Exclusive: "რეკავს პოლიცია, ვიპოვეთ თქვენი შვილი, მორგში მობრძანდითო... იმ დღეს ლუკას ნახატზე ქრისტე გამოისახა... გზაში ვტიროდი, ღმერთო, თუ სადმე არსებობ, ერთი წუთით დამიბრუნე-მეთქი" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძის საოცარი ინტერვიუ შვილზე

mikadze-chikvaidze

ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ერთადერთია, ვინც საკუთარი ვაჟის მენტალურ პრობლემაზე ხმამაღლა საუბრობს. უამრავი ტაბუსა და სტიგმის მქონე ქვეყანაში, ფსიქიკური აშლილობა ერთ-ერთია, რასაც მშობლები არა თუ საჯაროდ განიხილავენ, ამ დაავადების მქონე შვილებს, სამკურნალოდ ფსიქიატრიულშიც არ აწვენებ, ემანდ ვინმემ არ დასცინოთ, მათკენ თითი არ გაიშვიროს, შვილი გიჟად არ მოუნათლოს და ასე შემდეგ. 

ანა ამბობს, რომ ასეთი გულახდილი ინტერვიუ "პრაიმტაიმს" იმიტომ მისცა, რომ მშობლები ფხიზლად იყვნენ, რომ ეს დიდი პრობლემა არ გამოეპაროთ. 

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: როდესაც ძალადობის ფაქტი გახმაურდება, მაშინვე ვინტერესდები მოძალადის ფსიქიკური მდგომარეობით. კაცმა შვილების თვალწინ ცოლს რომ ავტობუსში ყელი გამოსჭრა, მას მენტალობის პრობლემა აქვს. მე ეს მას სახეზე შევატყვე. 

ჩემს შვილს, ლუკას ჰქონდა დიდი მბრწყინავი თვალები. ცარიელი თვალები იყო. ერთ დღეს ეს თვალები გაშრა და დაწვრილდა. მრგვალმა თვალებმა ფორმა შეიცვალა და დაპატარავდა. არ მომეწონა, მაგრამ მე მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ჩემს შვილს მენტალური პრობლემა ეწყებოდა. სულ ამას ვიხსენებ, მე რა დედა ვარ, რომ ეს ვერ შევნიშნე-მეთქი. იმ ახალგაზრდა კაცს ცარიელი და დამშრალი თვალები დავუნახე. თუ შეამჩნიეს, რომ მენტალობის პრობლემა ჰქონდა, უნდა დაეწვინათ ფსიქიატრიულში. მაგრამ არა, რას ამბობ! ჩვენთან მკვლელი ურჩევნიათ ფსიქიკურად აშლილ შვილს. ამიტომ ვიღებთ ტრაგედიებს. 

ანა გვიყვება, რომ ლუკა ხუთი წლის იყო, როდესაც სტრესის ფონზე უშაქრო დიაბეტი განუვითარდა. ამან გამოიწვია ჰიპოფიზის კრიზის დაზიანება, თურქული კეხის მიდამოში არსებული რუდინენტი განილია, რამაც ფუნქციის მოშლის შედეგად, ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია. 

ეს სიცოცხლის მოყვარული და საოცრად საინტერესო შემოქმედი, ამაზე ხმამაღლა თავად რომ არ საუბრობდეს, ვერც კი შეამჩნევთ, რომ ამგვარად დიდი დარდის მატარებელია. 

 ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: - სამეგრელოში შორეულმა ნათესავებმა ბავშვები ტყეში წაიყვანეს, დატოვეს და აშინებდნენ - მგელი, მგელიო... ხუთი წლის ლუკაც იქ იყო. დედამ დამირეკა, ბავშვი სახლში მოვარდა, 20 ლიტრიანი ბიდონი მოიყუდა და დაცალა და კიდე იძახის, ბებია მწყურიაო. ხუთი წლის ბავშვს სტრესისგან უშაქრო დიაბეტი დაემართა. ბედად ჩამოსულები იყვნენ დორტმუნდელი ექიმები, ანტროპოსოფები (ალტერნატიული მედიცინა) და მათ გავასინჯე, ყველაფერი მოვუყევი, აიღეს ანალიზი და მითხრეს, რომ ეს უშაქრო დიაბეტია. გერმანელმა ექიმებმა პირდაპირ მითხრეს, ელოდეთ ცუდ შედეგს, ეს შეიძლება იყოს ლეტალური ფინალიცო.

გერმანელ ექიმებს არ აქვთ დანდობა, პირდაპირ გეუბნებიან დიაგნოზს და მოსალოდნელს. ლუკა პატარამ გავაჩინე და ახალგაზრდა ვიყავი. ამან ჩემზე ისე იმოქმედა, ყველგან ვტიროდი. ისე მოვიშალე, რომ მერე დავფიქრდი. მე თუ ახლა დარდისგან მოვკვდები, მერე ამ ბავშვს რა ეშველება, მარტო დარჩება და არავინ პატრონი აღარ ეყოლება-მეთქი. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ლუკას არაფერი დაემართოს-მეთქი. დავიწყე ბრძოლა...

ამასობაში ლუკას დაეწყო ზრდაში ჩამორჩენა. სკოლაში მოსწონდა გოგონები და სიმაღლეში რომ არ იზრდებოდა, განცდებსი ვარდებოდა. ბედად სიმაღლეში ზრდის პროგრამა გაჩნდა, ჩავრთეთ ამ პროგრამაში. სიმაღლეშიც გაიზარდა. ნელ-ნელა აგრესიებმა გამოვლენა დაიწყო. სამართლიანობის გადამეტებული განცდა აქვს. უბანში ყველამ იცოდა, რომ ლუკა თვალს არაფერზე დახუჭავდა. თუ ვინმე პატარას დაჩაგრავდა, ყველა ლუკასთან მოდიოდა საქმის გასარჩევად. ამის გამო განსაკუთრებული იმიჯი ჰქონდა და მისი ეს თვისება ვაჟკაცობად ითვლებოდა. ზედმეტად სამართლიანი ტიპის იმიჯი ჰქონდა.

ლუკას უბნის ცხოვრებაში მე არ ვერეოდი, არც ვიცოდი. ხატავდა კარგად. მასწავლებელი მოდიოდა სახლში და ასწავლიდა ხატვას. ერთხელ ქართულის მასწავლებელი ისე გაამწარა და ააღელვა, ქალი ლამის ფანჯრიდან გადახტა. რაღაცებს უკრიტიკებდა, სიტყვას არ უთმობდა. უთხრა, თქვენ ეს არ იცით, საბჭოთა ადამიანი ხართო და ასე შემდეგ. სასტიკად მოექცა და გადაუარა ამ არაჩვეულებრივი, ცნობილი პედაგოგის წარსულს. ამ ფაქტის შემდეგ ეს ქალი ჩვენთან აღარ მოვიდა. ლუკას საზოგადოებამ დაუწყო გარიყვა, რადგან ის ყველასთან კონფლიქტში იყო. 

სკოლაში მასწავლებელმა თქვა, ჩვენ თქვენთვის ასეთი კარგი სკოლა ავაშენეთო. 12-13 წლის ლუკა დგება და ეუბნება, თქვენი მეუღლე ამ სკოლაში მუშაობს? დიახ. თქვენი ქალიშვილი და ვაჟიშვილი? დიახ. ბიძაშვილი? და ასე ჩამოუთვალა ნათესაობა (კერძო ოჯახური სკოლა იყო) და ბოლოს უთხრა, ჰოდა, აბა, "სემეინი" ბიზნესი გაქვთ, პატივცემულო და რას გვამადლითო? დამიბარეს სკოლაში.

ამ ფაქტებს იმიტომ ვყვები, რომ დაგანახოთ, როგორი გამძაფრებული სამართლიანობა ახასიათებდა. თავის დამოკიდებულებას ვერ აკონტროლებდა და ადამიანებს გულს ისე სტკენდა, რომ ამას ვერც აცნობიერებდა. მასწავლებელი უცებ შეარცხვინა მთელი კლასის წინაშე. მინდა მშობლებმა, როცა მოსწონთ და ამბობენ, ვაიმე, ჩემი შვილი რა სამართლიანიაო, კარგად გაიაზრონ და გაარჩიონ, სამართლიანია თუ - სასტიკი. 

მაშინ ლუკას ფსიქიკური აშლილობის არაფერი ეტყობოდა და როცა ეს ამბავი სახლში გავარჩიეთ, მითხრა, აბა რა გინდა, მატყუარა ვიყოო? ამ მძიმე დაავადების ფონზე, ეს შეკითხვა სულ მოჰყვება და მისი მთავარი კონცეფცია ეს არის - უნდა იყოს მართალი და თუ მართალია თვლის, რომ ყველაფრის უფლება აქვს. მთა შორის, ადამიანებს სასტიკად მოექცეს.

ლუკასთან ურთიერთობაში მე დღემდე ღია ვარ. არ ვუმალავ, რომ მას ეს პრობლემა აქვს. ვცდილობ, რომ მან ეს აღიაროს. თუ ეს მოხდება და აღიარებს, რომ მას მენტალური პრობლემა აქვს, მაშინ პატარა იმედი ჩნდება, რომ შეიძლება ამ ქვეყნის მიმართ გული მოუბრუნდეს. რეალობაზე უარს ამბობს. ყველანი ცუდები, ფარისევლები და მატყუარები ხართ, მეც ასეთი ვარ, მაგრამ თქვენ ჩემზე ცუდები ხართო, აქვს პროტესტი. ბავშვობიდან განვითარებული სამართლიანობის გრძნობა, შეურიგებლობაში გადაეზარდა. რეალობასთან შეურიგებელია. 

სუიციდის მცდელობა არაერთხელ ჰქონია და როდესაც ამას განვიხილავთ, მეკითხება, ერთი მიზეზი მითხარი, რატომ უნდა ვიყო ცოცხალი, რატომ არ მიშვებ ამ სამყაროდანო? 

როდესაც გამწვავებული აქვს დაავადება, აგრესიულია. მახსოვს, სამი წლის მანძილზე დედას არ მეძახდა, შენ, ჰეი, მომმართავდა. მაშინ წამლებიც არ შველოდა.

ერთხელ ასეთი მისტიკური რამ დაგვემართა: ხუთი წლის წინ, ლუკა ერთი თვით დაიკარგა. 30 წლის იყო. ქარიანი მარტი იყო, წვიმა დაიწყო, შუქი ჩაქვრა... მაშინ სოფელში ვცხოვრობდით.

იცის, ასე დაკარგვა. აშლილობა ერთ წამში იწყება. უცებ ღიმილის ნიღაბი, ტირილის ნიღბით რომ შეცვალო, ასე ხდება. ერთ წამში ადამიანი "სხვაგან მიდის". მერე მედიკამენტების და ფსიქიატრის ჩარევის გარეშე, მისი მობრუნება შეუძლებელი ხდება.

სახლიდან რომ გავიდა, მეგონა, მეორე სართულზე ავიდა... ერთი თვე ვეძებე... მის ნახატზე რაღაც ფიგურებმა დაიწყო გამოჩენა, მათ შორის - ეშმაკმა. მისტიკაში გადავეშვით...

ეს ნახატი ცალკე თემაა. ცხენები დახატა. ექსპრესიული, ცეცხლის ენებში გახვეული მოძრავი ცხენებია. ლუკას ძებნის დროს შევხედე ამ ნახატს და ვამბობ, ფეხებთან რატომ ჩანს ეშმაკის გამოსახულება-მეთქი? ჩემმა უმცროსმა ვაჟმა, სანდრომ თქვა, ვაიმე, ნახა და აწი რა გვეშველებაო. მათაც შეუმჩნევიათ და არ მეუბნებოდნენ. სინამდვილეში ის იქ იყო ყოველთვის, მაგრამ ჩვენ ამ დროს შევნიშნეთ, ლუკას დაკარგვის დროს, მანამდე ვერ ვხედავდით. 

მაშინ არ ვხატავდი, ავიღე მასტეხინი და მწვანე საღებავით დავმალე. მეორე დღეს მეორე ადგილას გამოჩნდა ეშმაკი, მესამე დღეს სხვა ადგილას... ასე ამ პატარა ნახატზე (50/60-ზე) დახტოდა ეს გამოსახულება. 

ერთხელაც რეკავს პოლიცია, ვიპოვეთ თქვენი შვილი, მობრძანდით მორგში, ამოცანითო... იმ დღეს ნახატის მარჯვენა ზედა კუთხეში ქრისტეს გამოსახულება გამოისახა... მანამდე არც ის მქონდა შემჩნეული. გრზელი თმით, სწორი ცხვირით, დიდი შუბლით... ყველა ხედავს ქრისტეა. 

ლუკას ნახატზე ქრისტე გამოისახა, მივდივარ მკვდარი შვილის ამოსაცნობად. და გზად მიმავალს ემოცია მომეძალა, მანქანა გავაჩერე, მთელი ხმით ვტიროდი და ვამბობდი, ღმერთო, შენ არ არსებობ! ახლა რომ მივალ მორგში ჩემი შვილი იქ არ იქნება. ვგრძნობ, რომ ცოცხალია-მეთქი. თუ შენ სადმე არსებობ, ერთი წუთით დამიბრუნე, დედა დამიძახოს, სიყვარული დაუბრუნდეს, ამ ქვეყნიდან აგრესიით არ წავიდეს-მეთქი... აგრესიის დროს ყველა დადებითი ენერგია იკეტება და ადამიანი ბოროტების ფორმულა ხდება.

ქრისტემ დედის ტკივილი, ცრემლი, კივილი გაიგო და შვილი დამიბრუნა!

მორგში სხვა ადამიანი დამხვდა. საღამოს ლუკამ დამირეკა, დედა, აქ ვარ და წამიყვანეო... 

ამ ფაქტის შემდეგ არანაირი უფლება არ მაქვს ღმერთის არსებობაში ეჭვი შევიტანო. ასეთი ძალა მაჩვენა ღმერთმა. ყველის სახლი მქონდა პავლოვზე. შემოვიდა ბერი ნიკოლოზი ლომისის წმინდა გიორგიდან. ახალგაზრდა სალოსია, სულ მღერის და იცინის. დატვირთული ბიოგრაფიის ადამიანია. ავსტრიაში მადნეულის ბიზნესში იყო, ძალიან მდიდარი გახლდათ. ერთხელაც მიატოვა ეს ყველაფერი, დაბრუნდა საქართველოში. მიყვება, სულ ჩამესმოდა დედას ხმა, შენ უნდა გადარჩეო. მივაგდე ყველაფერი, ქალები, ნარკოტიკები, ქონება გავყიდე, გავაჩუქე, ჩამოვედი და სიონის ტაძარში ვინც პირველი ვნახე, მას ბრმად გავყევიო. ის იყო ლომისის წმინდა გიორგის მოძღვარი.  ლომისაზე გაჰყოლია მას და ბერად აღკვეცილა...

მას რომ ლუკას ნახატის ამბავი, მოვუყევი, იტირა... ცრემლით ტიროდა. გესმის, ანა, რამდენი ვიტანჯე, ბერი გავხდი და ერთხელაც არ მღირსებია ნიშანი ღმერთისგან, რომ ის ჩემთან არის. სულ ვეძალავები ჩემს თავს, ბრძოლები მაქვს, ხან რა მემართება, ხან - რაო. შენ ეს ცოდნა, რომ ღმერთი არსებობს, ლანგარზე მოგერთვა, გესმის, რამხელა მადლიაო. ეს სულ ცრემლებით მითხრა.

პირველად სუიციდური მცდელობა 19 წლის ასაკში ჰქონდა. იმდენი შეცდომა დავუშვით, რომ მაშინ ვერ მივხვდით, რომ ეს ფსიქიკური აშლილობა იყო... ასეთი რამ ახასიათებდა: დავუშვათ მივდიოდით ყველანი ზოოპარკში. უცებ ჩაცმულ-გამზადებული გამოაცხდებდა, მე არ მოვდივარო. ყურადღების ცენტრში ყოფნა და გამორჩეულობა სულ ახასიათებდა.

მატარებლები სად იძინებენ, ღამე სად მიდის მანქანა? ჭიანჭველას დედა ჰყავს? შეიძლება ეს გავტეხო? მისი დედა იტირებს? ემპათია დიდი რაოდენობით ჰქონდა. 

თავი რომ ჩამოიკიდა, ჩავთალეთ, რომ ამასაც ხუმრობდა. მაიმუნობად ჩავთვალეთ. ადამიანების თვალწინ აკეთებს ამას. ანუ მას მთლად სიკვდილი არ სურს. უნდა, რომ მისით განიმსჭვალო, მასზე ფიქრობდე, დარდობდე. ყურადღებას იქცევს.

რატომ გაქვს სუიციდური მცდელობები-მეთქი როცა ვეკითხები, მპასუხობს, მაინტერესებს სიკვდილის წამში რა ხდება, მაშინ, როდესაც იმ სამყაროში გადადიხარო. ასეთ დროს ამით იმართლებენ თავს, რომ ვითომ ეს ექსპერიმენტია. 

სამი წელი იცხოვრა ლონდონში. სწავლობდა. ოთხი თვე იქაც დაიკარგა. გაურთულდა დაავადება. როცა  ჩამოვიყვანეთ უკვე ჩამოყალიბებული ფსიქიატრიული პაციენტი იყო, რთულ მდგომარეობაში. ყრიდა სამოსს, თავის თავს ხმამაღლა ელაპარაკებოდა. ბოდვითი საუბრები ჰქონდა. გარემოსთვის და თავისი თავისთვის საშიში იყო და სამკურნალოდ ფსიქიატრიულში დავაწვინეთ. 

უკვე სამოსანი ექიმის დონეზე ვიცი ფსიქიატრიაში რაღაც-რაღაცები. თუ ხანგრძლივი მკურნალობა და ბევრი კომპონენტი არ არის ჩართული, სასურველი კარგი შედეგი, სამწუხაროდ, მხოლოდ მშობლის ფანტაზიაა. 

საქართველოში არ არის პრევენცია, რეაბილიტაცია. არის მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა. კლინიკაში მოთავსებამდე, წინასწარ, პრევენციისთვის არაფერი გვაქვს.

უნდა იყოს კვლევა, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდან შეამჩნიო, აქვს თუ არა მიდრეკილება ფსიქიკური აშლილობისკენ.

მესამე კლასში პირველი აგრესია რომ გამოხატა და კლასელ გოგონას ხელი გაარტყა,  ნიკოლაძეში მოხუც მასწავლებელს რომ მაგიდა აუყირავა, ამას ასაკობრივ ემოციებად ვხსნიდით. მსგავსი აგრესია უნდა შეამჩნიოს მშობელმა და ზომებს მიმართოს. გამამართლებელი ახსნა არ უნდა მოუძებნო. თუ პრობლემაა, უნდა მიხედო. მეც გამომრჩა და გვიან მივედით დასკვნამდე, რომ ლუკას მენტალური პრობლემა აქვს.

მშობლებმა ერთი წამი არ უნდა გამოტოვენ, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. განსაკუთრებით მაშინ, თუ თვითშეფასება დაბალი აქვს, არ მოსწონს გარეგნობა. საჭიროა საუბარი. ყველაზე სწორი პრევენცია - საუბარია. ფსიქოთერაპიაში სხვა მეთოდი არ არის. ის პაციენტს ესაუბრება. ადამიანებს ათასები უჯდებათ ფსიქოთერაპევტთან საუბრებზე სიარული.

ყველაზე კარგი ფსიქოთერაპევტია დედა. ჩემთვის ისეთი რთულია ლუკას ბოდვის მოსმენა, მაგრამ მე და ჩემი უმცროსი შვილი, ვუზივართ და ვუსმენთ. საკმარისია გაჰყვე ლოგიკაში, რომ მიხვდე, რომ რეალობასთან ახლოს არ არის.

ამ ტიპის ადამიანებს გამომგონებლობის პრეტენზია აქვთ. სულ ჰგონიათ, რომ სამყაროს გადარჩენა მათზეა დამოკიდებული.

ლუკას აკვიატებული აქვს ასეთი რამ, უნდა, რომ იპოვოს წყალი. რადგან ამბობს, რომ ერთ დღეს დედამიწაზე წყალი გაქრება. დახატა სქემა, როგორ გამოიმუშავებს კონდესანტით წყალს. მეუბნება, მე ხომ შენ ვერ გეხმარები, წადი რომელიმე დიდ კომპანიაში, მიყიდე ჩემი ერთ-ერთი იდეა და მდიდარი გახდებიო. განიცდის, რომ ვერ მეხმარება. მე რომ ფული მქონდეს, ლუკას იდეებში ფულს ჩავდებდი. არ მოყვეო, მეუბნება, ვიღაცები მოიპარავენ იდეასო. არ ვყვები...

აქვს ფანტასტიკური იუმორი. მე ხომ ახლახან დავიწყე ხატვა. მოვა, დახედავს და ამბობს, ვა, მომესწრო დედა, ხედავ შენო? კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ, გვერდიდან უყურებს თავს. ეს მცირე იმედს ტოვებს, რომ რაღაც პერიოდი იყოს კარგად. 

ექიმები მეუბნებიან, რომ კარგია იუმორი და ინტელექტი რომ აქვს შენარჩუნებული. ეს მცირე იმედს იძლევა...

ყველაზე ცუდი რაც შეიძლება დაემართოთ, ეს არის ხმები, რომელიც ჩაესმით. ლუკამ ისწავლა ხმებთან გამკლავება. თუ ხმა ეუბნება, უკეთური რამ ჩაიდინეო, კაი, დამანებე ერთი თავიო, პასუხობს და აგინებს.

ლუკა, ვის ელაპარაკები? აი, იმ დედააფეთქებულ ხმებსო. შენც ხომ ელაპარაკებიო, მეუბნება. ვუხსნი ყველა ელაპარაკება თავის თავს, მეორე მეს. კარგია, რომ შენ უბრაზდები და არ ემორჩილები მათ-მეთქი, ვეუბნები. როცა უჯერებს, მაშინ ზიანს აყენებს თავს. 

ამ დროს ესმის, გადახტი, იმას ჩაარტყი, დედა მოკალი, ძმა მოკალიო... უთქვამს, დედას ხომ არ მოვკლავ, ამიტომ ზიანს ჩემს თავს ვაყენებო. არასდროს არ ესმის კეთილი ფრაზები. ფსიქიატრიაში არ არის ახსნა, რატომ ესმით ყველაზე ცუდი ხმები. რელიგიაში შეპყრობილობაც ხომ ეს არის, ადამიანებს ნეგატიური ბრძანებები ჩაესმით.

როდესაც ნათელ პერიოდშია და მედიკამენტოზური მკურნალობით მდგომარეობიდან გამოდის, ხატავს, კითხულობს. ნახატებზე მუქი ფერებია. პატარა ფურცლებზე უბრალო ფანქრით გაუჩერებლად ხატავს რაღაც ტიპის ფიგურებს მზეებს, ურჩხულებს, ქრისტეს, ვარსკვლავებს. სტუმრად მისული ნახატს ჩუქნის მასპინძელს. უყვარს საათები, საინტერესო საათებს ყიდულობს. გაჩუქება მისი ცხოვრების მთავარი კრედოა. გიჟდება საჩუქრების ჩუქებაზე.

არ უყვარს ჩემი საქმიანობა. მეუბნება, რომ რძეს ვართმევთ ხბოს. აკვირდება მწერებს, ჭიანჭველას, უყრის საკვებს. გამადიდებლით უყურებს ყველაფერს... 

მინდა ყველა ამგვარი პაციენტის დედამ იცოდეს, არც ერთი წამით არ გადადოს შვილის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსება. 

მე ინტერვიუზე იმიტომ დაგთანხმდი, რომ მინდა მშობლებმა ძირითადი მომენტები ხელიდან არ გაუშვან.

ეს დაავადება იწყება დეპრესიით. ლუკას დეპრესიით დაეწყო. მაისური ამოიჩემა, არ ჭამდა. 

თუ ჩაიკეტა, ერთი და იგევე მაისური გაუხდელად აცვია, არ გამოდის ოთახიდან, არ სურს მშობლებთან საუბარი, ეს პრობლემა იწყება. ჭამაზე უარის თქმა უკვე სიმპტომია. კვებაზე უარს იმიტომ ამბობენ, რომ ეშინიათ, რომ ვიღაც მოწამლავთ. 

სწორი კომუნიკაცია არ გვაქვს ადამიანებს. საშოვარზე ვართ გადაგებული, შვილები სხვებთან იზრდებიან, დრო დაჩქარდა, ვერაფრისთვის ვიცლით. ამ დროს შენიანებთან ურთიერთობაზე ძვირფასი არაფერია. ამას არაფერი ცვლის. გაჯეტებში დაკარგული ბავშვები, ოჯახის წევრების ერთმანეთთან გაუცხოება ყველაზე დიდი პრობლემაა. შვილებს გასაზრდელად ბებიებს ან ძიძებს ვუტოვებთ. ახლა რომ თავიდან ვიწყებდე ცხოვრებას, ჩემს შვილებს ერთი წამით არ დავუტოვებდი არავის.

გარდა ამისა, ბავშვმა არ უნდა ნახოს მშობლების ჩხუბი, უფროსების მიმართ უპატივცემულობა. კარგავს თავის თავს და ორიენტაციას. სამყაროში იკარგება და მერე ზოგს ფსიქიკური აშლილობა კლავს, ზოგი დეპრესიაში რჩება, ზოგი ძალადობს... გაუცხოება, მარტო დატოვება, უყურადღებობაა ერთ-ერთი კომპონენტი აშლილობის. ამ მდგომარეობის აღსადგენად არანაირი ფული აღარ გიშველის, ეს არ სწორდება. 

ფსიქიატრებს ხანდახან მივყავარ მენტალური პრობლემების მქონე პაციენტების მშობლებთან, რომ მათ ველაპარაკო, როგორ ისწავლონ ამ პრობლემასთან ერთად თანაცხოვრება. გგონიათ მე არ მიჭირს? ღამეები მაქვს ცრემლსა და ტირილში გათენებული. 

აი, ასეთ რყევებს ვუმკლავდებით მუდმივათ...