"განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა

kaxi

კახი კავსაძის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. ეპოქალური არტისტის წასვლა მტკივნეული იყო, თუმცა ავადმყოფობით, თითქოს შეგვაგუა, რომ უკვე მარადისობაში უნდა გადაენაცვლა... ერთხელაც მისი არყოფნის დღე დადგებოდა. 

85 წელი დაჰყო სააქაოში, თუმცა უზარმაზარი სიყვარულის დასათესად იკმარა. ბუნებრივია, სიცოცხლეც ენდომებოდა, თუმცა ბოლო დროს, რაღაცნაირად მარტოსულად გამოიყურებოდა. ის, რაც არ ეყო, საყვარელ მეუღლესთან ერთად გატარებული დრო იყო. 

სულიერ და ფიზიკურ ტკივილებს რაინდულად ებრძოლა, ისეთივე ფაქიზი ჟინითა და აღმაფრენით, როგორიც ცხოვრების უმთავრესი ქალის მიმართ გააჩნდა...

რაინდი არტისტის დაღლილ სხეულს 21-ე საუკუნის ვირუსმა ჯანმრთელობა ბოლომდე შეურყია და ქართველების საყვარელი კახი 27 აპრილს დაამარცხა...

"ჩვენ დედა ექიმი გვყავდა, ამიტომ მედიკოსებს ვაფასებთ. კახიმ რომ იავადმყოფა, ლევან რატიანი იყო მოსული სახლში, კახის სანახავად. ხშირად გვეკონტაქტებოდა და დაინტერესებული იყო მისი ჯანმრთელობით. არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ჭეშმარიტი მკურნალი ექიმია. თებერვალში მოსულმა ლევანმა მაშინვე თქვა, მიმყავს იმიტომ, რომ კლინიკაში მკურნალობა ჯობს და იქ ყოველგვარ კომფორტს შევუქმნითო. მართლა ასეც მოიქცა. არაფერი დაუკლია კახისთვის" - გვითხრა მსახიობის ძმამ, იმერი კავსაძემ.

კავსაძეებს შესაშური ძმობა ჰქონდათ. ბოლომდე ერთმანეთის მეგობრები და გულშემატკივრები იყვნენ.

იმერი კავსაძე: ჩემთვის კახი არც არსად წასულა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სულ ჩემს გვერდითაა. სამი წელი გავიდა, მაგრამ განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა. გულსატკენია, რომ გენატრება და გინდა ფიზიკურადაც რომ იყოს, თორემ ისე, აბსოლუტურად ჩემს გვერდშია, ყველა სიტუაციაში. 

 რატომღაც სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ. მისი ნომერი ახლა ირაკლის აქვს, თუმცა მე ისევ ძველებურად კახი მიწერია იმ ნომერზე. 

რომ ამბობენ, მიეჩვევიო. რას მიეჩვევი, კაცო, არ გადამრიო? როგორ შეიძლება, გარდაცვალებას მიეჩვიო. უბრალოდ ეგუები! მისი ყოველდღიური გვერდში ყოფნა გარკვეულწილად გამშვიდებს. 

ჩვენ ხომ ასე ვიყავით მიჩვეულები: დილიდან დაიწყებოდა ტელეფონზე დარეკვა, ან მე ვრეკავდი, ან - ის... ხშირად ის რეკავდა პირველი, რადგან ჩემზე ადრე დგებოდა. ხშირად ადრე რომ უნდა დაერეკა, ჩემი დეიდაშვილი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, აჩერებდა: ადრეა, კახი, სძინავს იმ კაცს, ძილი აცალეო.

ჩვენი დეიდაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზარდა, ცირა ხოშტარია (გიგოლაშვილი), ბოლო 17 წელია კახისთან ერთად ცხოვრობდა.

იცით, სადაც არ მიიხედავ და მოიხედავ, ყველაფერი კახის ხსოვნასთან არის დაკავშირებული. აბსოლუტურად ყველაფერი. აი, უბრალოდ ფრაზას რომ ვიტყვი, ისიც ჩემს ძმასთან კავშირშია. კახიმ რომ იცოდა, კახი ასე ამბობდა...

მასთან რომ ვიყავი სახლში და შინ დავბრუნდებოდი, მაშინვე გადავურეკავდი: კახო, მოვედი-მეთქი. ისიც ანალოგიურად. ახლა უკვე ჩვენს შვილებზე გადავიდა ეს ტრადიცია. ჩემი ვაჟიც რომ მიდის ჩემგან თავის სახლში, გადმორეკავს, სახლში ვარო. მეც ვურეკავ, დათკა, სახლში ვარ-მეთქი და მერე უკვე კახის ნომრის აკრეფა მინდა... ეს ჩვევაც აღარაა, ეს მოთხოვნილებაა...

ახალი წასული იყო, სხვადასხვა არხებზე ნანა ჯანელიძის ფილმი "ნეტავი, იქ თეატრი არის?" რომ გაუშვეს და მირეკავდნენ, ამ არხზეა, გადართე, უყურეო.

ეს ფილმი მე განსაკუთრებულად მიყვარს. დისკებზე გადავწერე და მეგობრებს დავურიგე. ყოველი გადაწერისას, ვამოწმებდი, როგორ გადაიწერა, გადაწერის ხარისხს ვაკვირდებოდი. თავიდან ბოლომდე ვუყურებდი და ამდენად, დეტალებში, ზეპირად ვიცი ეს ფილმი. მაგრამ ყველა ყურების დროს ისე აღვიქვამ, თითქოს პირველად ვუყურებ. მისი სახით დიდი ტილო შეიქმნა.

ფილმში კახი თავის თავს თამაშობს. მის ამ აქტიორულ თამაშს კი, უმაღლეს დონეზე ვაფასებ. კახის ნამუშევრებში საუკეთესო ფილმია. ძალიან მიყვარს "ცხელი ზაფხულის სამი დღე". კახის სამსახიობო ნამუშევარი კარგად ჩანს. მიყვარს მისი დონ კიხოტი...

ცირა ხოშტარია: ამერიკაში გულის ოპერაცია რომ გაიკეთა და ჩამოვიდა, მასთან მორიგი ვიზიტის დროს, რაღაც არ მომეწონა, გამხდარი მომეჩვენა. დამხმარე ქალი კი ჰყავდა სახლში, რომელიც ულაგებდა და ურეცხავდა, მაგრამ შევატყვე, კვების პრობლემა ჰქონდა. თვითონ არაფერს მეუბნებოდა. ამიტომ დავურეკე მისი ბავშვობის მეგობარს, გივი გადელიას: რა ხდება კახის თავს-მეთქი? შენ ვერ გეუბნება და ისეთი დიეტა აქვს დანიშნული, საზოგადოებრივი კვების ადგილებში ვეღარ იკვებება, ამიტომ პრაქტიკულად მშიერიაო. გამისკდა გული! მე ვიყავი ისეთი ადამიანი, ვისაც შეეძლო, რომ ამ საქმეში დახმარებოდა. თვითონ აბსოლუტურად უმწეო იყო მზადების ამბავში.

ვუთხარი, ხომ არ გინდა შენთან გადმოვიდე საცხოვრებლად და საჭმელი მოგიმზადო-მეთქი? როგორ არ მინდა, მაგრამ ვერ გეუბნებიო... ავდექი და გადავედი. მაშინ დიდი ჯაფა არ დამდგომია, დამხმარე ქალბატონი ალაგებდა და რეცხავდა, მე დიეტურ, უცხიმო, უმარილო სადილებს ვუმზადებდი. თან ვცდილობდი გემრიელი ყოფილიყო. მოკლედ, კახი მოვასულიერე და მოიკეთა კიდეც...

გამოვიდა ისე, რომ 15 წელი ვიცხოვრე მასთან. ისეთი ადამიანი იყო, რომ უცხოს სახლში ვერც აიტანდა. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უმწეო გახდა. მახსოვრობა დაუსუსტდა. ვერ მივატოვებდი. 

მსგავსად სიყვარულის გამცემი ადამიანი, მე იშვიათად მეგულება. დედამისიც ასეთი იყო. კახისაც ბევრი ადამიანისთვის ჰქონდა სიკეთე გაკეთებული. ქუჩაში რომ ვეღარც დადიოდა უკვე, მაინც არ გაუშვებდა ბავშვს ისე, რომ არ მოფერებოდა. სახელს ეკითხებოდა, რას თამაშობო, გამოელაპარაკებოდა. ასეთი იყო.

***

მახსოვს, 2008 წლის 23 ოქტომბერს ვარსკვლავი რომ გაუხსნეს და გაზეთი "პრაიმტაიმისთვის" კომენტარის ჩასაწერად დავურეკე, მითხრა:

"იცით, ვათვალიერებდი იმ დღის კადრებს... იმ მომენტში, როდესაც მე ვარსკვლავი გამიხსნეს და ზეიმი იყო, ვხედავ, იქვე იდგა პატარა გოგონა და ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა. გაბრწყინებული თვალები! ვფიქრობდი, კაცო, ამ პატარა გოგონას რა უხარია-მეთქი?! ჩემი ვარსკვლავის გახსნა უხაროდა! და მე მივხვდი! აი, იმ გოგონას გაბრწყინებულ სახედ ღირდა მთელი ჩემი შემოქმედება!!! ამად ღირდა!"

 ასევე დაგაინტერესებთ: 

"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან

"დედა, აქედან მოგეხმარები..." - 20 წლის გმირი, რომლის გამოცხადებით დედა ტაძრებს აშენებ