - ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ცას შევცქეროდი. სასწაული ჭექა-ქუხილი იყო, ცა იყო შავი! - ეს ყველაფერი მაშინებდა, რადგან ვიცოდი, რომ ის ცაში იყო.

კირა მამიდას აეროპორტში დაურეკავს, უთქვამთ, ისეთი საშინელი ამინდია, თვითმფრინავი აეროპორტში ვერ დაჯდა და სოხუმში გაფრინდაო.

სოხუმშიც ჭექა-ქუხილი ყოფილა და ვერც იქ მოახერხა პილოტმა თვითმფრინავის დასმა. ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, ვერაფერი გავარკვიეთ. ბოლოს გვითხრეს, რომ თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა და აფეთქდაო. სავარაუდოდ, თვითმფრინავს საწვავი გამოელიაო.

მამიდა კირა და ოჯახის წევრები, იმ დღესვე გაემგზავრნენ იმ ადგილას, სადაც თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

ეს მოხდა სამეგრელოში, სოფელ ობუჯთან, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა. საშინელი ტრაგედია ტრიალებდა, ყველა საკუთარ მიცვალებულს ეძებდა. კირამ, ჯერ მამიდას თმა ამოიცნო და შემდეგ, მისი თითი, რომელზედაც ფირუზისთვლიანი ბეჭედი ეკეთა.

რომ შევიტყვე, მამიდა აღარ არის, ნერვიულობის გამო, სიცხემ ამიწია. ამიტომ მის პანაშვიდებს არ დამასწრეს, მაგრამ დასაფლავებაზე ვიყავი. მახსოვს, უამრავი ხალხი, სახლის სახურავებზეც კი იდგნენ. ეს ყველაფერი, არქივის მასალებშია აღბეჭდილი.

სამწუხაროა, რომ ასეთი ხალხი გამომაცალა ღმერთმა. ნატოს გარდაცვალებიდან, რამდენიმე წლის შემდეგ, კირაც გარდაიცვალა, ისიც 49 წლის ასაკში.  

რამდენიმე წლის წინ, გადაღებაზე, ზუსტად იმ სოფელში მოვხვდი, სადაც თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ერთ-ერთმა მცხოვრებმა, მოხუცმა კაცმა, რომელმაც არც კი იცოდა, რომ ნატოს ძმისშვილი ვიყავი, ის ტრაგიკული ისტორია გაიხსენა და მაჩვენა ადგილი, სადაც თვითმფრინავის აფეთქება მოხდა.

ამბობდა, კატასტროფის შემდეგ, საშინელი კივილის ხმა ისმოდა. იმ ადგილას, წარწერაც კი არის -  „აქ დაიღუპა ნატო ვაჩნაძე“.

ძალიან ბევრი მოსაგონარი მაქვს ნატოზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე პატარაა მერაბი, მასაც ბევრი ახსოვს.

მერაბ ანდრონიკაშვილი - ნატო ვაჩნაძის ძმისშვილი:

ყველაფერი ისე კარგად მახსოვს, თითქოს „დიდი ბიჭი“ ვიყავი. სტუდენტობის პერიოდში, დედას, ჩემი ბავშვობის ერთი ფაქტი გავახსენე. დაახლოებით, სამი წლის ვიქნებოდი, სოლოლაკში ვცხოვრობდით, ეზოში დიდი ძაღლი გვყავდა, დავიჭერდი და ზურგზე ვაჯდებოდი.

ეს ამბავი, მხოლოდ დედას ახსოვდა, შეუძლებელია, რომ გახსოვდეს, მაგრამ სინამდვილეაო, მითხრა - ეს არ იყო, ჩემი ბავშვური ფანტაზია. 

-  ნატო მამიდაზე მოგვიყევით...

ნატო რომ გარდაიცვალა, 5 წლის ვიყავი. კარგად მახსოვს მისი გარეგნობა, სამოსი, ხმა. მისი სახით აღმოვაჩინე სილამაზე. 

არასდროს დამავიწყდება, ჩემი პირველი დღე, საბავშვო ბაღში. რატომღაც ნატომ წამიყვანა. არ ვიცი, როგორ მოიცალა ჩემთვის, მაგრამ სახლში მომაკითხა.

რომ გამოვდიოდით, შევამჩნიე რომ სიჩქარეში სხვადასხვა ფეხსაცმელი ჩამიცვამს (იცინის). ფეხზე დავიხედე და ვხედავ, სხვადასხვა სანდალი მაცვია. ნატო მაჩქარებდა, მერაბ, სირცხვილია ვაგვიანებთო, გამოცვლის დრო არ იყო და ამ ფეხსაცმლით მომიწია წასვლა.

მთელი ქუჩა ნატოს უყურებდა, მოძრაობა გაჩერდა, გაკვირვებული ვიყავი, ჩავთვალე, რომ ყველა მე მიყურებდა.

ავხედე და ახლაც მახსოვს, მისი გაღიმებული სახე, და გავიფიქრე, ალბათ, ეს არის სილამაზე -მეთქი. ბაღში რომ მივედით, ბაღის გამგე (ქ-ნი თამარ ერისთავი), რამდენიმე მასწავლებელი და პერსონალი შემოგვეგება.

ისევ მოვალ, შენ წასაყვანადო, დამიბარა. იქ მყოფმა მშობლებმა რომ გაიგეს, ნატო უნდა დაბრუნებულიყო, ყველა დარჩა და მის მოსვლას ელოდა. 

იმ დღეს ვერის ბაღიდან, ფოტოგრაფიც კი ამოიყვანეს. ბევრი კადრი გადაიღეს, ძალიან მაინტერესებს, ამ ფოტოების არსებობა, მინდა გავიგო, ვის აქვს შემორჩენილი. ძალიან თბილი ადამიანი იყო, ქუჩაში უცხო ადამიანებსაც ესალმებოდა.

ძლივს მოვახერხეთ წამოსვლა, დაღმართზე, ბელინსკის ქუჩაზე რომ ჩამოვდიოდით, უკან ხალხის მთელი კოლონა მოგვყვებოდა.

გზაში მკითხა, აბა როგორ მოგეწონა ბაღიო? ძალიან, ბევრი ცხოველი - კურდღელი, ზღარბი, კუ, მელია ჰყავთ გალიაში -მეთქი.

ეგ გასაგებია, მაგრამ ნუთუ, ერთი გოგოც არ ჰყავთო? როგორ არა, ერთ-ერთი ჩემ მაგიდასთან იჯდა, კიდევ სხვებიც არიან -მეთქი.

მერე, არც ერთი არ მოგეწონაო? მორიდებით ვუპასუხე - ერთი გოგო მომეწონა, მაგრამ ცუდი გოგოა, „მანიფაფა“ შემიჭამა-მეთქი. მახსოვს, ცისფერი თვალები ჰქონდა და ლამაზად მოქარგული წინსაფარი ეკეთა.

- მართლა შეგიჭამათ, თუ მოატყუეთ?

მართლა შემიჭამა (იცინის). თავის ულუფა რომ „დაათოხლავა“, მერე ჩემი თეფში აიღო. პუტკუნა გოგო იყო, ძალიან საყვარელი. ნეტა ვიცოდე, მისი სახელი ან გვარი, სამწუხაროდ, არ მახსენდება.

ეს რომ ვუთხარი, ხელში ამიტაცა, ჩამიხუტა და მითხრა - ნამდვილი ანდრონიკაშვილი ხარ, მაგარი კაცი გახდებიო! 

ამ დროს, ყველა ჩვენ გვიყურებდა. მთელი ტრანსპორტი, ტროლეიბუსებიც კი გაჩერდა. ვიფიქრე, ლამაზად გამოწყობილი ვარ და ამიტომ ყველა მე მიყურებს -მეთქი (იცინის).

თურმე, ნატოა მთავარი პერსონაჟი. ახლაც მახსოვს „გაბერილი“ ტროლეიბუსები, თეთრებში გამოწყობილი კაცები დიდი შლაპებით, ყველაფერი მოძრავი გაჩერდა და ჩვენ შემოგვცქეროდა.

დღემდე ვფიქრობ, როგორ მოიცალა ჩემთვის, რომ ბაღში წამიყვანა და წამომიყვანა.

ერთხელ, ეზოში ვთამაშობდი, როცა ნატა მეუღლესთან, ანატოლი კაჭარავასთან ( ნატო ვაჩნაძის მესამე ქმარი. 1967 წელს მისი ინიციატივითა და თაოსნობით ბათუმში დაარსდა საქართველოს საზღვაო სანაოსნო, რომელსაც 1967-1979 წლებში თავადვე ხელმძღვანელობდა) ერთად მოვიდა და საჩუქრად სათამაშო გემი მომიტანა.

ისე გამიხარდა, არც ანატოლი მახსოვდა და აღარც ნატო. ძალიან კარგად დამამახსოვრდა ეს დღე. ღამე რომ ვიძინებდი, გვერდზე მედო ეს გემი.

ვერაზე რომ გადმოვედით საცხოვრებლად, მიუხედავად იმის, რომ ლიფტი არ იყო, ხშირად იშლებოდა ჩვენ სახლში სუფრა, კარგად მახსოვს, ელენე ახვლედიანი, რომელიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა, ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო.

განსაკუთრებით ჩემი და - კირა უყვარდა. კირასაც ბევრი ეპიზოდი ახსოვს, მისი ხშირი სტუმარი იყო. მეც ვრჩებოდი -ხოლმე, მაგრამ მამიდა კირასთან, უფრო ხშირად.

როცა გადასახლებიდან დაბრუნდა, მის სახლში ხშირად დავდიოდი. პარლამენტის უკან რომ სახლია, სადაც ფილმი „ქორწილი“ გადაიღეს, სწორედ, ის სახლია.

მამიდა კირა, პირველ სართულზე ცხოვრობდა. ძალიან კარგად ჩანს იმ კადრში, სადაც გოგი ქავთარაძე, სადარბაზოში ყვავილების ბუკეტით შედის.

ამის შემდეგ, კირა, საბურთალოზე, პეკინის ქუჩაზე გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნატოც და კირაც ერთ ასაკში გარდაიცვალნენ.

- გაიხსენეთ ნატოს გარდაცვალება...

1953 წელი იყო, მის სახლში რომ მიმიყვანეს, პანაშვიდებიც კი არ იყო დაწყებული. მისაღებ ოთახში იდგა სასახლე, რომელზედაც სუდარა იყო გადაფარებული. მე ვიცოდი, რომ იქ იწვა, ნატო!

ყველგან მძიმე ატმოსფერო სუფევდა, ვხვდებოდი, რომ რაღაც საშინელი მოხდა. ცხედარი არც არავის უნახავს, მისი სხეულის, მხოლოდ, რამდენიმე ფრაგმენტი იპოვეს. მახსოვს ეს ტრავმული, მძიმე ვითარება, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

ნატოს დაკრძალვის დროს, სახლში ვიყავი. მე -4 სართულზე ვცხოვრობდით, დედამ გამაფრთხილა, სახლიდან არ გახვიდეო, ამიტომ მთელ ამ პროცესიას, აივანზე, რიკულებს შორის თავგაყოფილი ვუყურებდი.

უზარმაზარი გვირგვინები, ყვავილები - არა მარტო მთელი ქალაქი, თითქმის მთელი საქართველო გლოვობდა. მაშინ სხვა ურთიერთობები იყო, ყველა ტიროდა, სასაფლაომდე, მთელ გზას ფეხით გადიოდნენ.

ძველი თაობისგან ხშირად მსმენია, რომ დასაფლავების პროცესია, ყველაზე ხალხმრავალი, ნატოს და ვანო სარაჯიშვილის დაკრძალვაზე იყოო.

მამაკაცები, ქუდს იხდიდნენ და ქედს იხრიდნენ მის წინაშე. ნატო ვაჩნაძე, არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიაში, აღიარებულია, როგორც მუნჯი კინოს ვარსკვლავი.

მუნჯი კინო, დიდი ნატოს სამყარო იყო!