1734207713
Exclusive: "თავიდან მწყინდა, რის გამო დამსაჯა ღმერთმა? რატომ მაინც და მაინც ჩემი შვილი-მეთქი? მადლობა უფალს, ამ ამბავს არ გავუბოროტებივარ..." - დათი ქოქრაშვილის დედის ემოციური ინტერვიუ
ორი წელია, რაც უბედური შემთხვევის შემდეგ, საზოგადოებამ დათი ქოქრაშვილი გაიცნო. უსაყვარლესი ბიჭუნა, რომლის ცხოვრებაც ავტოავარიამ (შარტავას ქუჩაზე) შეცვალა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებმა ქართველებმა შეიყვარეს, უფალს მისი გადარჩენა და დღეგრძელობა შეავედრეს და დღემდე გულშემატკივრობენ.
დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი, პრესასთან აღებული ტაიმ აუტის შემდეგ, "პრაიმტაიმს" ინტერვიუს აძლევს. ქრისტინე იხსენებს ყველაზე მძიმე მომენტს მისი ცხოვრებიდან და მკითხველს საკუთარი და დათის შინაგან მდგომარეობაზე უყვება. მისი სიტყვები კი ნამდვილად ნუგეშის მომცემია ყველა განსაცდელში მყოფთათვის. ამ ინტერვიუს მიზანიც ეგ არის; ძლიერი დედა ამხნევებს სხვებსაც...
ქრისტინე მამუკაშვილი: მე და ირაკლის, ბოლო რამდენიმე წელი, ისედაც რთული და განსაცდელებით სავსე ცხოვრება გვქონდა, თუმცა დათის ამბავმა, რასაც ჰქვია, დააგვირგვინა ჩვენი პრობლემები… მადლობა უფალს, ამ ამბავმა არ გამაბოროტა და თითქოს, უფრო გამაძლიერა, როგორც რწმენაში, ისე - ფსიქოლოგიურად.
გულწრფელად ვამბობ, აღარაფრის მეშინია. ყოველთვის არსებობს რთული დღეები, მაგრამ მე სულ იმას ვთხოვ უფალს, რომ მოგვცეს ძალა და ნებისყოფა, რომ ბოლომდე ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ჯვარი.
სიმართლე გითხრათ, არაფერზე მითქვამს უარი, რასაც მანამდე ვაკეთებდი, უფალს არაფერს შევპირებივარ. თავიდან თითქოს ნაწყენი ვიყავი, უამრავი კითხვა მქონდა. არასდროს ცუდი არ მნდომებია არავისთვის, ყოველთვის ლაღ და პოზიტიურ ადამიანად ვთვლიდი თავს და მწყინდა, რის გამო დამსაჯა ღმერთმა-მეთქი? რატომ მაინც და მაინც მე? რატომ ჩემი შვილი-მეთქი? მაგრამ მერე, თითქოს უფრო კარგად გავიცანი უფალი, მეტად მივენდე და შევიყვარე… დღეს უკვე პიროვნული ურთიერთობა ვისწავლე მასთან, მამასავით მივმართავ და ველაპარაკები ხოლმე… მისი ნების გარეშე არაფერი ხდება და იმისიც მჯერა, რომ თუ აქამდე მოგვიყვანა, შუა გზაში არ მიგვატოვებს და ბოლომდე ფეხზე დამიყენებს შვილს.
***
ამ ამბავმა მასწავლა ის, რომ არაფერი ღირს სანერვიულოდ, გულს უნდა მოუსმინო, დატკბე ამ წამით და რაც არ უნდა მოხდეს, უფლის მადლობელი უნდა იყო, როგორი განსაცდელიც არ უნდა მოგივლინოს… უნდა იცოდე, რომ ეს შენს სასიკეთოდ ხდება და რაღაც კიდევ უფრო უარესს აგარიდა ღმერთმა. მთავარია, მას არ ჩამოშორდე. ის არის ერთადერთი, ვინც ძალას მაძლევს და არასდროს მივუტოვებივარ.
***
როდესაც ეს ამბავი მოხდა, მე და ჩემი მეუღლე ამერიკაში ვიყავით. იქ ღამე იყო, გვეძინა. არ ვიცი, რამ მაიძულა, რომ შუაღამეს წამოვხტი საშინლად გაღიზიანებული და დავიწყე ჩხუბი, რატომ ვარ აქ? მე აქ რა მინდა საერთოდ? დამეწყო საშინელი შფოთვა და მოუსვენრობა. ზუსტად ერთ საათში უკვე თბილისიდანაც დარეკეს.
ყველაზე უსუსურად გზაში ვგრძნობდი თავს. როცა საავადმყოფოში ბავშვი პირველად დავინახე რა მდგომარეობაში იყო, ბოლომდე არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს.
მეორე დღესვე დედა პარასკევა გვესტუმრა და მოაბრძანა მამა გაბრიელის შესამოსელი… წავიკითხეთ მამა გაბრიელის დაუჯდომელი და აცხო ზეთი… ეს იყო მომენტი, როდესაც ცხადად ვიგრძენი, რომ მამა გაბრიელი ჩვენთან იყო და არ მიგვატოვებდა ამ განსაცდელში. თითქოს ის იყო შუამავალი ჩვენსა და უფალს შორის და მართლაც, იმ დღის შემდეგ, მე არ დამიკარგავს რწმენა, რომ დათი იცოცხლებდა.
არ ვიცი, რამდენად სასწაულად შეიძლება ჩავთვალოთ ეს ამბავი, მაგრამ მოგიყვებით. დათიმ, გაღვიძებისთანავე, ჯვარი დაინახა, რომელიც საწოლთან ეკიდა. ხელის კანკალით ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით… არავინ იცის, სად იმოგზაურა და რა ნახა იმ პერიოდში, მაგრამ ფაქტია, რომ ჯვრის დანახვაზე ეს რეაქცია ჰქონდა.
***
არ ვიცი, ჩვენ, მე და ირაკლი რამდენად ძლიერები ვართ, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ის ადამიანები, ვინც გადაგვატანინა ეს ურთულესი პერიოდი, ღმერთმა გამოგვიგზავნა. თამამად ვიტყვი, რომ მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდით და კიდევ ერთხელ ვუხდი ამ უსაყვარლეს ადამიანებს მადლობას სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის.
ჩვენ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ეს მხოლოდ დასაწყისია და რა თქმა უნდა, სულ მხნედ ვერ ვართ…ურთულესია ის რუტინა, რასაც ჩვენ გავდივართ ყოველდღე… და რომ არა ჩემი მეუღლე, მე ამას მარტო ვერაფრით შევძლებდი. დათის მდგომარეობას თავიდან ბოლომდე ირაკლი მართავს და თავის თავზე აქვს აღებული ყველანაირი პასუხისმგებლობა.
ამ ეტაპზე ვართ ამერიკაში. იმისთვის, რომ შეძლონ პროთეზირება, დათის ესაჭიროება კიდევ 3-4 ოპერაციის გაკეთება. ჯერჯერობით, ვერავინ დავითანხმეთ ამ ოპერაციებზე და ვნახოთ… ჩვენ იმედს არ ვკარგავთ.
მანამდე აქტიურად ვვარჯიშობთ, რომ არ მოდუნდეს. წონის პრობლემაც გვაქვს და ვცდილობთ, ვაკონტროლოთ. ვერ ვიტყვი, რომ ფსიქოლოგიურად კარგად არის და შეეგუა ამ ყველაფერს. ხშირად ტირის, თუ რატომ მოხდა ასე, ეს ხომ მისი ბრალი არ არის?! მასაც უნდა, სხვებივით რომ ირბინოს და ითამაშოს. ბავშვებს შორიდან, გულის წყვეტით უყურებს ხოლმე. გული მიკვდება ამ ყველაფერზე, მაგრამ ვეუბნები, რომ მთავარია ცოცხალია და დანარჩენს ეშველება. უბრალოდ, დროის ფაქტორია და უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ ამისთვის.
ძალიან ხშირად არ უნდა სახლიდან გასვლა და ვარჯიში. არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჭრილობები დავუმუშავოთ და ეს ყველაფერი ძალიან დიდი ძალისხმევის, ხვეწნის, ნერვების და ჩხუბის ფასად გვიჯდება. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.
***
დათიკოს გადარჩენა თავიდან ბოლომდე სასწაულია, ჩემი აზრით, ყველაფერში იგრძნობა ღმერთის ხელი. არ გაგვწირა უფალმა და მოგვცა შანსი, რომ თავიდან დაგვეწყო ცხოვრება, ისე როგორც მას სურდა.
ცხოვრება გამოცდაა… რამდენად ღირსეულად გავივლით ამ გზას, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. შეცდომები ყველას მოგვდის, მთავარია, მისი დანახვა და გამოსწორება შევძლოთ…
ასევე დაგაინტერესებთ: