ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
82 წლის წინ, 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას, ფაშისტური გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, ომის გამოუცხადებლად, გადალახეს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვარი.
დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი და მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება, რომელმაც, საერთო ჯამში, ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
დიდი სამამულო ომის თემაზე, 1964 წელს, სტუდია „ქართული ფილმის“ მიერ, რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ, სულიკო ჟღენტის სცენარით, გადაიღო მხატვრული ფილმი „ჯარისკაცის მამა“(მთავარ როლში, სერგო ზაქარიაძე).
1965 წლის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სერგო ზაქარიაძეს - „მამაკაცის საუკეთესო როლისათვის“ პრიზი გადაეცა. 1966 წელს კი, რომის საერთაშორისო კინოფესტივალზე - „კაპიტოლიუმის იუპიტერი".
სცენარის მიხედვით, კახელი გლეხი, გიორგი მახარაშვილი (სერგო ზაქარიაძე), დაჭრილი შვილის სანახავად, ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ იქ ჩასული შეიტყობს, რომ ჰოსპიტლიდან უკვე გაწერილია. გოდერძის (გია კობახიძე) კვალს ადევნებული მამა, ბერლინში ჩადის. შვილს, ომის მიწურულს იპოვის, მაგრამ ბრძოლაში, მამას ხელში დალევს სულს...
ფილმში, გიორგი მახარაშვილის (სერგო ზაქარიაძე) შვილის როლს, შესანიშნავი მსახიობი, გია (გიჟური) კობახიძე ასრულებს.
„პრაიმტაიმი“, ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის, გია (გიჟური) კობახიძის ქალიშვილს, თამარს დაუკავშირდა, რომელმაც მამას პირად ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე ისაუბრა:
"გიჟური", ბავშვობაში მეტსახელად შეარქვეს, ამასთან დაკავშირებით, ძალიან უბრალო ისტორია მახსოვს ბებიასგან.
ერთ დღეს, ყოველგვარი მნიშვნელობის გარეშე, მეზობელმა დაუძახა გიჟური და მას შემდეგ, შეარქვეს ეს მეტსახელი, რომელსაც მთელი ცხოვრება ატარებდა.
ვფიქრობ, რომ ამ სახელს, გარკვეული კარმა ახლდა თან. სიცოცხლის ბოლომდე, ბობოქარი ცხოვრებით იცხოვრა. როცა გარდაიცვალა, მახსოვს, ვიღაცამ თქვა, კიდევ ერთი ბობოქარი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდანო - იმ გაგებით, რომ მუდამ ემოციურად დატვირთული იყო მისი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო ისტორიები არ აკლდა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში.
- ემოციური ადამიანი იყოო, ამბობენ, გარეგნულად გრეგორი პეკს ჰგავდაო...
ძალიან ემოციური ადამიანი იყო - კავკასიური გარეგნობის, ტემპერამენტიანი და ზღვა ემოციებით. რამდენიმე ხნის წინ, სტატია წავიკითხე, სადაც ქ-ნი ქეთევან კიკნაძე, აღნიშნავდა, რომ ძალიან ჰგავდა გრეგორი პეკს. ქეთინო ჩვენი ნათესავია და ბავშვობიდან კარგად ახსოვს.
ერთი ფოტო მაქვს ფილმიდან „ჩემი მეგობარი ნოდარი“, სადაც ცოტა ვამსგავსებ. სიმპათიური ადამიანი, ნამდვილად იყო, ასაკშიც კარგად გამოიყურებოდა - მამაჩემი იყო, მიყვარდა და კიდეც მომწონდა.
- გამორჩეული ხმის ტემბრი ჰქონდა...
ერთ-ერთი ვიდეოა, რომელიც სიცოცხლის ბოლოს არის ჩაწერილი, სადაც კარგად ჩანს მისი გარეგნობა და ხმის ტემბრი. ზოგადად, კობახიძეებს მკვეთრი, ჟღერადი ხმა გვაქვს, კიდეც ვმღერით.
მამაც ძალიან კარგად მღეროდა, ბანი იყო და გული მწყდება, რომ არ გვაქვს ჩანაწერები. იმდენად ძლიერი ხმა ჰქონდა, სახლში რომ საუბრობდა, ეზოში ესმოდათ.
რაღაცნაირი მკვეთრი და საოცრად სასიამოვნო ხმა ჰქონდა. ამიტომ ხშირად იწვევდნენ გახმოვანებაზე. ძალიან ბევრი მიწვევა ჰქონდა რუსეთში, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მაქვს ნანახი ეს ფილმები.
ვერ გეტყვით, რომ აქცენტის გარეშე საუბრობდა, როგორც ყველა კავკასიელი, მაგრამ საკმაოდ კარგად ფლობდა რუსულს. მახსოვს „კიევფილმი“, „ყაზახფილმი“ და „ლენფილმში“ ჰქონდა მიწვევები.
იმ პერიოდში, კინემატოგრაფია, ძალიან სერიოზული ინდუსტრია იყო. გამორჩეული იყო „ქართული ფილმი“, „ლენფილმი“, „მოსფილმი“ და ერთმანეთშიც ურთიერთობდნენ.
- მიუხედავად მრავალი როლისა, პოპულარობა, ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“ მოიპოვა...
რა თქმა უნდა, პირველი პოპულარობა გოდერძი მახარაშვილის როლით მოიპოვა. „ჯარისკაცის მამა“ 1964 წელს არის გადაღებული. ქართული ფილმის ინდუსტრია, ძირითადად, 1960 -იანი წლებიდან იწყება.
იმ დროს, 23 წლის იყო, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი. როგორც ამბობდა, ლექციებიდან, პირდაპირ გადაღებაზე წაიყვანეს. სიმაღლეც ხელს უწყობდა, 187 სმ იყო. შერჩევა გარეგნობით და ხმის ტემბრით მოხდა, ეს მისი პირველი როლი იყო.
- რას იხსენებდა, ფილმის „ჯარისკაცის მამა“ გადაღებებიდან?
როგორც ამბობდა, გადაღებები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდური როლი იყო.
ძირითადად, ბატონ სერგოზე საუბრობდა, გენიალური მსახიობი იყო, საოცარი მუხტი ჰქონდაო. არასდროს დამავიწყდება, ასეთმა ახალგაზრდამ, ამ ბუმბერაზ მსახიობთან ერთად რომ ვითამაშეო. სერგო ძალიან ბუნებრივად თამაშობდა, იმდენად დიდი ემოცია მოდიოდა მისგან, რომ გადამდები იყო, უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად, რომ მასთან ერთად მუშაობაო.
რეზო ჩხეიძეს ვუთხარი, ეს როლი, მის სავიზიტო ბარათად დარჩა -მეთქი.
დღემდე, გოდერძი მახარაშვილის შვილს მეძახიან. დიდი ხნის წინ, გერმანიაში მომიწია წასვლა, სადაც ერთ-ერთ ოჯახში ვცხოვრობდი. მასპინძელი ბულგარელი იყო. 30 წელი გერმანიაში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად სტუმრობდნენ ბულგარეთიდან.
ერთ-ერთ შეხვედრაზე, სტუმრებს ჩემი თავი გააცნო და უთხრა, შევარდნაძის ქვეყნიდან არის, მისი მამა მსახიობიაო. რუმინელი კაცი, რომელიც პროფესიით მხატვარი იყო, მეკითხება, რომელ ფილმში თამაშობდაო?
მეც მოკრძალებით ვუპასუხე - არის ასეთი ფილმი, მსოფლიო რომ იცნობს „ჯარისკაცის მამა“ და იქ თამაშობს მეთქი.
როგორც მითხრა, მხატვარი, ჩამოსული იყო 70-იან წლებში კინოსტუდია “ქართულ ფილმში” დეკორაციებზე სამუშაოდ. ამიტომ ქართულ კინოინდუსტრიის ამ პერიოდის შედევრებსაც იცნობდა.
ძალიან ვიხალისეთ ამ ამბით, საუკეთესო ემოცია იყო. სულ ვფიქრობ, რომ ეს არის ფილმი, რომელიც მართლაც მამას სავიზიტო ბარათი იყო.
„ღიმილის ბიჭები“ არაჩვეულებრივი ფილმია, მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო მასშტაბური და წარმატებული იყო. ფილმი, რომელსაც ცრემლის და ემოციის გარეშე ვერ უყურებ...
მაგრამ თვითონ ფილმიც ძალიან წარმატებული იყო, რაც იშვიათად ხდება, მით უმეტეს, იმ პერიოდში, ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი იყო.
ჩემი შვილები, ძალიან მორიდებულად ამბობენ ხოლმე - გოდერძი მახარაშვილი, ჩვენი ბაბუა იყოო. იმდენად კარგი ფილმია, როგორ შეიძლება, არ ვიამაყოთ.
მე, ფაქტობრივად, გოდერძი მახარაშვილის ქალიშვილი მქვია, ჩემი მეგობრები დღემდე ხალისობენ, განსაკუთრებით, თუ ვინმეს გამაცნობენ. ჯერ არ შემხვედრია, ადამიანი, ვისაც „ჯარისკაცის მამა“ არ მოსწონს.
საოცარი შეგრძნება მაქვს, განსაკუთრებით, ბოლო კადრში. ძალიან მძიმე საყურებელია ჩემთვის. სხვათა შორის, ფილმში, მამას ხმა არ არის, რატომღაც სხვა ახმოვანებს. კადრში, სადაც იღიმის, ამბობდა, იმედის ნაპერწკალს ვუტოვებ მამასო. ეს არის ფილმი, რომელიც ისტორიას დარჩა და მათთან ერთად, მამაც.
ქართულ ფილმს, უდიდესი წარმატება ჰქონდა და საბჭოთა კავშირშიც, ძალიან პოპულარული იყო. შემდეგ იყო, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, სადაც მთავარი როლი შეასრულა, დანარჩენი უფრო ეპიზოდური როლები იყო.
ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძე უნიჭიერესი ადამიანი იყო. მისი და იმ დროის ბევრი ბუმბერაზი ადამიანის გარდაცვალებით, ეპოქა დამთავრდა.
მართალია, გოდერძი მახარაშვილი, გიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იყო, მაგრამ ამ ფილმის შემდეგ, კიდევ მეტად მოექცა, ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით, მდედრობითი სქესისგან. უამრავი წერილი მოსდიოდა, რასაც დღემდე ვინახავ.
მიუხედავად ამისა, ბუნებით მაძიებელი კაცი არ იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ასაკშიც კი ეხმიანებოდნენ ქალები, მაგრამ ფაქტია, რომ არ იყო თავქარიანი. ძალიან დინჯი, გაწონასწორებული კაცი გახლდათ.
დედ-მამას გაყრის შემდეგ, ის 26 წელი ცხოვრობდა მისი მეუღლის - კლარა სირაძის გვერდით, რომელიც შესანიშნავი ქალბატონი იყო, რომელიც მამას გარდაცვალებიდან სამ წელიწადში, გარდაიცვალა.
- გიას ყოფილ მეუღლეზე, დედაზე მოგვიყევით...
დედა - მარინე ჩხაიძე, პროფესიით ფიზიკოსი გახლავთ. ამჟამად, 77 წლის არის, მამაზე 5 წლით უმცროსი იყო. ისე მოხდა, რომ დედა მოსკოვში იმყოფებოდა ერთ-ერთ კონფერენციაზე, თან დისერტაციაზე ემზადებოდა, როგორც თავად ამბობს, ახალი ჩასული იყო, როცა სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს.
ერთ-ერთ მეზობელთან იყო სტუმრად, სადაც გიაც იმყოფებოდა. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა. მოხდა ისე, რომ ერთ თვეში იქორწინეს. როცა ქორწინება ხანმოკლეა, ცოტა რთულია სიყვარულზე საუბარი.
- მშობლები რამდენი წლის შემდეგ გაეყარნენ ერთმანეთს?
ექვსი წლის ვიყავი, როცა დაშორდნენ, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მე და ჩემ ძმასთან, დიმიტრისთან, მუდამ ჩვენ გვერდით იყო. გაყრის მიზეზი, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი იყო. როგორც ჩანს, ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ. შეიძლება კიდეც ეჭვიანობდა, თაყვანისმცემლებისგან, უამრავი წერილი მოდიოდა ყოველდღე.
- თქვენ რა პროფესია აირჩიეთ?
ბავშვობიდან მაფრთხილებდა, მსახიობობა არ გამაგონოო, მეც არ მქონდა სურვილი. ერთხელ ქუჩაში გამაჩერეს, ფილმში უნდა გადაგიღოთო და სასტიკი უარით გავისტუმრე.
პროფესიით, ეკონომისტი ვარ, მყავს სამი ქალიშვილი - მარიამი სტუდენტია, ნინო აბიტურიენტი და ანა, რომელსაც მსახიობობა უნდა.
ძალიან რთული პროფესიაა მსახიობობა, თან ასეთი პატარა ბაზარზე, საკუთარი თავის რეალიზება, ხელოვანი ადამიანისთვის, საკმაოდ რთულია. რთულია, შეინარჩუნო ეს პროფესია, ძალიან რთულია, ამ პროფესიიდან სხვაზე გადაერთო.
- მამა სად დაიბადა?
როგორც ვიცი, ზესტაფონში დაიბადა, სოფელ როდინაულიდან ვართ. ოჯახი, დიდი ხნის განმავლობაში, თბილისში, მთაწმინდაზე ცხოვრობდა. ხშირად იხსენებდა მამა, თბილისში გატარებულ ბავშვობის წლებს.
როცა ბაბუა, დავით კობახიძე ზესტაფონის რაიონის აღმასკომის თამჯდომარედ დაინიშნა, ისევ ზესტაფონში გადასახლდნენ. შესანიშნავი მშობლები ჰყავდა. დედა - მარიამ ეჯიბაძე, ძალიან ლამაზი ქალი იყო, ამბობდნენ, ბაბუას ძალიან უყვარდა, ხელის გულზე ატარებდაო.
დღემდე შემოგვრჩა ეს სახლი, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებთ ჩასვლას.
სკოლაც ზესტაფონში დაამთავრა მამამ და შემდეგ, თბილისში, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა. ძალიან ბევრ სტუდენტურ ისტორიებს გვიყვებოდა - ხშირად იხსენებდა თეატრალურის რექტორ ილია თავაძეს, მსახიობ აკაკი ხორავას.
ამბობდა, რომ მისთვის ეს წლები, განსაკუთრებული იყო. ხშირად ამბობდა, როგორ გამიმართლა, რომ ასეთ ბუმბერაზ ხალხთან მქონდა შეხვედრაო.
- რა პერიოდიდან შეწყდა მისი სამსახიობო კარიერა...
ჩემი ბავშვობის პერიოდში, ქართულ ფილმებში, ფაქტობრივად, აღარ იწვევდნენ, ძირითადად, გახმოვანებაზე მუშაობდა. როგორც მახსოვს, დაახლოებით, 1985 - 86 წლებში, რუსეთში მიიწვიეს გადაღებებზე. ძირითადად, გახმოვანებაზე მუშაობდა.
90 -იანი წლებიდან, ლექსების წერა დაიწყო. ძირითადად, პატრიოტულ ლექსებს წერდა. ძალიან მტკივნეულად განიცდიდა, იმ დროინდელი საქართველოს მდგომარეობას. ლექსების პატარა კრებულიც კი დააბეჭდვინა, რომელიც ახლობლებს დავურიგეთ.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ, რუსთავის თეატრში წაიყვანა და მისი სამსახიობო კარიერა, უფრო თეატრს მიუძღვნა.
- რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?
უმუშევრობის გამო, ბოლო პერიოდში, სახლიდან აღარც გადიოდა, ძალიან დეპრესიული გახდა. ამბობდა, რა ვქნა, ყველას არ შეუძლია ვაჭრობაო.
სულ ნერვიულობდა, განსაკუთრებით, 90 -იან წლებში, როცა უმძიმესი სიტუაცია იყო ქვეყანაში და მისი პროფესია, ფაქტობრივად, გამოუსადეგარი გახდა.
ვერ მოახერხა, რომ სხვა რამეზე გადართულიყო, ახალი პროფესია შეეძინა, სულ განცდებში იყო. იყო პერიოდი, როცა ძალიან უჭირდა. ძირითადად, მე და ჩემი ძმა ვეხმარებოდით.
ციროზი დაემართა და თირკმელი გაეთიშა. სამწუხაროდ, ვეღარ გადაარჩინეს, საავადმყოფოდან ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში გამოწერეს.
მამას გარდაცვალების დღეს, დედა, მასთან იმყოფებოდა და თავზე ედგა. უმძიმესი სიტუაცია იყო, მოხდა ისე, რომ ყველამ ერთად გავაცილეთ. 2008 წლის 4 ოქტომბერს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- გიას დასაფლავებაზე, რეზო ჩხეიძეს უთქვამს, ვერ დავაფასეთ ისე, როგორც საჭირო იყოო...
მე როგორც ვიცი, „ვერ მოვუარეთ ისე, როგორც საჭირო იყოო“, უთქვამს. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ მის დასაფლავებაზე, ბატონმა რეზომ ძალიან დიდი პატივი გვცა, ყველა პანაშვიდს ესწრებოდა.
სწორედ, მან მოაგვარა საბურთალოს პანთეონში დაკრძალვის საკითხი, რაზედაც ძალიან მადლობელი ვარ.