"ტროლეიბუსი მახსოვს, კი... რა რომანტიკულად დაუწერია, გული ამიჩუყა..." - ნახეთ, რა მოგონებები აუშალა რეზო ჩხიკვიშვილს ანა მიქაძემ

rezo chxikvishvili

"დარაბებს მიღმა გაზაფხულია" რეზო ჩხიკვიშვილის ვარსკვლავად დაბადების სპექტაკლია. მიშა ბუკიას აღმოჩენილი "კოკა", იმ პერიოდის თბილისის გოგონების კერპად იქცა.

თურმე, სპექტაკლის დაწყებამდე, ფარდიდან თავს გამოყოფდა, დარბაზში მის მომლოდინე გოგონებს თვალს მოავლებდა - შენ არა, შენ არა... აი, შენ! აარჩევდა ლამაზ გოგონას, ჰაეროვან კოცნას გაუგზავნიდა და ფარდას ჩამოაფარებდა. მთელ სპექტაკლს მისთვის თამაშობდა. 

ქუჩაში თავისუფლად სიარული გამორიცხული იყო, სადაც დაინახავდნენ, გარს ეხვეოდნენ და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. თეატრში როგორ აპარებდნენ და უკანა გასასავლელთან მდგარი ფანების ჯარს, როგორ უსხლტებოდა, ცალკე სასაუბრო თემაა...

ყველის "ჯადოქარი" და მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, რეზო ჩხიკვიშვილზე სასიამოვნო მოგონებას აქვეყნებს.

მას კი "პრაიმტაიმმა" კიდევ უფრო სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. აი, რას წერს ანა ფეისბუქზე.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: ყველა გადარეულია რეზოს როლზე - კოკაზე, "დარაბებს მიღმა გაზაფხულია..." და მე, ოცდამეათედ ვესწრები და 30-ჯერზევე თვალებდასიებული გამოვდივარ და, მერე ტროლეიბუსით ვბრუნდები პეკინის 11-ში, სადაც მე და ჩემი უფროსი ბიძაშვილი ვცხოვრობთ, ბებიის დანატოვარ ერთოთახიან, სტუდენტურ ბინაში.

სირბილით მივასწარი ტროლეიბუსს და რას ვხედავ: ეს ჩემი ოცნების გმირი და მსახიობი არ დგას უკან, მთლად უკან და გეგონება კამერა მოჰყვება...

ღამეა. ტროლეიბუსის დიდი შუშა შიგნიდან დაორთქლილია და ის დგას... ქუჩას უყურებს.. ქუჩაც მოჰყვება.

მე აქაც მაყურებელი ვარ...

თვალს არ ვაშორებ. შემამჩნია და სულ ოდნა , სუულ სულ ოდნავ გამიღიმა..

ისე ვაწრუალებ ამ თვალებს, წესიერი კაცი ექიმზე იფიქრებდა.

სიფრიფანა და ცარიელი, დიდრინი თვალები ვარ..

ჩავიდა....

ჩავყევი და აი, ზუსტად გამოწერილივით დაცხო თოვამ.

"მატოორ" რომ დაიყვირის ვინმემ, არ გამიკვირდება.

კინოკადრია, მიდის რეზი - კოკა ჩემს წინ და ახლად დათოვლილ ქუჩაზე, მისი ნაბიჯების თვლით მივყვები უკან და ზუსტად მის ნაბიჯებზე დავხტივარ.

- მე მომყვებით... - ისე მოულოდნელად გაჩერდა და ამესვეტა, შევასკდი..

მე... მე... ბოდვები დავიწყე.

მე სპექტაკლიდან მოვდივარ. ამომიჯდა გული და მოვრთე ღრიალი.

თოვამ ისე იმატა. მთლად კარგად არ მახსოვს, თოვლს მწმენდდა სახიდან თუ ცრემლებს.

ნეტა თუ ახსოვს ის გოგო - ბავშვი...?

სახლამდე მომყვა.

სპექტაკლზე გელოდები... ხელები ტუჩებთან მიიტანა და დამიორთქლა.

წადი ახლა წაცუნცულდიო.

ორმოცდამეთექვსმტეჯერაც ვიყავი.

ტროლეიბუსებს გამოტოვებით ვაცილებდი.

მეტად არ შემხვედრია...

ანას პოსტი თავად რეზო ჩხიკვიშვილს გადავუგზავნე. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მსახიობმა, რომელზეც გოგონები გონების წასვლამდე იყვნენ შეყვარებულნი, ეს ფაქტი გაიხსენა.

აი, რა ემოცია მოგვარა 65 წლის მსახიობს ამ სასიამოვნო მოგონებამ.

რეზო ჩხიკვიშვილი: - ანას სახეზე ვერ ვიხსენებ, მაგრამ ეს ფაქტი გამახსენდა. ტროლეიბუსი მახსოვს, კი... 

რა რომანტიკულად დაუწერია, გული ამიჩუყა. რემარკის სტილში ატრიალებს სიტყვებს. ძალიან ვისიამოვნე... რა თბილი მოგონებაა...

ყოველდღიურად იმდენი მოვლენა ხდებოდა, რომ ყველას ვერ ვიხსენებ, ბუნებრივია. გარეთ, ქუჩაში გავლა არ შემეძლო. თინეიჯერი გოგონები თუ დამინახავდნენ, იწყებოდა წივილ-კივილი. ძალიან მეუხერხულებოდა. ამიტომ იმ დროს შავი ქუდითა და სათვალით დავდიოდი...

რა კარგი დრო იყო...